ახალი ამბები

ასე გაიხსნა ევროპის სახლი ჩემთვის

7 აპრილი, 2010 • 1361
ასე გაიხსნა ევროპის სახლი ჩემთვის

ევროპის სახლთან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა, საღამოს 6:30 წუთზე უკვე რიგი იდგა, იმ ადამიანების, რომლებიც შესვლისთვის ნებართვის დადასტურებას ითხოვდნენ.

მეც მათ რიგებში ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ არც სიაში ვიყავი და არც აკრედიტაცია მქონდა, ევროპის სახლის წარმომადგენელთან წარდგენის და მისი ”ნეტგაზეთის” რედაქტორთან, ნესტან ცეცხლაძესთან გასაუბრების შემდეგ, შესვლის ნებართვა მივიღე.

ჟურნალისტების უმრავლესობა ევროპის სახლის მეორე სართულზე ავიდა, სადაც პრეზიდენტს და ევროკომისარ შტეფან ფულეს ელოდნენ.

 მე პირველ სართულზე დავრჩი და იმ სტუმრების გადაღება დავიწყე, რომლებიც პირველ სართულზე ერთმანეთთან საუბრობდნენ, ჭიქა ღვინით ხელში.

ჩემი კამერის ობიექტივში   ევროპის სახლის შემოსასვლელი მოხვდა. სადაც დაცვა იდგა და შემომსვლელებს ამოწმებდა. დაახლოებით 20 წამის მანძილზე ვიღებდი ამ ადგილს. შემდეგ კი მეორე სართულზე ასვლა გადავწყვიტე.

ასასვლელთან შემხვდა ქალბატონი, რომელმაც აკრედიტაციის ბარათი მომთხოვა. ავუხსენი მთელი ის პროცედურა, რომელიც შემოსვლისას გავიარე, თუმცა მან ჩემი მოსმენა არ ისურვა და ჩემი გადაღებული მასალის ნახვა ითხოვა. ვკითხე თუ ვის ვესაუბრებოდი და რატომ სურდა ჩემი მასალის ნახვა. ქალბატონმა მითხრა, რომ მე დაცვას ვიღებდი და ჩხრეკის პროცესს, რაც არ იყო ნებადართული. მიუხედავად იმისა, რომ არავის გავუფრთილებივარ კონკრეტულად ის ადგილი არ გადამეღო, დავპირდი, რომ თუ ეს მნიშვნელოვანი იყო მათთვის, მე არ გამოვიყენებდი ჩემი მასალის აწყობისას. როგორც ჩანს მისთვის სანდო პირი არ აღმოვჩნდი, ამიტომ გარეთ გაბრძანება მომთხოვა. მან ნატო ყანჩელთან, ევოპის სახლის დირექტორთან მიმიყვანა, რომელსაც ასევე არ ვიცნობდი და შესაბამისად კითხვაზე თუ ვინ ვიყავი და რა მინდოდა მანაც ვერ გასცა პასუხი ქალბატონს. ამასობაში 4–5 მამაკაცი შემომეხვია გარს, ერთსადაიმავე დროს მისვამდნენ კითხვებს და ჩემ ასავალ–დასავალს არკვევდნენ. კითხვაზე თუ ვისთან მელაპარა და ვინ მომისმენდა დაცვის უფროსი გამოეყო დანარჩენებს და პირველ რიგში ხარება მომილოცა. შემდეგ მომისმინა და მითხრა, ახლა წავშალოთ ის მასალა და შემდეგ მეორე სართულზე ადითო. ამასობაში ის გოგონაც გამოჩნდა, რომელმაც ევროპის სახლში შემიყვანა. ხმაური აქ კიდევ ერთხელ ატყდა. ოთახის ცენტრში, სადაც ათეულობით უცხოელი და ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იყვნენ, კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, ვინ ვიყავი და რა მინდოდა. გოგონა, რომელიც შესვლაში დამეხმარა, ამჯერადაც კეთილგანწყობილი აღმოჩნდა და დაადასტურა, რომ ევროპის სახლში კი არ შევიპარე , არამედ შემიშვეს. მართალია ჩემი გადაღებული კადრები წაშალეს, მაგრამ ასე გადავრჩი გაგდებას და ასე გაიხსნა ევროპის სახლი საქართველოში.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი