ახალი ამბები

7 ნოემბრისა და “იმედის” საქმეს მოსამართლე ლილი მსხილაძე ჩამოაცილეს

6 ოქტომბერი, 2015 • 2413
7 ნოემბრისა და “იმედის” საქმეს მოსამართლე ლილი მსხილაძე ჩამოაცილეს

ადვოკატების აცხადებენ, რომ ლილი მსხილაძე არაობიექტური და მიკერძოებული მოსამართლეა.

 

კერძოდ, ადვოკატები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლილი მსხილაძე სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მრჩევლად მუშაობდა, 2008 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში კი საუბარია ტელეკომპანია “იმედის” საქმეზეც.

 

“მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებში სწორედ აღნიშნული ეპიზოდების განხილვა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ლილი მსხილაძე მუშაობდა საქართველოს სახალხო დაცველის აპარატში მართლმსაჯულების საკითხებში სახალხო დამცველის მრჩევლის პოზიციაზე. ამ დროს სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი. ლილი მსხილაძე მუშაობდა უშუალოდ მის მრჩევლად, შესაბამისად, ლილი მსხილაძისა და სოზარ სუბარს შორის არსებობს ახლო კოლეგიალური ურთიერთობა,”– განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძემ სასამართლო პროცესზე. 

 

ადვოკატმა ოთარ კახიძემ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ლილი მსხილაძემ თავად დაადასტურა, რომ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა პატარკაციშვილის საქმეს, თავისი მომზადებულია, როდესაც სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა. გარდა ამისა, ოთარ კახიძის განცხადებით, როდესაც მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ლილი მსხილაძეს ეს ფაქტი არ უარუყვია. 

 

“თვითონ მოამზადა ანგარიში, რაზეც ასამართლებდა ამ ხალხს. თვითონ წინასწარი დასკვნა და განწყობა დაწერილი ჰქონდა უკვე იმ საქმეზე,”– ამბობს ოთარ კახიძე. 

 

გარდა ამისა, ოთარ კახიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა ისიც, რომ მიკერძოებულობის შესახებ ეჭვის საფუძველს იძლევა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ლილი მსხილაძის მიერ საქართველოს წინა ხელისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადებებიც, სადაც მან, ადვოკატის თქმით, ენმ–ს მოსახლეობის ტერორში დასდო ბრალი.

 

რაც შეეხება ლილი მსხილაძის აცილებას, კახიძის თქმით, მოსამართლე ბოლომდე აცხადებდა, რომ არ უნდა აცილებულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება დანარჩენმა ორმა მოსამართლემ მიიღო.

 

თავად ლილი მსხილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს გათამაშდა ერთგვარი შოუ, რომელიც მოსამართლისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისაკენ იყო მიმართული.

 

“მე პირადად აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავ სათანადო ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება იმ ფაქტზე, რაც დღეს მოხდა ამ პროცესზე. ამ საქმის განხილვა ნამდვილად არ არის არც ერთი მოსამართლისთვის სასიამოვნო. თუკი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, მე მოხარული დავრჩები, მაგრამ საფუძველი იმისა, რომ იოტისოდენა ეჭვი, რომ მოსამართლე იქნება მიკერძოებული და არაობიექტური, ჩემი მხრიდან არ არსებობს და თუ ვინმეს ეს ეჭვი აქვს, მაშინ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება,”–განაცხადა ლილი მსხილაძემ.

 

კოლეგიის მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა კი განაცხადა, რომ ლილი მსხილაძეს დიდი ხანია იცნობს და მის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება.

 

“ეს გადაწყვეტილება მივიღეთ შემდეგი ფაქტიდან გამომდინარე: საქმეში ყველამ ვიცით, რომ მტკიცებულებად არის წარმოდგენილი ზუსტად ის ანგარიში,  რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქალბატონმა ლილიმ არც უარყო ის, რომ მას ამ ანგარიშთან შეხება ჰქონდა,”– განაცხადა ლია ორკოდაშვილმმა.

 

ორკოდაშვილის განცხადებით, იმ მიზეზის გამო, რომ არ გაჩნდეს საზოგადოებაში კითხვები არა მარტო ლილი მსხილაძის, არამედ მოსამართლეთა კოლეგიის მიმართ, აკმაყოფილებენ დაცვის მხარის შუამდგომლობას მოსამართლის აცილების შესახებ.  

 

 

ნეტგაზეთი შეეცადა გადაემოწმებინა, მონაწილეობდა თუ არა ლილი მსხილაძე სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშის იმ ნაწილების დაწერაში, რაც 7 ნოემბერსა და ტელეკომპანია იმედს ეხება. მაშინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის მოადგილემ, სოფო ხორგუანმა განგვიცხადა, რომ ანგარიშის ეს ნაწილები იურისტმა გიორგი გოცირიძემ და სოფო ბენაშვილმა დაწერეს, ლილი მსხილაძეს მოვალეობა კი სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების ანალიზი იყო და აღნიშნულ ნაწილებთან შეხება არ ჰქონია. 

 

იურისტმა და ომბუდსმენის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი გოცირიძემ კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ტელეკომპანია იმედის დარბევის შესახებ მონაკვეთი სახალხო დამცველის ანგარიშში მან დაწერა და ლილი მსხილაძეს აქ მონაწილეობა არ მიუღია. გოცირიძე იხსენებს, რომ მსხილაძემ ანგარიში ნორა კვიციანის ეპიზოდზე დაწერა.

 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ამ პერიოდში ასევე მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში, ამბობს, რომ არ ახსოვს, მიიღო თუ არა მსხილაძემ მონაწილეობა ამ ნაწილების დაწერაში. 

 

ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნათია იმნაძემ კი განაცხადა, რომ ლილი მსხილაძე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა ასევე აცხადებს, რომ დანამდვილებით არ იცის, მიიღო თუ არა მსხილაძემ მონაწილეობა კონკრეტულად ამ თავების დაწერაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი