ახალი ამბები

ქართველი მოციგავის შეურაცხმყოფელი გვერდი წაშლილია

15 თებერვალი, 2010 • 1215
ქართველი მოციგავის შეურაცხმყოფელი გვერდი წაშლილია

გვერდი, რომელიც ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე შეიქმნა და რომელზეც ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის კარიკატურები იყო გამოქვეყნებული, წაშლილია.

“მოკლედ ვიღაც ნაძირალამ შექმნა ჯგუფი, სადაც გარდაცვლილი ქართველი სპორტსმენის სურათებია, კარიკატურები!  ვინაიდან ბევრი ქართველი და უცხოელი არ აკვირდება სად წევრიანდება 8000 ადამიანი, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ არ გაწევრიანდეს ხალხი” – ეს ინფორმაცია FACEBOOK-ზე მომხმარებელმა “ქართული ფეისბუქი” გაავრცელა და  ყველას თხოვა ამ ინფორმაციის გავრცელება.

ინტერნეტ მომხარებლების აქტიურობის შედეგად ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვლის შეურაცხმყოფელი კარიკატურები სოციალურ ქსელიდან ადმინისტრაციამ უკვე წაშალა.

“ამასთან დაკავშირებით თბილისის ფორუმზეც აქტიური დისკუსია იყო. გავაპროტესტეთ ეს სურათები და facebook–ის ადმინისტარციამ წაშალა, თუმცა  მეორე დღეს იგივე ჯგუფმა ისევ განათავსა ახალი კარიკატურები” – უთხრა “ნეტგაზეთს”  ირინა გვიმრაძემ – “ამ აქტივისტებიდან ერთ-ერთს  გავესაუბრე (Mud Kip–ს). მან მითხრა რომ კანადელი იყო.  რა თქმა უნდა, ეგ არის ტყუილი. მე ასე მგონია. რატომ აკეთებთ ასეთ სურათებს,  რომ ვკითხე, აღარ მიპასუხა და დამბლოკა.  მისი ერთ-ერთი კარიკატურის სათაური იყო ნოდარის სურათზე გაკეთებული წარწერა “ნახვამდის ტკბილო პრინცესა” და ა.შ”.

იმის გამო რომ შეურაცმხყოფელი გვერდის სათაურიდან ნათლად არ ჩანდა, რაზე იყო გვერდი, მისი წევრების (ფანების) რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა. თუმცა მოგვიანებით ბევრმა დატოვა, რადგან ფეისბუქის სხვა წევრები მოუწოდებდნენ და აგზავნიდნენ საინფორმაციო შეტყობინებებს გვერდის შინაარსთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ფეისბუქზე გვერდი წაშლილია, მომხმარებლებმა კი ახალი გვერდი შექმნეს, სადაც ოლიმპიადაზე ქართული გუნდისთვის სპეციალური პრიზის გადაცემას ითხოვენ. ჯგუფს 15 თებერვლისთვის უკვე 5 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.
ნოდარ ქუმარიტაშვილს საქართველოში 17 თებერვალს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

21 წლის ქართველი მოციგავე 13 თებერვალს ვენკუვერში, საციგურაო ტრასაზე ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. ნოდარ ქუმარიტაშვლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი