ახალი ამბები

ანა დოლიძე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰააგის სასამართლოს მხრიდან

9 ოქტომბერი, 2015 • 1748
ანა დოლიძე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰააგის სასამართლოს მხრიდან

ანა დოლიძის განცხადებით,  ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოდან აწარმოებს მოკვლევას, იყო თუ არა ჩადენილი ომის დანაშაულები და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები აგვისტოს ომის დროს.



“ამდენი წლის შემდეგ, მეშვიდე წელი მიმდინარეობს, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა, და როგორც ჩანს, სასამართლოს პროკურორმა გამოხატა სურვილი, რომ დაიწყოს გამოძიება. ამ სურვილს უნდა დაეთანხმოს პალატა, რომელიც თვითონ სასამართლოშია, მოსამართლეების,”– ამბობს ანა დოლიძე.


მისი განცხადებით, ეს პალატა უბრალოდ შეამოწმებს, რამდენად არსებობს წინასწარ მტკიცებულებები, რომ მართლაც იქნა დანაშაულები ჩადენილი. შემდეგ კი დაიწყება გამოძება და ამის შემდეგ უნდა მოხდეს ბრალეულობის წარდგენა.



“ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2008 წლის საერთაშორისო შეფასება კიდევ ერთხელ ამ დონეზე და იმ სისასტიკეების, რაც იყო ჩადენილი 2008 წელს, სამართლებრივად რომ მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი,”– ამბობს ანა დოლიძე. 

 

ანა დოლიძის განცხადებით, სასამართლო, როგორც ჩანს, უკვე დარწმუნდა, მართლაც იყო თუ არა მსოფლიო დონის დანაშაულებები ჩადენილი.


“მათ შორის, ყველაზე მთავარი არის ომის დანაშაული, მაგალითად, მშვიდობიანი მოსახლეობაზე იერიშის მიტანა არის ომის დანაშაული, ასევე, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ეტყობა, ჩვენგან თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და, როგორც ჩანს, ამ თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ სასამართლო გადავიდა შემდეგ ეტაპზე. პროკურორი დარწმუნდა, რომ გამოძიება ღირს და ნებართვა, დასტური მოსთხოვა პალატას, რომ დაიწყოს მან გამოძიება,”– განმარტავს ანა დოლიძე, 

ანა დოლიძე. ფოტო – თავდაცვის სამინისტრო.
ანა დოლიძე. ფოტო – თავდაცვის სამინისტრო.


რაც შეეხება გამოძების დაწყების შანსს, ანა დოლიძე ამბობს, რომ თუკი წინა გამოცდილებას გადავხედავთ, პალატა ასეთ შემთხვევებში თანხმობას გასცემს ხოლმე და თუკი ამ გამოცდილებიდან ვიმსჯელებთ, სავარაუდოა ასე მოხდეს. 

 

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, აწვდიდა თუ არა რუსეთი შესაბამის მასალებს ჰააგის სასამართლოს, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:

 

“მე არ გამიკვირდება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსული ლიბერალური, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ და აწვდიდნენ ინფორმაციას, მაგრამ სახელმწიფო მხრიდან ნამდვილად, ამის ინფორმაცია არ მაქვს,”– განაცხადა მან. 

 

 

ანა დოლიძე განმარტავს, რომ პროკურორი იმ შემთხვევაში იკავებს ხოლმე გამოძიების დაწყებისგან თავს, თუ ქვეყანას აქვს სურვილიც და შესაძლებლობაც, რომ თავად გამოიძიოს. 

 

“ამ შემთხვევაში ალბათ აქ ორივე მხარე იგულისხმება. აქ დადგება უშუალოდ, როდესაც დაიწყება გამოძიება, რა თქმა უნდა, პრობლემა იურისდიქციის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მტკიცებულების ამოღება გართულდება. რუსეთი არ არის ჰააგის სასამართლოს სტატუტის, ანუ წესდების წევრი. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ ვითანამშრომლოთ და ვთანამშრომლობთ კიდევაც, მაგრამ რუსეთს ეს ვალდებულება აღებული არ აქვს. თუმცა ჯერ წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ, რამდენად რუსეთი იქნება მზად, რომ მიუხედავად ამისა, მაინც ითანამშრომლოს სასამართლოსთან. თუმცა ეს საკითხები, რა თქმა უნდა, დადგება, სამართლებრივად ისინი არ არიან რომის წესდების წევრი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სასამართლო და ეს ვალდებულება აღებული არ აქვთ,”– ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.


მისი განცხადებით, ის დანაშაულები, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, უკვე დიდი ხანია კარგად არის აღრიცხული და თავად მას, როგორც მკვლევარს, ამაზე ნამუშევარი აქვს. ის ამბობს, რომ ჩატარებულია დაკითხვები, აღებულია ჩვენებები და მტკიცებულებათა დიდი ნაწილი საქართველოს ხელშია. 


რაც შეეხება ვადას, თუ როდის გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ჰააგის სასამართლო გამოძიებას, ანა დოლიძე ამბობს, რომ პროცესს დრი სჭირდება:

 

“ალბათ რამდენიმე თვე გაგრძელდება, თვითონ მოკვლევას ამდენი დრო რახან დაჭირდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიდის ეს პროცესი, რაც ძალიან მახარებს,”– ამბობს ის.

 

იგი ასევე ამბობს, რომ სამართლიანობის დადგენის თვალსაზრისით ჰააგის სასამართლოს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია:

 

“იმდენად, რამდენადაც ჩვენ დადასტურებულიად, პირველწყაროდან ვიცით და ნანახი გვაქვს, როგორც დავზარალდით აგვისტოს ომის შედეგად, მათ შორის, დავზარალდით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რუსეთის მიერ ძალის არასწორად და ომის კანონების დარღვევით გამოყენების შედეგად. მე თვითონ მაქვს გამოკვლეული, როგორ ჰყავდათ ადამიანები დამწყვდეული არაჰუმანურ პირობებში, როგორ სცემდნენ მათ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეს ყველაფერი არის დანაშაული. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს იმხელა დონის დანაშაულია, რომ მისი ყურადღება უნდა მიიპყროს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის კარგი არის. ანუ, სამართლიანობის დადგენის მხრივ ეს ჩვენი მხრიდან მისასალმებელია,”– განუცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნეტგაზეთს.

 

ანა დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაიწყება, ეს იქნება პირველი გამოძება, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ევროპაში დაიწყებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი