ახალი ამბები

ბურთი ალასანიას ლელოსთვის

4 მარტი, 2010 • 1109
ბურთი ალასანიას ლელოსთვის

„ხართ თუ არა თანახმა თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ირაკლი ალასანია დავასახელოთ”, -მიმართა საზოგადოებას ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის სასახლეში გამართული შეხვედრის ბოლოს  “ქართული აკადემიის” წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ.

„დაძაბული პოლიტიკური დღეების შემდეგ, მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ გამოიღვიძა, და დაინახა იმედი“–აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ. ეს არის შეხვედრა, რომლის დროსაც პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას.

საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალება წერილობით მისცეს. პატარა მაგიდასთან, სადაც რამდენიმე ქალბატონი იჯდა, დარბაზიდან წერილები იდებოდა.

კითხვები ძირითადად, ავლაბარში მშენებარე  შუშის ხიდთან დაკავშირებით, პოლიპატიმრების მდგომარეობასთან და აფხაზი და ოსი ხალხის ურთიერთობებს შეეხებოდა. 

ირაკლი ალასანიას პასუხები  შემდეგი იყო: როგორც ვიცი ეგ ხიდი 35000 000 მილიონი ჯდება, მაშინ როცა უმუშევრობის ასეთი სურათია, განათლების სისტემაში ამდენი პრობლემაა და მოუგვარებელია ჯანდაცვის სისტემა.

აფხაზ და ოს ხალხთან მიმართებაში კი, ასეთი პასუხი იყო:  ჩვენი მიზანი უნდა იყოს დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში და ამის შემდეგ პრობლემის მოგვარება ბევრად მარტივი იქნება.

„ჩვენ პოლიტიკოსებში პარტნიორები უნდა ვეძებოთ და არა მტრები, და ქუჩის   რევოლუციები შედეგს არ მოიტანს, საჭიროა რევოლუცია შეგნებაში“, –აღნიშნა ალასანიამ.

შეხვედრის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, რათა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდეს.

„მთავარია, თბილისელების 80 პროცენტი მოვიდეს არჩვნებზე და მერე ჩვენ დავიცავთ ჩვენს გამარჯვებას“,- თქვა მან.

 ქანთარიას განცხადებას კი, დარბაზი ოვაციით შეხვდა. “დღეიდან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ირაკლი ალასანია. იმედი მაქვს, რომ ეს წუთი და ეს წამი ჩვენ სანანებელი არ გაგვიხდება.

ბოლოს ალასანიას სიმბოლურად გადასცეს რაგბის ბურთი. როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, მან უნდა გაიტანოს ლელო და დადოს ეს ბურთი საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტის ოთახში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი