ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრები თბილისში

4 თებერვალი, 2010 • 12304
ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრები თბილისში

ვენეციის კომისიის წარმომადგენლობითი დელეგაციის შეხვედრა თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან  უკვე დასრულდა.

დელეგაციას, ჯანი ბუკიკიოს ხელმძღვანელობით,   საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც შეხვდა. ცალკე შეხვედრა 3 საათზეა დაგეგმილი დემეტრაშვილთან და კომისიის დანარჩენ წევრებთან.

შეხვედრის შემდეგ  ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ განცხადებებიც გააკეთა.  ჯანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალაუფლება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უნდა გადანაწილდეს.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები არის დადებითი, თუმცა ძალთა გადანაწილების არსებული ბალანსი სახარბიელო არ არის.  “ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღებულ კონსტიტუციაში ბალანსის ნაკლებობაა ხელისუფლების შტოებს შორის. მე ვაღიარებ რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებოდათ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო. ბალანსი უნდა დაიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიზღუდოს რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გჭირდებათ. კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს”, _ განაცხადა ვენეციის კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანი ბუკიკიომ.

კომისიის თავმჯდომარე მანიფესტაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა “მანიფესტაციის შესახებ კანონი ჩვენ მართლაც განხილული გვაქვს. თავისთავად ის, რომ შეკრების უფლება იყოს შეზღუდული არ მოდის წინააღმდეგობაში ვენეციის კომისიასთან. დასაშვებია გარკვეული აკრძალვები. მაგალითად, ადგილთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის ჩარევა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კატეგორიული აკრძალვები დაუშვებელია. მაგალითად ის, რომ საჯარო შენობასთან 20 მეტრის მანძილზე მანიფესტაციის ჩატარება ნებადართული არ არის.  ჩვენ ეს შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებას გავუზიარეთ და მივიღეთ დაპირება, რომ კანონში ცვლილებები შევა”,  მისი თქმით  ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში გამოქვეყნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა კი აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ რეგულაციას.  მისივე თქმით, ამ საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსიები.

“მეორე საკითხი კი იქნება იმასთან დაკავშირებული თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ეხება მოსამართლეთა უვადოდ არჩევნებს და ამ არჩევის წესს”, _ განაცხადა დემეტრაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი