ახალი ამბები

განაჩენი ცოტნე გამსახურდიას

8 აპრილი, 2010 • 2162
განაჩენი ცოტნე გამსახურდიას

სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ხალხით სავსე დარბაზი სიჩუმემ მოიცვა. მანდატურებიც მობილიზდნენ განაჩენის მოლოდინში.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს ცოტნე გამსახურდიასთვის განაჩენი უნდა გამოეტანა.  

სასამართლო პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყო. მაშინაც სავსე იყო ხალხი, ხალხი გარეთაც იდგა და სასამართლო პროცესს დარბაზის კარის მინიდან აკვირდებოდა.

„სპეციალურად გამოყვეს პატარა დარბაზი, რომ სასამართლოში ყველა მსურველი არ შესულიყო, „ თქვა  „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ზეინაბ ჟიჟილაშვილმა.

პირველ საათსა და თხუთმეტ წუთზე პროცესზე მოვიდა კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, სასამართლოს არაობიექტურობის გამო, გადაწყვეტილება არ იქნებოდა გამამართლებელი.

შესვენების შემდეგ, გარეთ მყოფმა ხალხმა მაინც შეაღწია სასამართლო დარბაზში.

გამხდარი და წვერიანი ბრალდებული ცოტნე გამსახურდია სასამართლოს მინებიანი საკნის უკან იდგა.

დაცვის მხარემ – ადვოკატმა ქეთი  ბექაურმა, თავისი სიტყვა წარმოთქვა, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაზარალებული დავით ბაჯელიძე თავს არ ცნობს დაზარალებულად.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში დაზარალებული დავით ბაჯელიძე აცხადებს, რომ მას არ ჰქონია კონფლიქტი ცოტნე გამსახურდიასთან, პირიქით, ისინი მეგობრები და მეზობლები არიან.

ბაჯელიძემ ამბობს, რომ იგი ცოტნე გამსახურდიას არ დაუჭრია.

ბრალდების მხარემ, პროკურორმა მანანა მოსულიშვილმა განაცხადა, რომ მათ დაიცვეს დაზარალებულის– დავით ბაჯელიძის სიცოცხლის უფლება, რომელიც დაჭრეს მუცლის არეში.

სანამ მოსამართლე საბოლოო განაჩენს გამოიტანდა, სიტყვა ცოტნე გამსახურდიას მისცა. მან ხელში მწვანე ბროშურა აიღო – გაეროს ადამინის უფლებათა დეკლარაცია და  ჩამოთვალა ის პუნქტები, რომელიც მის მიმართ დაირღვა.

ცოტნე გამსახურდიამ საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მას სამეგრელოს გუბერნატორობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა ამ თანამდებობაზე. მან ასევე ისაუბრა, რომ მამის– ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დროს მას 2 მილიონი დოლარი შესთავაზეს. თუმცა არ დაუკონკრეტებია შემთავაზებლის ვინაობა და დაამატა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გვამის გადმოსვენება სახელმწიფოს „პიარისთვის სურდა“. სწორედ ამის, გამო, ბრალდებულის განცხადებით,  უარი თქვა მამის ნეშტის თვითმფრინავით გადმოსვენებაზე.  ამ საქმეში გარევაში ცოტნემ ძმა–გიორგი გამსახურდია დაადანაშაულა.

„ყველა ქვეშაფსიას სახელი უნდა დაერქვას„- თქვა მან ძმის მისამართით.

ბოლოს, ბრალდებულმა  თქვა რომ მზადაა ყოველგვარი განაჩენისათვის: ”რადგან ყველაფერი ღვთის ნებით ხდება”. 

მოსამართლემ 45–წუთიანი შესვენების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას 9 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს განზრახ მკვლელობის გამო და ასევე 236–ე მუხლით, (იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება )

განაჩენს დარბაზში  დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. „მკვლელებო!’’- ისმოდა დარბაზში.

„სირცხვილი!“– იძახდა ლაშა ჩხარტიშვილი,  რომელიც მანანა განსახურდიას გვერდით იჯდა განაჩენის გამოტანის დროს.

მანდატურებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ დააწყნარეს ხალხი, რომელთა შორის სოხუმიდან დევნილები და პარტია „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველოს“ წევრები იყვნენ.

გამსახურდიას ადვოკატი– ქეთი ბექაური აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში.   

წითელ სპორტულ პიჯაკსა და ლურჯ ჯინსის შარვალს კი, რომელიც ბრალდებულს დაკავების დროს ეცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მის ოჯახს დაუბრუნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი