ახალი ამბები

ივანიშვილის გარემოცვა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში

19 სექტემბერი, 2015 • • 2769
ივანიშვილის გარემოცვა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში

სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შვიდი წლის ვადით კონსტანტინე სულამანიძე უხელმძღვანელებს. იგი ამ პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 18 სექტემბერს 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

კონტანსტინე სულამანიძე “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. “პროგრეს ბანკი” 2008 წელს საინიციატივო ჯგუფ “კალა კაპიტალის” მიერ დაარსდა, ვიცე–პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგა. ბანკის 21.71%-ს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფლობს. სულამანიძემ 2014 წლის აპრილში საარჩევნო ბლოკ “ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შეწირა.

 

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს. კოვზანაძე საბჭოს წევრად 7 წლის ვადით პარლამენტმა 82 ხმით დაამტკიცა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ცვლილების შედეგად, სს “საპარტნიორო ფონდში” ხელმძღვანელის პოსტი სწორედ ირაკლი კოვზანაძემ დაიკავა. იგი 2004-08წწ. მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. სს “საპარტნიორო ფონდი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება. საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის  კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, “ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.

 

საბჭოში არჩევის შემდეგ კოვზანაძემ საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტი დატოვა, ხოლო ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, ჯერ უცნობია.

 

პარლამენტმა 7-7 წლის ვადით საბჭოში, ასევე, დაამტკიცა კიდევ ორი კანდიდატურა – საშა ტერნესი და ეკატერინე გალდავა.

 

საშა ტერნესი საქართველოში გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის მმართველი დირექტორია. მანამდე იყო “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო უფრო ადრე (2007-14 წლებში) – “პროკრედიტ ბანკის” აღმასრულებელი ფინანსური დირექტორი.

 

ეკატერინე გალდავა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ბანკის” შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორია.

 

პარლამენტმა ეფრემ ურუმაშვილი საბჭოს წევრად ხუთი წლის ვადით აირჩია 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

 

ეფრემ ურუმაშვილი იურიდიული კომპანიის „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ წარმომადგენელია. ამ ფირმის მომსახურებით სარგებლობს „ბიტფური“ – ბიტკოინის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან.

 

მთავრობას ჯერ არ წარუდგენია საბჭოს წევრობის კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე საკუთარი კანდიდატურა.

 

2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს შემადგენლობა შვიდი წევრისგან შედგება. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხუთ წევრს წარუდგენს, ერთ წევრს საბჭო აირჩევს და მეშვიდე წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება.

 

აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა ეს კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მაინც მიიღო.

 

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ვეტო 81 ხმით დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი