ახალი ამბები

რას ამბობენ კომახიძის საქართველოდან წასვლაზე

9 თებერვალი, 2010 • 3622
რას ამბობენ კომახიძის საქართველოდან წასვლაზე

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ არის ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ გაკეთებული განცხადების სხვა დეტალები, რადგან ჟურნალისტს მისთვის არ მიუმართავს.

“ჟურნალისტებისგან მსმენია, რომ კომახიძე ამას აპირებდა, თუმცა დეტალები არ ვიცი. განცხადებით სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს”.

ტუღუშის თქმით, ომბუდსმენის ოფისი საქმის დეტალებით კომახიძის ამ საჯარო განცხადების შემდეგ დაინტერესდება, რადაგანაც ჟურნალისტების უფლებები მნიშვნელოვანია.  

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა პაატა ზაქარეიშვილს, რადგან კომახიძე ცხინვალში სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა (დეკემბერი 2009): “ვიცი, რომ ცხინვალიდან გადმოსვლის შემდეგ ჰქონდა  პრობლები, მაგრამ არ ვიცოდი წასვლას და თავშესაფრის მოთხოვნას თუ აპირებდა”.

კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა კომახიძეს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის, ალანა გაგლოევას ბებიასთან დაკავშირებით, რაზეც განცხადებაში წერს, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არ იცის: “ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ ის ფილმს იღებდა და სხვადასხვა ადგილას დადიოდა, მასალებს, კადრებს აგროვებდა. მე სხვა ფუნქცია მქონდა, მშობლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ვხდებოდი”.

ზაქარეიშვილის თქმით, მართალია, ცხინვალში  ერთად ჩავიდნენ, მაგრამ სხვადასხვა ამოცანები ჰქონდათ.

“თუ მუქარა იყო, ის ვალდებულია, დაიცვას თავისი ახლობლების სიცოცხლე” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

კითხვას, ხომ არ ყოფილა პირადად მასზე ზეწოლა ან მუქარა ცხინვალის ვიზიტის შემდეგ, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ “ამაზე არ საუბრობს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი