ახალი ამბები

“ჭყინტი” მოვლენები და ნოღაიდელი

10 თებერვალი, 2010 • 2546
“ჭყინტი” მოვლენები და ნოღაიდელი

მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” და პარტია “ედინაია როსიას” შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მოძრაობის ლიდერმა _ ზურაბ ნოღაიდელმა და “ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა.

პარტიათაშორისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ კომენტარი ბორის გრიზლოვმაც გააკეთა. “ეს შეთანხმება ითვალისწინებს პარტიულ ურთიერთქმედებებს, რაც გულისხმობს კონსულტაციებს, ინფორმაციებისა და გამოცდილების გაცვლას პარტიული მშენებლობის საქმეში”, _ აღნიშნა “ედინაია როსიას” თავმჯდომარემ.

“სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის მოქმედებას რისკად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: “ნოღაიდელი საკმაოდ დიდ რისკზე წავიდა, როგორც პოლიტიკოსი, როცა ეს ნაბიჯები გადადგა. დღეს რუსეთთან პარტნიორობა პოპულარული არ არის. შეიძლება ნოღაიდელის რეიტინგი ნულიდან დაიძრა და რაღაც ზღვარს მიაღწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ექნება რაიმე შანსი ქართულ ელექტორატში”.

“რესპუბლიკელი” პაატა ზაქარეიშვილი ნოღაიდელის მხარდამჭერთა მაჩვენებელს, ისიც მისი რუსული ორიენტაციის გამო, მხოლოდ შვიდი პროცენტით აფასებს და ამიტომაც ამ შეხვედრაზე აქცენტების გაკეთებას არ აპირებს. ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ “ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის თვალსაზრისით ცვლილებებს ვერ მოახდენს.

რუსული მხრიდან ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ძალით დაინტერესებას რამაზ საყვარელიძე დასავლეთის თვალში შელახული იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნვად მიიჩნევს: “ადრე რუსი პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომ ქართველ ხალხს პატივს სცემენ, მათთან გასაყოფი არაფერი აქვთ და ასე შემდეგ. ახლა გამოჩნდა კონკრეტული ფიგურა, რომელიც ამ სცენარს კიდევ უფრო დამაჯერებლად აქცევს. მათი ინტერესი მხოლოდ ამით შემოიფარგლება”.

ნოღაიდელთან “ღია” თანამშრომლობა პოლიტოლოგს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთი ამ ძალაში დასაყრდენს შიდა გადატრიალებისთვის არ ხედავს. სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობა, საყვარელიძის თქმით, შენიღბული იქნებოდა.

რაც შეეხება ამ შეთანხმების რეალურ შედეგებს. მაშინ, როცა მოლაპარაკების ერთ მხარეს, ანუ საქართველოს არ წარმოადგენს ძალა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, “რესპუბლიკელ” პაატა ზაქარეიშვილს რაიმე კონკრეტული შედეგების მოლოდინი არ აქვს: “ნოღაიდელს არ ვეთანხმები. კარგს არაფერს აკეთებს, მაგრამ მასზე საუბარი არ მსურს, რადგან ქვეყანას ანგრევს არა ნოღაიდელი, არამედ სააკაშვილი. მთავარია, ხელისუფლებაში არ მოვიდეს და იაროს რამდენიც უნდა. საგარეო პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება, ვერანაირი ოპოზიცია საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებს, ეს გამორიცხულია”.

“სამართლიანი საქართველოსთვის” ლირედის სახით, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, შესაძლებელია რუსეთი მომავალი ურთიერთობისთვის ეძებდეს შანს: “დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ვერ დაელაპარაკება, გამორიცხულია. არც თავად რუსეთს სურს საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი. ნოღაიდელი არ არის ამ ურთიერთობის კვანძი, მაგრამ შეიძლება რუსეთისთვის ერთი შანსია. თუმცა ქართული მხარე იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს და ამბობს, რომ ვინც რუსეთს დაელაპარაკება, ის მისთვის მიუღებელია. ჯერ ყველაფერი ძალიან “ჭყინტია” და ნუ ვითხოვთ ასე ადრე პასუხებს. მოვლენების განვითარებისთვის რუსეთს აწყობს, რომ ვინმე არსებობდეს, ეს ვინმე კი ზურაბ ნოღაიდელია. რუსეთში ნოღაიდელი თავად ჩავიდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი