ახალი ამბები

მის ჩინეთის ნახევარფინალისტები ფელამუშის საშუალებით გამოავლინეს

22 სექტემბერი, 2015 • • 1357
მის ჩინეთის ნახევარფინალისტები ფელამუშის საშუალებით გამოავლინეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოში „მის ჩინეთის“ ნახევარფინალის სცენარის მიხედვით, ჟიურიმ გადაწვეტილება ჩინეთში მიიღო  და თბილისში ჩატარებულ ნახევარფინალის ღონისძიებაზე გაახმოვანა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 12 მონაწილე გავიდა.

 

ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებმა ორიგინალური ხერხით შეიტყვეს – ქართულ სუფრასთან მსხდომ გოგონებს თავდახურული ჭურჭლები დაურიგეს, 12 იღბლიან მონაწილეს ქართული ტკბილეული – ფელამუში შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარფინალში მოხვდნენ. 4 აუთსაიდერი კი იმით გამოვლინდა, რომ მათ ჭურჭელში ფელამუშის მაგივრად სამკაული იყო მოთავსებული.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონკურსის ფარგლებში, ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს  6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

 

„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი  სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).

12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.

მის ჩინეთის ნახევარფინალი საქართველოში. 22.09.2015
მის ჩინეთის ნახევარფინალი საქართველოში. 22.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი