ახალი ამბები

ვენეციის კომისია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ნამუშევარსაც შეისწავლის

5 თებერვალი, 2010 • 10372
ვენეციის კომისია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ნამუშევარსაც შეისწავლის

საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანი ბუკიკიოს, კონსტიტუციის პროექტის საკუთარი ხედვა  გააცნო.

  „შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მას (ბუკიკიოს) გავაცანით ჩვენი ინიციატივა” – აცხადებს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი – “ვუთხარით, რომ ეს პირველი მცდელობაა დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლიან ისტორიაში, როცა საზოგადოება თავად წერს  კონსტიტუციის პროექტს. ჩვენ გვინდა პრაქტიკა შევცვალოთ  ის მახინჯი პრაქტიკა, როცა სახელმწიფოს მეთაურების დავალებით იქმნება სახელმწიფო კომისიები და მათი მეშვეობით იმართება ეს პროცესები. რადგან ხელისუფლების წყარო ხალხია, საზოგადოებრივმა კომისიამ უნდა შექმნას კონსტიტუციის პროექტი. ჩვენ გავაცანით ამ პროექტის კონცეფციის შინაარსი, მიმართულებები და შევთანხმდით, რომ ვენეციის კომისია  სახელმწიფო კომისიის პროექტთან ერთად ჩვენს პროექტსაც განიხილავს”.

ზაქარია ქუცნაშვილი თქმით, საზოგადოებრივი კომისია კონსტიტუციის დეტალურ კონცეფციაზე მუშაობს, რომელსაც გაავრცელებს საზოგადოებაში:  „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების მონაწილეობით კიდევ უფრო დაიხვეწება ეს ვარიანტი. შემდეგ თუ  ეს კონცეფცია საზოგადოებაში მოიპოვებს მხარდაჭერას,  გადავალთ ნორმატიული დოკუმენტის შექმნაზე, ანუ  კანონპროექტის სახის მიცემაზე. მაგრამ კონცეფციაში იქნება ყველა ის ძირითადი პრინციპი რა მიმართულებითაც ვაპირებთ ჩვენ კონსტიტუციური რეფორმის განვითარებას.“

მისივე თქმით, კონცეფციაზე მუშაობა გაზაფხულისთვის დასრულდება.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები ასევე არიან  მინდია უგრეხელიძე, ვახტანგ ხმალაძე და ოთარ ბენიძე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლობითი დელეგაცია  ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით თბილისში 3 თებერვალს ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი