ახალი ამბები

ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია თბილისსა და ბათუმში

13 თებერვალი, 2010 • 1331
ვახტანგ  კომახიძის მხარდამჭერი აქცია თბილისსა და ბათუმში

„შეწყდეს ჟურნალისტების დევნა“, „მხარი დაუჭირეთ ვახტანგ კომახიძეს“, „ერთად დავიცვათ ჟურნალისტის უფლებები“ – ასეთი ტრანსპარანტებით დღეს მედიის წარმომადგენლებმა ბათუმსა და თბილისში აქცია გამართეს.

აქცია თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან გაიმართა. მონაწილეები გეგმავდნენ  შვეიცარიის საელჩოსთვის ჟურნალისტების  და საზოგადოების ნაწილის მიმართვა გადაეცათ.

როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მამუკა ღლონტმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მიმართვას ორშაბათს გაუგზავნიან საელჩოს, რადგან 13 თებერვალს, შაბათს საელჩოში არასამუშაო დღეა.

“ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას თქვენი სახელმწიფოსადმი, ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ქვემოთ ხელისმომწერნი გთხოვთ, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოთ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს და მის ოჯახს” – ნათქვამია განცხადებაში–”ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ, ვითვალისწინებთ რა ვახტანგ კომახიძის რეპუტაციას და ვაცნობიერებთ შესაძლო საფრთხეს, გთხოვთ, სათანადო დახმარება გაუწიოთ ჩვენს კოლეგას”.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ 8 თებერვალს მიმართა შვეიცარიის საემიგრაციო სამსახურს ჟენევაში პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით.

ამჟამად კომახიძე დასავლეთ შვეიცარიაში იმყოფება.

 

შვეიცარიის მთავრობა გადაწყვეტილებას პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭების შესახებ გამოძიების შემდეგ უნდა მიიღოს. ” არსებობს ოფიციალური პროცედურა, რომელიც მოქმედებს ანალოგიური შემთხვევების დროს:  მას (ვახტანგ კომახიძეს) დაუსვამენ გარკვეულ შეკითხვებს,  მოიკვლევენ მიზეზებს. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომლის ხანგრძლიობა საკმაოდ დიდია და ხშირად კონკრეტული შემთხვევებზეა დამოკიდებული” – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში “ნეტგაზეთთან”.

 

აქცია ბათუმში სანაპიროზე გაიმართა
აქცია ბათუმში სანაპიროზე გაიმართა

კომახიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში სანაპიროზე გაიმართა
კომახიძის მხარდამჭერი აქცია ბათუმში სანაპიროზე გაიმართა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი