ახალი ამბები

სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

16 სექტემბერი, 2015 • 2106
სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

საპარტნიორო ფონდის განცხადებით, წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, ფონდის ცნობით, ის დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე.

 

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და  K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.

 

საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. 16.09.2015. ფოტო: კახა კალაძის Facebook გვერდი
საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. 16.09.2015. ფოტო: კახა კალაძის Facebook გვერდი

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში იმპორტს ჩაანაცვლებს და განამტკიცებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ჩართულ მხარეს. 

 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, ეს იყო ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების პერიოდი, რომელიც წარმატებით დასრულდა.

 

“1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებაში სხვა ფაქტორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადგური 35 წელიწადში უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე გადაეცემა სახელმწიფოს,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან, აღნიშნა, რომ  მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის.

 

“ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და განავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს,” – განაცხადა გაევონ ჩოიმ.

 

საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. 16.09.2015. ფოტო: კახა კალაძის Facebook გვერდი
საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. 16.09.2015. ფოტო: კახა კალაძის Facebook გვერდი

 

 

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. საპარტნიორო ფონდის ცნობით, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo განახორციელებს.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

 

ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. 14 მაისს თბილისში, EBRD-ის ღონისძიებებისა და შეხვედრების პარალელურად, დიდი ჰესების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

 

“ამ პროექტის განხორციელება სვანეთში (ჭუბერში) იგეგმება და ძალიან ახლოს არის ხუდონ ჰესის საპროექტო არეალთან. ჩვენ, ”მწვანე მუშტი” დაუშვებლად მივიჩნევთ ასეთ მჭიდრო მასშტაბზე ამდენი ჰესის არსებობას. საერთოდ, სვანეთში 30-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. შევეცადეთ პირდაპირი მესიჯები გაგვეჟღერებინა და მიგვემართა არა ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ პირდაპირ საინვესტიციო ფონდისთვის, რომ შეწყვიტოს საქართველოში ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც აზიანებს ეკოსისტემას. ასევე, დარიალის მშენებლობისას ღვარცოფის შედეგად გარდაიცვალა 10 ადამიანი,” – განაცხადა სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრმა, ხატია მაღლაფერიძემ.

 

ხატია მაღლაფერიძე.
ხატია მაღლაფერიძე. ‘მწვანეების’ საპროტესტო მსვლელობა EBRD-ის შეხვედრების კვალდაკვალ. თბილისი, საქართველო. 14.05.2015, ფოტო: მწვანე მუშტი

მასალების გადაბეჭდვის წესი