ახალი ამბები

დავით საგანელიძეს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუჩერეს

30 სექტემბერი, 2015 • • 1308
დავით საგანელიძეს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუჩერეს

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორმა წინააღმდეგ მისცა. დავით საგანელიძე დღევანდელი დღიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომისიის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განმარტებით, საგანელიძის ახალი თანამდებობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუფერებელია.

 

დავით საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აირჩიეს კოალიცია ”ქართული ოცნებიდან”. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე საგანელიძე პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ამჟამინდელი მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობდა. 

 

სს “საპარტნიორო ფონდი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის”, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, “ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა” და ნაწილობრივ, „თელასის” აქციებს.

დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი