ახალი ამბები

ჟურნალისტის გაქცევა – პირველი სერია

17 თებერვალი, 2010 • 1498
ჟურნალისტის გაქცევა – პირველი სერია

“არანაირი ამბიცია არ მალაპარაკებს. უბრალოდ, შეურაცხყოფილი ვარ. მე ბოროტმოქმედების ხახაში აღმოვჩნდი…
ამიტომაც დავუსვი ჩემს ტანჯვა-წამებას წერტილი და არაფრის გაკეთებას აღარ ვაპირებ საქართველოში…

კამათს და დავას მაშინ აქვს აზრი, როცა მეორე მხარეს რეალურად განსხვავებული პოზიცია აქვს. როცა თვალთმაქცობენ, ე.ი. თვალთმაქცობენ და რაც გინდა უთხრა, მაინც ითვალთმაქცებენ…
ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ… ჩემები? არ ვიცი, ჩემთან ერთად ყოფნა უფრო სახიფათო იყო მათთვის…”

ეს იყო ჩემი და ვახო კომახიძის ერთ-ერთი ბოლო საუბარი სკაიპში. ვენიდან მელაპარაკა. ჟენევაში აპირებდა გადასვლას. მაშინ არც მიფიქრია, რომ ამ საუბარს გამოვაქვეყნებდი და ახლაც მასთან შეუთანხმებლად ვაკეთებ ამას. ამის გამო ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვახტანგის პიროვნებაზე ყველგან საუბრობენ, როცა აფასებენ მას, როგორც პიროვნებას და როგორც ჟურნალისტს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ტელევიზიამ ყველაზე არაეთიკური სიუჟეტი მოამზადა, რაც კი ოდესმე მინახავს ქართულ ტელესივრცეში, ვახტანგის პირად ცხოვრებაზე, გადავწყიტე, რომ ამ ყველაფერზე მეც უნდა ვთქვა.

გამომძიებელ ჟურნალისტს _ ვახო კომახიძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ არ მახსოვს, ასეთი გულგატეხილი სხვა დროსაც რომ ყოფილიყო. ვახტანგი ჯერ კიდევ საქართველოში იყო, როცა გავიგე, რომ ემუქრებოდნენ; ვიცოდი, ღამით რომ დახვდნენ სადარბაზოში და უთხრეს, თუ არ გაჩერდები… ჰო, შვილები უხსენეს და სიცოცხლე… მე, როგორც ერთმა ადამიანმა, არ ვიცოდი რანაირად შემეძლო მისი დახმარება. რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვნერვიულობდი…

გასულ კვირას კი ყველამ გაიგო, რომ ვახტანგი პოლიტიკურ თავშესაფრს ითხოვდა ევროპაში, რადგან მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველგან _ რეალურ ცხოვრებაში თუ ინტერნეტში, მესმოდა კითხვები, ეს რა ხდება? რა ვქნათ? მე კი მშვიდად ვიყავი და ამის მიზეზიც მქონდა _ მიხაროდა, რომ კომახიძემ ცოცხლად გააღწია საქართველოდან…

თუმცა მარტო ეს კითხვები არ გასჩენია საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს _ ზოგს მიაჩნია, რომ კომახიძე არაეთიკური ჟურნალისტია, ზოგიც ამტკიცებს, რომ 45 წლის ჟურნალისტმა, საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად ააგორა ეს სკანდალი. რა მარტივია არა, მიატოვო საქმე, სახლი, შვილები და გადაიხვეწო იქ, სადაც არ იცი, რა უნდა გააკეთო?
ეს და კიდევ ბევრი სხვა კითხვა რომ არ გაჩენილიყო, ანუ ამ ყველაფერზე ფიქრი რომ არ დაეწყოთ ადამიანებს, შესაშური ოპერატიულობით იზრუნეს. ეს საქმე ითავა რეალ ტვ-იმ _ ტელევიზიამ, რომელსაც მხოლოდ თბილისში უყურებენ და რომელსაც ამ ქალაქში დონაძის ტელევიზიას ეძახიან (არაოფიციალური ინფორმაციით, რეალ ტვ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელევიზიაა).

დევნილი ჟურნალისტის განცხადება ქართულ საიტებზე 6 თებერვალს, ღამით გამოქვეყნდა. 7 თებერვალს, 12 საათისთვის, ანუ მაქსიმუმ სამ საათში, რეალ ტვ-ის ჟურნალისტმა ამოქექა 29 წლის წინანდელი ისტორია და სცადა ეს ამბავი, შვილებთან ერთად, მთავარ კომპრომატად ექცია “კომახიძის საქმეში”. ჩაწერა ხუთი რესპონდენტი, მათ შორის თბილისს გარეთ, არქივში მოძებნა კადრები, სოციალურ ქსელში _ თბილისის ფორმუზე ტექსტები. იქ კომახიძის კავშირებზე წერდნენ ოსეთთან, რუსულ ფულთან… მერე ეს ყველაფერი დაამონტაჟა და ეთერშიც გაუშვა. და ამ საქმის შესასრულებლად მხოლოდ სამი საათი დასჭირდა…

ვისაც ტელევიზიასთან შეხება აქვს, იცის, რომ ამ სამუშაოს შესრულება ასე მოკლე დროში შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რეალ ტვ-ი არ დაინტერესებულა ჟურნალისტს მართლა ხომ არ ემუქრებოდა საფრთხე; არც იმით დაინტერესებულა, რის გამო გახდა იძულებული ვახტანგ კომახიძე თავშესაფარი სხვა სახელმწიფოში ეძებნა…

აი, რატომ მგონია, რომ ეს სიუჟეტიც 7 თებერვლამდე ბევრად ადრე, წინასწარ იყო მომზადებული და შესაბამის დროს ელოდა.

და რა გამოდის? _ იმათ, რომლებიც სადარბაზოში დახვდნენ ჟურნალისტს, სიუჟეტიც წინასწარ მოამზადეს იმისთვის, რომ ადამიანებს ფიქრი არ დაეწყოთ და ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდათ.

თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში კიდევ არის იმის საშუალება, რომ ალტერნატიული წყაროსგანაც გაიგო ინფორმაცია. და ამ ალტერნატიული წყაროს მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში დევნილი ჟურნალისტის მეგობარი _ ბესო კურტანიძეა, კომახიძე მუშაობდა ფილმზე, რომელიც აგვისტოს ომს, ომში მიტოვებულ მშვიდობიან მოქალაქეებს და პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის _ ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან გამოყვანასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა.

ისე, ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით, კითხვებსაც სვამენ.

როგორ დავეხმაროთ თავისუფალ მედიას? რა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს? ეს კითხვები მაყურებელმა ჩემს თანამშრომელს, ირმა ზოიძეს,  25-ე არხის ეთერშიც დაუსვა. ირმა იმ გადაცემის სტუმარი იყო, რომელშიც ვახტანგ კომახიძის ბოლო განცხადებაზე მსჯელობდნენ. ირმა ძალიან ეცად, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა…

მე კი მგონია, რომ საქართველო ახლა უერთდება იმ ქვეყნების რიგს, საიდანაც ჟურნალისტები იძულებულნი არიან გაიქცნენ. და პასუხიც მარტივდება _ რადგანაც ჩვენ ამ საქმეში პირველები არ ვართ, ამ პრობლემის გადაჭრისთვის ახალი გამოგონება სულაც არ არის საჭირო.

და მგონია, ამის მიხვედრას დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება…

მასალების გადაბეჭდვის წესი