ახალი ამბები

აქცია ზუგდიდში

2 თებერვალი, 2010 • 14744
აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეებმა აქცია საგადასახადო სამსახურის რეგიონული სამმართველოს შენობასთნ გამართეს. მათი თქმით გაფიცვა დაკავშირებულია საგადასახადო ცვლილებასთან, რომელიც ძალაში პირველ თებერვალს შევიდა.

 

ცვლილების თანახმად მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1 000 ლარით, შემდგომი კი, 10 000 ლარით განისაზღვრება. სწორედ ამ ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა დღეს ათეულობით მოვაჭრე ქუჩაში. ”ჩვენ იმიტომ დავხურეთ მაღაზები, რომ საგადასახადო კოდექსი ხელმიუწვდომელია. გვქონდეს იმდენი გადასახადი, რამდენიც გვეკუთვნის, გავყიდოთ ხუთი ლარის და 500–ის გადავიხადოთ? ეს საქართველოს გარდა ხდება სხვაგან? ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ ფიქსირებულ გადასახადს, სხვანაირად ვერ გავწვდებით”-აცხადებენ მოვაჭრეები  

 

აქციაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვეში მხოლოდ ხუთასი ლარის საქონელს ვაჭრობენ. ქალბატონი, რომელიც ბაზარში ერთი კვადრატული მეტრის დახლთან ვაჭრობს, კითხვებს მთავრობის მისამართით სვამდა: ”საპროტესტო აქციაზე, მხოლოდ მოვაჭრეების ნაწილია. მთავრობას აწყობს ამდენი უმუშევარი? ხალხი, რომ ქუჩაში გამოვიდეს? ყველაფრის ზედდებულს ჩვენ ვერ გავწვდებით, თუ არ უნდა მთავრობას, რომ შევაწუხოთ აქციებით, მოჭრილი გადასახადი დააწესონ. შიშში ვარ, თავზე როდის დამადგებიან, ჯარიმას როდის დამიწერენ. შემოდიან და მერე წერენ კანონებს. ნორმალური თანხა დააწესონ გადასახადი, ათასებს, რომ გვთხოვენ. 500ლარის საქონელი მაქვს და ჯარიმაც 500 ლარია, როგორ გადავიხადო? საკასო აპარატი რატომ მეკუთვნის დააწესონ 500 ლარი საქონლისთვის გადასახადი. საცალო მოვაჭრეებზე ფიქსირებული გადასახადი, ესაა ჩვენი მოთხოვნა. 500 ლარის საქონელს ეკუთვნის საკასო აპარატი?”

 

აქციის მონაწილეებთან, მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად საგადასახადო სამსახურის რეგიონული სამმართველოდან არავინ მისულა. ამიტომ, მოვაჭრეების თქმით, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტს, როგორც დღეს, ხვალაც დახურავენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი