ახალი ამბები

გადასახადების ცვლილება უმრავლესობის გადაწყვეტილებით

10 თებერვალი, 2010 • 1201
გადასახადების ცვლილება უმრავლესობის გადაწყვეტილებით

“მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, რომლის კონსტიტუციაში წერია,  რომ გადასახადების გაზრდა შეიძლება რეფერენდუმის გზით”, – ამბობს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე, პრეზიდენტის ახალი ინიციატივის კომენტირებისას. პრეზიდენტის ინიციატივა – გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებების შეტანა რეფერენდუმის გზით, პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.

პრეზიდენტის ინიციატივას – გადასახადებთან დაკავშირებით ცვლილებები რეფერენდუმის გზით, „ორი მხარე აქვს“ – ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური.

მისი თქმით, მეწარმეებს ექნებათ გარანტია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გადასახადები არ გაიზრდება და ეს მათ სტაბილურობის განცდას შეუქმნის.  მეორეს მხრივ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დროულად რეაგირების საშუალება არ მიეცეს:

„ალბათობა იმისა, რომ საზოგადოება რეფერენდუმის დროს მხარს დაუჭერს გადასახადების გაზრდას, ნულზე დაბალია. ეკონომიკური პოლიტიკა ვეღარ იქნება ელასტიური. ეს თავისთავად  ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა არაადეკვატური იყოს. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს გადასახადები, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც შეიძლება ის ან გაიზარდოს, ან ახალი გადასახადი იქნას შემოღებული. ეს ამცირებს ხელისუფლების ინსტრუმენტებს განახორციელოს ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა. თან მოსახლეობას არც განათლება აქვს საიმისო, რომ ზუსტი გადაწყვეტილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, გადასახადები უნდა გაზარდოს, თუ – არა“.

 „რეფერენდუმის გარეშე ზღვრული განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ აქციზის გადასახადზე, რომელიც ვრცელდება ნავთობზე, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ფუფუნების საგნებზე“, – განაცხადა პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტში  წამყვანმა სპეციალისტმა დათო ჭურაძემ.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დააკანონოს ისეთი რამ, რაც ახალ ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის:

 „თუ ეს ცვლილება შევა, მოსალოდნელია, ხელისუფლებამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შეამციროს გადასახადები და ამით გარკვეული ქულები მოიპოვოს – გადასახადების შემცირება ყველას უხარია. და თუ, ამის მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლება წააგებს არჩევნებს, ახალი ხელისუფლება იძულებული იქნება, კვლავ გაზარდოს გადასახადები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს თავისი ვალდებულების შესრულებას, რადგან ბიუჯეტი იქნება ცარიელი. თუ ამცირებ გადასახადებს და ხალხს პენსიის გაზრდას ჰპირდები, საიდან უნდა მოიტანო ფული პენსიის გასაზრდელად? ამ შემთხვევაში ნებისმიერ ხელისუფლებას დასჭირდება რეფერენდუმზე გადასახადების გაზრდის საკითხის გატანა. იმის ალბათობა, რომ ხალხი მხარს დაუჭერს გადასახადების გაზრდას, ძალიან მცირეა. შესაბამისად, ხელისუფლება აღმოჩნდება უდანაშაულო დამნაშავის როლში”.

ექსპერტების აზრით, ეს კანონი ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის ამჟამინდელსაც, შეუქმნის პრობლემას. ვახტანგ ხმალაძეს კი მიაჩნია: „თუ ამ ხელისუფლებას ისეთივე უმრავლესობა ექნება მომავალ პარლამენტში, როგორიც ახლა აქვს, ადგება და ამ კანონს შეცვლის (კანონი – გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილების შეტანა რეფერენდუმის გზით, ნებისმიერმა ხელისუფლებამ რომ შეცვალოს, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი მესამედი უნდა ჰყავდეს). თუ არა და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ისე კარგად არის გაწაფული, რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაც არ გაუჭირდება…

მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია,  რომ გადასახადების გაზრდა შეიძლება რეფერენდუმის გზით. სამაგიეროდ, ნახავთ ბევრ კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე არ შეიძლება რეფერენდუმი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი