ახალი ამბები

ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება

16 თებერვალი, 2010 • 1673
ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება

ამომრჩეველთა სიის მხოლოდ ორკვირიანი მონიტორინგის შედეგად სიიდან 90 ათასზე მეტი მოქალაქეა ამოღებული. რესპუბლიკური პარტია  მთავარ პროკურორს მიმართავს გამოიძიოს  7 ათასი მოქალაქის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაადგინოს ის მოხელეები,  ვინც ”გააყალბა მოქალაქეების სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდნენ ისინი”.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2010 წლის 1 თებერვლისთვის 3 მილიონ 677 ათას 795 მოქალაქის მონაცემი გადასცა. მისი დამუშავების შედეგად კი, ამ ეტაპისათვის ბაზაში 3 მილიონ 587 ათას 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის მონაცემია წარმოდგენილი.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა ”კარდაკარ” შემოიარეს ის მისამართები, სადაც ბევრი ადამიანი იყო რეგისტრირებული: ”მესაკუთრეებს მოვახსნევინეთ რეგისტრაციიდან ეს ხალხი”. მისი თქმით, სააგენტოს შეუძლია 3 დღეში გამოასწოროს ის შეცდომა, რასაც პარტიები დააფიქსირებენ.

პოლიტიკური მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდებს გაააქტიუროს მუშაობა და აღმოფხვრას სიებში უზუსტობები. მისი განცხადებით, სიებში დაფიქსირებულია არარსებული მისამართები,  და ბინებში მობინადრეთა რაოდენობა გაზრდილია.

“საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების ფონზე ძნელად დასაჯერებელია, რომ ქვეყანაში ბოლო 6 წლის განმავლობაში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილიყო 1 მილიონ 120 ათასით – აცხადებს ტყემალაძე. მისივე თქმით არის მაგალითები, როცა ერთ ბინაში მიწერილია  10, 20, 30 და კიდევ უფრო მეტი ამომრჩეველი.

„მილიონ ორასი ათასი არ ყოფილა სხვაობა” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიზო მჭედლიძე– “2004 წლის არჩევნებზე სიაში მოსახვედრად საჭირო იყო  საარჩევნო რეგისტრაცია და მე, მაგალითად, რეგისტრაცია არ გამივლია და სიაში არ ვყოფილვარ. ვინც არ მივიდა, ის არ დარეგისტრირებულა.  2004 წელს, რომელსაც ახსენებს ბატონი ტყემალაძე, ვინც მივიდა უბანზე და დარეგისტრირდა, ის იყო ამომრჩეველი. ზოგი საქართველოში არ იმყოფებოდა.  მაშინ სია შედგა სხვა პრინციპით”.

მჭედლიძე ამბობს, რომ ” ეს ძალიან კარგად იცის ტყემალაძემ, უბრალოდ ციფრებით თამაშობს“.

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ამ სხვაობაზე (მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი)  “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს:  „ეს ნიშნავს, რომ გიზო მჭედლიძე ადასტურებს–   ამდენი ადამიანი არ იმყოფება საქართველოში. ისინი  ვერ მოვიდოდნენ და წინასწარ რეგისტრაციას ვერ გაივლიდნენ. 2004 წელს, წინასწარი რეგისტრაციით სიების შედგენის დროს,  უკანონობა ის კი არ არის, რომ დღეს ისინი სიაში არიან, უკანონობა ისაა, რომ ამ ადამიანების გასწვრივ გრაფაში არაა მითითებული,   რომ ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. ეს საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, რომ ამ ადამიანებით მანიპულირება მოახდინოს”.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამომრჩევლების სიების გადამოწმება 15 მარტს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს შეუძლებელია, ვინაიდან პოლიტიკურმა პარტიებმა ჩასწორებული სიები დაგვიანებით მიიღეს, რის გამოც სიების გადამოწმებას ვერ მოასწრებენ. ბაღათურიას თქმით, მონიტორინგის დროს თუკი აღმოჩნდა, რომ მოქალაქე საარჩევნო სიაში არ არის, ამის დასაფიქსირელად და ბლანკის შესავსებად სულ მცირე 20 წუთია საჭირო.

„როცა მოგვმართა ჯონდი ბაღათურიამ მაშინ მივაწოდეთ“ – პასუხობს ამ საკითხზე კომენტირებისას  გიზო მჭედლიძე.

თინა ხიდაშელის თქმით  “ალიანსმა საქართველოსთვის” თბილისის ის საცხოვრებელი ბინები გადაამოწმა, სადაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 და მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.  მისი თქმით, ეს ადამიანები ფიგურირებდნენ  სიებში, რომელიც ცესკოს-გან 9 თებერვალს მიიღეს, თუმცა 12 თებერვალს გადაცემულ ვერსიაში 7 000 ადამიანი საერთოდ გაქრა სიებიდან ჩანაწერით  – ”მოხსნილია რეგისტრაციიდან მესაკუთრის განცხადებით”.  მან გაავრცელა სამი კონკრეტული ბინის მისამართი მასში რეგისტრირებული პირების (48, 55 და 71 ოდენობით) სიებით.

რესპუბლიკური პარტია მიმართავს მთავარ პროკურორს გამოიძიოს ამ 7 000 მოქალაქის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაადგინოს ის მოხელეები,  ვინც ”გააყალბა მოქალაქეების სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდნენ ისინი”.

ცესკო-ს თავმჯდომარემ  ზურაბ ხარატიშვილმა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხო პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ”სიებში არსებობს გარკვეული უზუსტობები, თუმცა ის ჩვენი შეფასებით, არ აღემატება საერთო რაოდენობის 1%-ს”. მისივე თქმით, უზუსტობების შესახებ ინფორმაციით ცესკო-სთვის არავის მიუმართავს. მან მოუწოდა პარტიებს აღმოჩენილი ხარვეზები ცესკო-ს წარუდგინონ წერილობით, რათა ”მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება”.

2010 წლის 1 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  მონაცემთა ბაზა გადასცა, სადაც  3 მილიონ 677 ათას 795  საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეა დაფიქსირებული. ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია  საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით დაამუშავა და საბოლოოდ  დღეისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირდა  3 მილიონ 587 ათას 425 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქის მონაცემი. ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოღებულია:

23 429- აფხაზეთიდან დევნილი (სტატუსის გარეშე)  უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები;
31 323- უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მხოლოდ სხვა ქვეყნის მისამართები აქვთ მითითებული ;
44 043- გარდაცვლილები;
ამ სიას ემატება:
6 852- მესაკუთრის  განცხადების  საფუძველზე მოხსნილი მოქალაქეები.

სიების გადამოწმება 12-მა პარტიამ შეთანხმებულ ვადაზე ( 5 თებერვალი) რამოდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო. სიების გადამოწმება 15 მარტისთვის უნდა დასრულდეს,  შედეგები კი ცესკოს 31 მარტამდე წერილობით უნდა ეცნობოს.
ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი