ახალი ამბები

რიმა ბერაძე გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას წინა მოწვევის საკრებულოს აკისრებს

1 ოქტომბერი, 2015 • 1225
რიმა ბერაძე გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას წინა მოწვევის საკრებულოს აკისრებს

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, არის მცდელობა, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნაში არსებული შენიშვნები მათი მოწვევის საკრებულოს გადააბრალონ და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მიმართ ცილისმწამებლური კამპანიაა აგორებული.

 

მისი განცხადებით, აუდიტის მიერ დადებული საკრებულოს საქმიანობის შემსწავლელი 2012-2014 წლების დასკვნა 6-თვიანი პერიოდის გარდა ახალი საკრებულოს მუშაობას არ ასახავს, რადგან მათ მუშაობა 2014 წლის ივნისში დაიწყეს.

 

დეპუტატი ამბობს, რომ მათი მოწვევის საკრებულოში პრემია მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს ურიგდებათ და პრემიის ოდენობა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. მისივე განცხადებით, 2014წლის 6 თვეში სახელფასო დანამატი საკრებულოს წევრებზე მხოლოდ ერთხელ გაიცა და ის ხელფასის 60%-ს შეადგენდა.

რიმა ბერაძე. ფოტო – ნეტგაზეთი
რიმა ბერაძე. ფოტო – ნეტგაზეთი

რაც შეეხება მიწის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებულ დარღვევებს, რიმა ბერაძის განცხადებით, 11 შემთხვევიდან 9 ეხება იმ დროს, როდესაც მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო.

 

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ ზაფხულში საკრებულომ 16 მაცივარი შეიძინა.  რიმა ბერიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 16 მაცივარი მართლაც შეიძინეს:

 

“ის, რომ ფაქტობრივად აპარატის თანამშრომლებისათვის და მათ შორის რამდენიმე დეპუტატისათვის შეძენილია 16 მაცივარი, რომლის სიმაღლეა 90 სმ, მე ვფიქრობ, ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხულია,”-განაცხადა მან.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ არ ეთანხმება დარღვევების წინა ხელისუფლებისთვის დაბრალებას და აცხადებს, რომ 2013 წლის ივლისის შემდგომ საკრებულოში შიხიაშვილის თავმჯდომარეობით სწორედ ქართული ოცნების უმრავლესობა იყო. ის ასევე ამბობს, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით საკრებულოს ხარჯები არ შეუმცირებია და დაპირება ქამრების შემოჭერის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა

 

“2016 წლის ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ დავაყენებთ საკითხს რეალურად განხორციელდეს ქამრების შემოჭერა დედაქალაქის საკრებულოში,”-თქვა აბესაძემ.


საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ წინა მოწვევის დეპუტატი ჯაბა სამუშია, რომელიც მაღალ პრემიებს იღებდა, ახლა კომისიის თავმჯდომარეა და ამისათვის მას პასუხს არავინ თხოვს.


” ახალმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიებს აღარ ავიღებ, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატები იღებენ დანამატს,”-აცხადებს ელისაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი