ახალი ამბები

არჩევნებში გამარჯვების ფორმულა

6 აპრილი, 2010 • 2915
არჩევნებში გამარჯვების ფორმულა

არჩევნებში გამარჯვებისთვის დიდი მნიშნელობა აქვს კარგ სლოგანს და კარგად დაგეგმილ პიარს ,ფიქრობს თორნიკე გურული, მედია–კომუნიკაციების ექსპერტი.

თორნიკე გურული იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელსაც კარგი საარჩევნო სლოგანი უნდა აკმაყოფილებდეს.

იდეალური სლოგანი 2 დან 4 სიტყვამდე უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს რთულ სიტყვებს, მოსახლოებაში „ჩემიას“ განცდას ბადებდეს და პოლიტიკური ლიდერის კონცეფციას და მიმართულებას გამოხატავდეს.

მერის არჩვენებამდე ორი თვით ადრე, დასახელებული სამი კანდიდატი, ირაკლი ალასანია (ალიანსი საქართველოსთვის), გია ჭანტურია (ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა) და ნიკა ივანიშვილი (სახალხო დემოკრატები) წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ.

მათი საარჩევნო სლოგანებიც უკვე ცნობილია. „ჩვენ შევცლით“ – ირაკლი ალასანია, „თბილისი ჩვენი სახლია“ – ნიკა ივანიშვილი და „დასაქმება და დაბალი ტარიფები“ – გია ჭანტურია.

ამ სამი სლოგანიდან თორნიკე გურული ყველაზე წარმატებულს გია ჭანტურიას სლოგანს უწოდებს. მისი თქმით, ამ სლოგანით ყველაზე მეტად შეიძლება არჩევნების მოგება, რადგან ის ფოკუსირებულია კონკრეტულ პრობლემაზე. თუმცა ამავდროულად გურული ფიქრობს, რომ სლოგანი ახალს არაფერს ამბობს, რაც მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

რაც შეეხება ალასანიას სლოგანს, გურული ყველაზე კრიტიკული სწორედ „ჩვენ შევცვლით“–ის მიმართ არი განწყობილი.

„ჩვენ შევცვლით“– ეს არის თარგმანი, (ბარაკ ობამას წინასაარჩევნო სლოგანი“change-we can believe in“) ინგლისურად უკეთ ჟღერს ვიდრე ქართულად, შესაბამისად, დაუსრულებული წინადადების განცდას იწვევს, რაც ადამიანებზე არასრულყოფილის განცდას უჩენს. 

გურულის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ჯგუფმა, რომელმაც სლოგანზე იმუშავა, ბევრი არ იფიქრა და გადათარგმნა უკვე ცნობილი სლოგანი.

თუმცა ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ ამ სიტყვაზე –ცვლილება– საავტორო უფლებები არავის აქვს. ალასანიას მთავარი აქცენტი, ცვლილებებია ყველა სფეროში და სწორედ ამიტომ აირჩიეს ეს სლოგანი.

„დიახ, იყო ობამას სლოგანი და მოიგო არჩევნები“,–ამბობს აბაშიძე.

„ეს ნიშნავს, რომ ცოტა იფიქრეს, კარგ სლოგანზე, რომელი  კონკრეტულად ქარველ ამომრჩეველზე იქნება გათლილი, რაც თავისთავად არ არის პოზიტიური“,–ამბობს გურული.

ნიკა ივანიშვილის საარჩევნო სლოგანი „თბილისი ჩვენი სახლია“ – გურულის თქმით  მიუხედავად იმისა, რომ ემოციურობის მომენტს შეიცავს, ძალიან მარტივია.

„სახალხო დემოკრატების“ წარმომადგენელი ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ სლოგანის იდეა, ფაქტიურად ექსპრომტად გაჩნდა.

 „ერთ–ერთ კომენტარში ნიკა ივანიშვილმა, როცა კითხეს, თუ რატომ სურდა თბილისის მერობა, განაცხადა, რომ თბილისი ჩემი სახლია და ამიტომ მინდა ჩემ სახლში ყველაფერი კარგად იყოსო, ამის შემდეგ ყველამ აიტაცა ეს  სიტყვები და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებას მოეწონა და ავიღეთ ეს სიტყვები სლოგანის სახით.“

ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან–დემორატების ერთ–ერთი ლიდერი, ისევე, როგორც ზურაბ აბაშიძე, ალიანსის გენერალური მდივანი ამბობენ, რომ სლოგანის ასარჩევად მათ პროფესიონალებს მიმართეს.

ფოკუს ჯგუფების გამოყენებას და სლოგანის „ტესტირებას“ საზოგადოებაზე  მედია–კომუნიკაციების ექსპერტი მერობის ყველა კანდიდატს ურჩევს. გურულის თქმით,სლოგანის ტესტირება უნდა მოხდეს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის მიმართ არის კეთილგანწყობილი და პირიქით, ადამიანებზე, რომლებიც არაკეთილგანწყობილები არიან პოლიტიკური ფიგურის მიმართ.

გურულის თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთვის დიდი მნიშნელობა აქვს კარგ პიარს და კარგად შერჩეულ სლოგანს. ასევე მედიით განთავსებულ რეკლამას,  გარე რეკლამის ათვისებას და ყველა იმ კომპონენტის ჩართვას, რომელიც საზოგადოებას კანდიდატების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ამა თუ იმ პარტიას აქვს გაწერილი,ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის. ერთადერთი, ვინც აღნიშნული სამი კანდიდატიდან თანხას ასახელებს, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობაა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, სარეკლამო მიზნებისთვის მათ 300 ათასი ლარი აქვთ გამოყოფილი.თუმცა ამ თანხას გარდა ბილბორდებისა, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის და ბუკლეტების გარდა, საწვავზე და სხვა ხარჯებზეც გადანააწილებენ.

„სატელევიზო რეკლამის გარკვეული ოდენობა უფასოა, ჩვენ დამატებას არ ვგეგმავთ, იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი თანხებთან არის დაკავშირებული“,–ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ზურაბ აბაშიძეც საუბრობს ტელევიზიაში რეკლამის განთავსების ფასზე.

 ”არა მგონია რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურ მოძრაობას არ ვგულისხმობ, შეძლოს ამის გამოყენება, რადგან თანხა არის ნაციონალურ არხებზე გაათმაგებული.“

აბაშიძე არ აკონკრეტებს თუ რა თანხა აქვს ალიანსს გამოყოფილი ირაკლი ალასანიას პიარისთვის.

„ყველაფერი რაც დაიხარჯება, იქნება გამჭვირვალე, ჯერ–ჯერობით ამის დამუშავება ახლა მიდის,საარჩევნო კამპანიის სტრატეგიიაზე ჯერ არ ვთვლით საჭიროდ საუბარს“,–ამბობს აბაშიძე.

თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიებში გამოყოფილი უფასო დროის გარდა, გამოიყენებენ ბილბორდებს, რადიო  რეკლამას, ასევე ბუკლეტებს კანდიდატის პიარისთვის.

ნიკა ივანიშვილის პარტიის მიერ ამ დრომდე დახარჯული თანხა, რაც უკვე განთავსებულ 16 ბილბორდს შეადგენს, 8700 ლარია.

„ეს იმდენად წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამიზნული არ იყო, უფრო გაცნობით ხასიათს ატარებდა“,–ამბობს“სახალხო დემოკრატების“წარმომადგენელი ნანა ბოლქვაძე.

პარტია „სახალხო დემოკრატები“ ასევე არ აკონკრეტებენ თანხას, რომელიც სარეკლამო მიზნებისთვის აქვთ გაწერილი. ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯერ არ არის სრულად დაანგარიშებული თუ რა თანხას მოიძიებენ ისინი, სარეკლამო მიზნებისთვის.

არჩევნებამდე კი 54 დღეა დარჩენილი. კანდიდატები, რომლებსაც სლოგანზე და სარეკლამო კამპანიაზე ფიქრი მოუწევთ, ჯერ კიდევ გასარკვევია. ამ დრომდე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ დაუსახელებია თავისი კანდიდატი, ეროვნული საბჭოს კანდიდატი კი პრაიმერის დასრულების შემდეგ, 9 აპრილს გახდება ცნობილი და ზვიად ძიძიგური ან კობა დავითაშვილი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი