ახალი ამბები

სოზარ სუბარი ჟენევაში ვახტანგ კომახიძეს შეხვდა

25 თებერვალი, 2010 • 1225
სოზარ სუბარი ჟენევაში ვახტანგ კომახიძეს შეხვდა

“ალიანსი საქართველოს” თანათავმჯდომარე და ყოფილი ომბუდსმენი “ნეთგაზეთთან” აცხადებს, რომ ჟენევაში ის ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდა. კომახიძემ 8 თებერვალს მიმართა შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.

 სოზარ სუბარი, რომელიც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის მრჩეველის სტატუსით მონაწილეობს შეხვედრებში ადამიანის უფლებებზე, აცხადებს რომ კომახიძეს გუშინ ჰქონდა  7 საათიანი გასაუბრება ჟენევაში.

“საუბარი შეეხებოდა იმ მიზეზებს, რამაც იძულებული გახადა კომახიძე ჩამოსულიყო ჟენევაში და მოეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. სუბარი ამბობს, რომ კომახიძეს რამდენიმე დღეში ექნება “გარკვეული პასუხები”.

“გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არა პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსს, რამდენიმე დღეში არ იქნება, მაგრამ რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება, რომ თუკი ის საფრთხეები, რაზეც ვახტანგ კომახიძე საუბრობს და რამაც მას აიძულა მოეთხოვა თავშესაფარი, რეალურია – მაშინ მას რეჟიმი შეუმსუბუქდება და თავისუფალი მიმოსვლის საშუალება.  პრაქტიკულად, არ იქნება გამოკეტილი იმ ლაგერში, რომელიც ციხეს უფრო წააგავს ვიდრე საცხოვრებელს”– განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ კომახიძემ 11 თებერვალს  გაავრცელა განცხადება ინტერნეტით რომელშიც ჟურნალისტი აცხადებს, რომ იძულებული გახდა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მოეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, “რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი