ახალი ამბები

პატრუშევის განცხადების საფრთხეები

31 მარტი, 2010 • • 1169
პატრუშევის განცხადების საფრთხეები

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, ნიკალაი პატრუშევის განცხადება, რომ მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებაში საქართველოს კვალია, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ და საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ პატრუშევის განცხადება შესაძლოა რეალურ საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოსთვის.

„რეპრესიები დაიწყება ჩრდილოეთ კავკასიაში, ჯოხი გადატყდება ყველა კავკასიელზე. ეს არის რუსული სამსახურების კლასიკა. ამის მეორე ნაწილია ხელის გაშვერა, თავის შეცდომის გადაბრალება სხვა ქვეყანაზე, საქართველო ხშირად ხვდება ასეთ სიტუაციაში.“

უფრო მეტ საფრთხეს, ახალი ომის დაწყების თვალსაზრისით ხედავენ აღნიშნულ განცხადებაში ქრისტიან–დემოკრატები და მიმართავენ პრეზიდენტს დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხებს განიხილაბენ.

„ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება “ქართული კვალის” თაობაზე შესაძლოა გახდეს წინაპირობა ტერორიზმთან ბრძოლის დროშის ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად”, -აცხადებს ნიკა ლალიაშილი დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ საფრთხე საქართველოსთვის რუსეთიდან ამ განცხადებამდეც არსებობდა.

„ეს არის არადიპლომატიური და მტრული განცხადება მეზობელი ქვეყნის მისამართით, რაც აგრძელებს „საუკეთესო ტრადიციებს“ დანერგილს არა მარტო აგვისტოში , არამედ ათწლეულების განმავლობაში.“

მისი თქმით, პატრუშევი „კომუნისტებისთვის დამახასიათებელი ლოგიკით“ ხელმძღვანელობს, უგულებელყოფს რა ისეთ ცნებებს როგორიც არის მტკიცებულებების საჭიროება და უდანაშაულობის პრეზუმცია.

მამუკა არეშიძე კი პატრუშევის  განცხადების სავარაუდო გაგრძელებაზე საუბრობს:

„ერთ ქვაბში ჩაყრიან მახაჩკალის ტერაქტსაც, მოსკოვის ტერაქტსაც, აზერბაიჯანის განცხადებას, რომ იარაღი ტერაქტისთის აზერბაიჯანში საქართველოდან შემოდის,როგორც ეს გაკეთდა გუშინ.“

ამისთვის კი არეშიძის თქმით, კარგი ფონია შექმნილი. რადგან ცოტა ხნის წინ დამთავრდა სასამართლო პროცესი ქართველი ჯაშუშის, რომელიც იქ დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს, ამის გარდა უვადო პატიმრობა მიუსაჯეს რუსული გვარდიის ოფიცერს, ქართული გვარით.

„აი ამ ფონზე ახლა ააგორებენ პიარს, რომ ვიღაცა დამნაშავედ გამოიყვანონ“, ამბობს არეშიძე.

დავით ჯალაღანია ამბობს, რომ საქართველო პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებას ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კონკრეტული შეთავაზება აქვს საქართველოს მთავარობისთვის არეშიძეს. მისი თქმით, საქართველომ ღიად უნდა გამოხატოს ჩართვის სურვილი ტერაქტის გამოძიებაში და რუსულ „ფეესბეს“მოსთხოვოს დამადასტურებელი საბუთები საქართველოს კვალის არსებობის აღნიშნულ აფეთქებებში.

დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური უერთიერთობა გაწყვეტილი აქვს და ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო საზოგადოებაა.

„ჩვენი მოქმედებები და ბერკეტები არის საერთაშორისო ბერკეტებით აპელირება და დიპლომატია არა პირდაპირ რუსეთთან, არამედ იგივე ჟენევის ფორმატში, ან ჟენევის შეხვედრათა ფორმით არსებული საშუალებებით, მიეწოდოს ინფორმაცია და იყოს თხოვნა, რომ ყურადღება გამახვილდეს რუსულ ქმედებებზე“.

საგარეო საქმეთა სამინსიტროსაც საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური შეფასების იმედი აქვს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო შეფასებას მისცემს პატრუშევის პროვოკაციულ განცხადებებს. საქართველო, თავის მხრივ, პირნათლად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში“,– ამბობს ჯალაღანია.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის დაუფარავი უნდობლობით და დამცინავად ეკიდებოდა ასეთ განცხადებებს და არასოდეს განიხილავდა მათ სერიოზულად, რადგან საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრი და თავისი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი