ახალი ამბები

ქორიძე: TV საქართველოს დაყადაღება პლურალისტური მედიაგარემოს წინააღმდეგაა მიმართული

1 ოქტომბერი, 2015 • 1890
ქორიძე: TV საქართველოს დაყადაღება პლურალისტური მედიაგარემოს წინააღმდეგაა მიმართული

“მიმაჩნია, რომ ზოგადად, საკმაოდ დრამატულს ხდის მედიაგარემოს ქვეყანაში და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შეიძლება ეს აღმოჩნდეს პრობლემური არა იმის გამო, რომ კონკრეტული მედიასაშუალება, რომლის წინააღმდეგაც დღეს ხორციელდება ამ ტიპის რეპრესიები, ის არის განსაკუთრებული მაღალი სტანდარტების, მაღალი ეთიკური ნორმების მცველი მედია, არამედ ზუსტად იმიტომაც, რომ “რუსთავი 2” – ეს არის ნაწილი მედიაპლურალისტური გარემოსი და სწორედაც ეს პლურალისტური გარემო არ უნდა შეიზღუდოს, ეს პლურალისტური გარემო არ უნდა აღმოჩნდეს პრესინგის ქვეშ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტები გააკეთებენ თუ კერძო პირები, რომლებიც გარკვეულწილად წახალისებული შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ ასეთი საქმით დაკავდნენ, მედიის წინააღმდეგ ასეთი ოპერაციები ჩაატარონ,”– განაცხადა ზვიად ქორიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას. 

 

ქორიძის განცხადებით, ის, რის გამოც ქიბარ ხალვაში დავობდა, მეტ–ნაკლებად გასაგები იყო, სანამ სასამართლოს ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღების მოთხოვნით მიმართავდა. ქორიძის განცხადებით, სასამართლომ დაბლოკა ის მექანიზმი, რომლითაც ტელეკომპანია შეეცადა ფინანსური რეპრესიების ფონზე ინვესტიცია მიეღო.

 

“ბუნებრივია, ამით მეტ–ნაკლებად აჩვენა სასამართლო ხელისუფლებამ, რომ ის გარკვეულწილად “სოლიდარობას” უცხადებს იმ მოსარჩელეებს, რომლებიც ითხოვენ ყველა ტიპის ფინანსური ასიგნებანი შეუწყდეს “რუსთავი 2″–ს და ფინანსური ბერკეტებით მოახრჩოს ეს ტელევიზია. შესაბამისად, როდესაც აქ მეთოდურად ვხედავთ კამპანიას, რომ ტელევიზია შეიძლება ამ ფორმით დაიხუროს, ან ვერ შეძლოს მუშაობა, ეს უკვე თავისთავად არის პლურალისტური მედიაგარემოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი,”– განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ დავა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სამოქალაქო დავის პირპობებშიც არ უნდა მოხდეს ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, მით უმეტეს, თუ ეს ორგანიზაცია მედიასაშუალებაა.

 

“არ უნდა მოხდეს მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის შეზღუდვა, ან რაიმე ტიპის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ეს იყო მთავარი ამოცანა. ეს ამოცანა კიდევ უფრო გართულდა, უფრო მეტად შეიზღუდა ის სივრცე, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს ექნება საშუალება ნორმალური ფუნქციონირების და ნორმალური განვითარების. ამიტომაც, თუ ასე გაგრძელდა პროცესი, შეიძლება ის ამ სივრციდან გამოვარდეს და ეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სერიოზულად დააზიანებს საქართველოს მედიაგარემოს, იმ პლურალისტურ მედიაგარემოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოგვწონს პროფესიული ნორმების თვალსაზრისით ეს ტელეკომპანია, თუ არ მიგვწონს. აქ ვსაუბრობ მედიის პლურალისტურ გარემოზე. აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება პრობლემა და ეს პრობლემა არ არის ერთი ტელევიზიის პრობლემა, ეს არ არის მხოლოდ მედიათანამეგობრობის პრობლემა მხოლოდ იმიტომ, რომ პლურალისტური მედიაგარემო, მედიის თავისუფლების ხარისხი არის სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორები იმიტომ, რომ სწორედ ამ ინდიკატორებით იზომება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება,”– ამბობს ზვიად ქორიძე. 

 

 

ზვიად ქორიძე. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ზვიად ქორიძე. ფოტო – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ დააყადაღა “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი. 

 

ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2–ის” 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ მყიდველს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის 6 მილიონი აშშ დოლარი გრაფიკით უნდა ჩაერიცხა. “რუსთავი 2–ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დახურვის მცდელობად შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ “რუსთავი 2”, ფაქტობრივად, დახურა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი