ახალი ამბები

ოპოზიცია: ყველა ერთის წინააღმდეგ

24 თებერვალი, 2010 • 1750
ოპოზიცია: ყველა ერთის წინააღმდეგ

ირაკლი ალასანიამ ალიანსის გარეშე, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად  დაიწყო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, მერის საერთო კანდიდატზე შესათანხმებლად. მათ შორისაა ზურაბ ნოღაიდელიც.

 

რამდენიმე დღეში, საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან:  ზაზა მამალაძე თემურ ნანეიშვილი მიხეილ ომიაძე ზაქარია ქუცნაშვილი სოსო მანჯავიძე გოგა ხაინდრავა დაჩი ცაგურია ალექსანდრე ქანთარია და დვით მაღრაძე, თბილისის დიდ შეკრებას მოიწვევენ.

ამის შესახებ დღეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაზე საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ განაცხადა. შეკრება 13 საათზე დაიწყო და  მას  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  „საზოგადოებრივი დარბაზის“  ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ, შეკრების დაწყებამდე განცხადება გააკეთა. “ბრძოლის გზაზე გამოიკვეთება კანდიდატურა. ჩვენ ალასანიას ნაბიჯს მხარს ვუჭერთ. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოებაც მხარს დაუჭერს”, – თქვა დავით მაღრაძემ.

შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნონა გაფრინდაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ქანთარია , ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვა საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები, რომლებმაც ოპოზიციას შეთანხმებისკენ და ერთიან კანდიდატზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვა გააცნეს საზოგადოებას, საერთო მერობის კანდიდატის გამოსავლენად.

“ერთობისკენ ერთიანი კანდიდატისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომლისგანაც ჩვენ უკან აღარ დავიხევთ. როგორ შეიძლება ვინმე გავმიჯნოთ ამ პროცესისგან, ერთობისკენ სავალი გზა რთულია, მაგრამ პოლიტიკოსებს უნდა გვეყოს  პასუხისმგებობა, რომ შეთანხმების გზით შევძლოთ ეს გაერთიანება რომელიც არჩევნებში დაამარცხებს ხელისუფლებას.  ” თავისი გამოსვლის დროს განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით იგი  ერთიანი მერობის კანდიდატის სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოვლენის მომხრეა. და დარწმუნებულია, რომ  ის უთანხმოებები, რომელიც ფორმასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძლეული იქნება.

ირაკლი ალასანიამ ალიანსის გარეშე, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად  დაიწყო სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, მერის საერთო კანდიდატზე შესათანხმებლად.

“გამარჯვების სერიოზული შანსი გაჩნდა” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. წინასწარი არჩევნები, (პრაიმერი) ეს იქნება საზოგადოების გააქტიურების საშუალება. არავითარი რუსული ფული არ იქნება პრაიმერში, ყველა პარტია გადაინაწილებს პრაიმერის ხარჯებს და თვითონ დააფინანსებებს. “ჩვენთვის მიუღებელია ფორმულა ყველას მინუს ერთი, ყველას მინუს ორი, ჩვენთვის მისაღებია ფორმულა ყველანი ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ.” განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

“ვთხოვ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მემარჯვენეებს, რესპუბლიკელებს, ლეიბორისტებს, სახალხო ფორუმს, სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს გაერთიანდბენ ამ ერთობაში.” მიმართა ოპოზიციურ პარტიებს  კობა დავითაშვილმა.

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ჭადრაკის სახლში, „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა რომ იგი საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს მერის არჩევნებზე, ხოლო რაც შეეხება იმას, მისი პარტიას ეყოლება თუ არა მერობის კანდიდატი, ნოღაიდელმა  განაცხადა:  “ვნახოთ, შესაძლებლობას გააჩნია”.  მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა:  “იმედი მაქვს რომ ალიანსი არ დაიშლება“.

ზურაბ ნოღაიდელმა ჯერ კიდევ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ  თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე ოპოზიციის კონსულტაციებში ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება.

“ოპოზიციამ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატები უნდა წარადგინოს. არის სხვადასხვა მოსაზრება, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს კანდიდატების გამოვლენა, თუმცა ამაზე შევთანხმდებით. მთავარია, რომ ერთიანი კანდიდატით ვიბრძოლოთ სააკაშვილის წინააღმდეგ და დავამარცხოთ ეს რეჟიმი.  ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაწილე”, – განაცხადა ნოღაიდელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ალიანსში შემავალი პარტიები ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და შემდეგ ფორმულას სთავაზობენ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს “ყველა მინუს ნოღაიდელი.”

„პარტიებს შორის ბევრი განსხვავება არსებობს და შესაბამისად ნებისმიერი ტიპის ერთობა ბოლომდე მყარი ვერ იქნება, ვერანაირი მიზეზით ვერ ვითანამშრომლებთ იმ ძალასთან, რომელიც პრორუსულ კი არა პრაქტიკულად რუსულ პოლიტიკას აწარმოებს საქართველოში, ამ შემთხვევაში ნოღაიდელის პარტია მაქვს მხედველობაში დაყ ველა ის პარტია რომელიც იგივე პოზიციაზე დადგება. რაზეც ნოღაიდელის პარტია დგას.  ეს რომ შეუთანხმებლობა არსებობს ცხადია და ვადასტურებ ამას, მაგრამ ეს შეუთანხმებლობა სადამდე მივა ამაზეა საუბარი, თუკი ირაკლი ალასანია უარს იტყვის მის მიერვე გამოცხადებულ პრინციპებზე, ანუ მიდის პრაიმერში და თანამშრომლობს ნოღაიდელის პარტიასთან, მაშინ ჩვენი გზები იყოფა.“ განაცხადა ალიანსის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გუშინ.

 მის ამ  განცხადებას დღეს ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანია გამოეხმაურა “ბატონმა სოზარმა დააფიქსირა პოზიცია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთობის გამოკვეთის ერთერთ ფორმას ემხრობა, არანაირად არ ყოფილა დაფიქსირებული, პოზიცია რომ ჩვენ ვემიჯნებით ამა თუ იმ პროცესებს. მან აღნიშნა რომ სოციოლოგიური გამოკითხვების გზით გამოიკვეთოს ერთიანი კანდიდატი ამას უჭერს მხარს. დღეს იქნება განხილვები ამ საკითხზე, რომელი ფორმაა უკეთესი და საჭირო. ნოღაიდელის კანდიდატურა, რამდენადაც ვიცი, არ არის დაყენებული თბილისის მერის არჩევნებში, ასე რომ მე აქტუალურად ამ თემას არ ვთვლი.  შესაძლებელია კონსულტაციებში მისმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს, ეს მათი გადასაწყვეტია” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.  მისივე თქმით, ზურაბ ნოღაიდელს არა ყავს საკუთარი კანდიდატურა, მერის არჩევნებზე და აქედან გამომდინარე ალასანიას აზრით ნოღაიდელის მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში აქტუალობას კარგავს: “ნოღაიდელთან დაკავშირებული პოზიციები მე არაერთხელ მითქვამს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების არც ერთი ფენა, არც ერთი ნაწილი არ უნდა გავრიყოთ პროცესებიდან” – ამბობს ალასანია.

უახლოეს დღეებში, პოლიტიკური პარტიები  უნდა შეთანხმდნენ, თუ რომელი ფორმით უნდა გამოვლინდეს ერთიანი მერობის კანდიდატი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი