ახალი ამბები

გეგუთის საპატიმროში გარდაცვლილ პატიმარზე

8 აგვისტო, 2011 • 1344
გეგუთის საპატიმროში გარდაცვლილ პატიმარზე

გაირკვა გეგუთის საპატიმროში გარდაცვლილი მსჯავრდებულის – გიორგი კვანტრიშვილის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი.

სხვა მსჯავრედებულები, რომლებიც მასთან ერთად გეგუთის ციხეში სასჯელს იხდიდნენ, აცხადებენ, რომ კვანტრიშვილმა თავი ჩამოიხრჩო. ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულებისგან მიიღო.

სიკვდილის წინ გიორგი კვანტრიშვილი სასჯელს კარცერში იხდიდა, თუმცა, უცნობია მისი კარცერში გადაყვანის მიზეზი.

კარცერი მცირე ზომის საპატიმროა, რომელსაც პატარა ფანჯარა აქვს, არასაკმარისი ფართის სრული ვენტილაციისთვის. კარცერის სიფართე და ჭერის სიმაღლე სხვადასხვა ციხეებში სხვადასხვაა.

გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 15 კარცერია. სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში საუბარია ამ კარცერების მდგომარეობაზე: “საპირფარეშოები შვიდ კარცერში ნახევრად იზოლირებულია, ხოლო დანარჩენ კარცერებში – სრულიად იზოლირებული. იქ მყოფი პატიმრები კვირაში ერთხელ სარგებლობენ აბანოთი, ასევე მაღაზიით, თუმცა მათ მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების შეძენის შესაძლებლობა აქვთ”.

სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პრევენციის ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს გიორგი კვანტრიშვილის საქმეზე.

სახალხო დამცველისთვის 2010 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ გეგუთის N# 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების პატიმართა უმრავლესობამ შიმშილი გამოაცხადა. მასობრივი შიმშილის მიზეზი იყო აღნიშნული დაწესებულების კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი კვანტრიშვილის გარდაცვალება.

სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ამ პატიმრებს, რომლებმაც დაადასტურეს შიმშილობის მიზეზი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პატიმრების კარცერში მოთავსება, ხშირად, უმიზეზოდ ხდება და ადგილი აქვს მათზე ფიზიკურ ზეწოლას სამართალდამცველების მხრიდან.

სახალხო დამცველმა გიორგი კვანტრიშვილზე სრული ინფორმაციის მოთხოვნით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უკვე მიმართა.

ასევე, ინფორმაციის მიღებიდან 21 დღის შემდეგ, სახალხო დამცველმა გეგუთის N# 8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალები შემდომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურორთან – მურთაზ ზოდელავასთან გააგზავნა. ნინო ერემაშვილის თქმით, ეს დრო (21 დღე) ამ საქმის მასალების შეგროვებას დასჭირდა.

საჯაროდ კი ეს ინფორმაცია პრეს-რელიზის სახით ომბუდსმენის აპარატმა 24 მარტს გაავრცელა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი