ახალი ამბები

საცობების კერები და განტვირთვის გზები თბილისში [ინფოგრაფიკა]

16 სექტემბერი, 2015 • • 7418
საცობების კერები და განტვირთვის გზები თბილისში [ინფოგრაფიკა]

მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ საცობებს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები განაპირობებს. ობიექტური მიზეზია ლანდშაფტი, ქუჩის სივიწროვე, რაც ვერ შეიცვლება. ხოლო სუბიექტური მიზეზები დამოკიდებულია ადამიანზე და მენეჯმენტზე: მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშანი, პარკირების საკითხი, ტრანსპორტის მარშრუტების ნაკადი, სამძღოლო კულტურის დონე.

 

შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ჩადებული უნდა იყოს სატრანსპორტო სისტემის ისეთი საფუძველი, რაც გამორიცხავს ერთსა და იმავე გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე მარშრუტის არსებობას.

 

შალვა ოგბაიძის თქმით, “თბილისის მიკროავტობუსი”, რომელიც კერძო კომპანიაა და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტია, ერთმანეთის კონკურენტები არ უნდა იყვნენ, მაგრამ თბილისში მიკროავტობუსები და ყვითელი ავტობუსები ერთმანეთის კონკურენტები არიან. ოგბაიძეს ხარვეზად მიაჩნია ის, რომ მეტროს მიმართულებას ემთხვევა მიკროავტობუსებისა და ყვითელი ავტობუსების მარშრუტები.

 

მისი თქმით, მტკივნეული საკითხია წინა წლებში გაცემული ინტენსიური ნებართვები მრავალსართულიანი კორპუსების აშენებაზე, რომელიც განაპირობებს სატრანსპორტო კოლაფსს.

 

ოგბაიძის თქმით, პრობლემური ადგილია ასათიანის ქუჩა, სადაც 8 ცათამბჯენი შენდება, რომელიც 2500 ავტომობილზეა გათვლილი.

 

“წარმოიდგინეთ, ეს 2500 ავტომობილი ასათიანის ქუჩიდან რომ ჩამოვა ვაჟა-ფშაველაზე, რომელიც შემდგომ საბურთალოს ქუჩის მონაკვეთით უერთდება ე.წ. ახალ გზას… ამ ავტომობილების თავმოყრა თავიდანვე განაპირობებს ავტომობილების საცობს”, – ამბობს შალვა ოგბაიძე.

 

სპეციალისტის აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოახდენს თითოეულ საცობზე, მხოლოდ საპატრულო პოლიციის დგომა ყოველ გზაჯვარედინზე არ განტვირთავს მოძრაობას, მაშინ პატრულს ძირითადი საქმისთვის, რაც არის კრიმინალთან ბრძოლა, პატრულირება, მოსახლეობასთან კავშირი და დანაშაულის პრევენცია, დრო აღარ დარჩება, ამბობს შალვა ოგბაიძე.

“მარტო იმის თქმა, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა და ვაკე-საბურთალოს გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი გზის გახსნა განტვირთავს მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ჯავახეთის ქუჩაზე, ვარკეთილში, არსებულ საცობებს, ეს არის საქმეში ჩაუხედაობა. ევროპული გამოცდილება ისაა, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე არის ერთ ხელში და ერთი სამსახური უწევს კოორდინაციას მოძრაობის ორგანიზებასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ამ თემასთან შეხებაში მყოფ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს. ხის ტოტი, რომელიც ეფარება შუქნიშანს, ხე ეკუთვნის სხვა სამსახურს, შუქნიშანი ეკუთვნის სხვა სამსახურს. მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს და სუფევს მე არ მეხებას პრინციპი”, – ამბობს შალვა ოგბაიძე.


#რუკა ასახავს თბილისში არსებული საცობების კერებს. ის შედგენილია თბილისის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ თბილისში საცობები არა მხოლოდ ავტომობილების მოძრაობას უშლის ხელს, არამედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და სახაძრო ბრიგადების გამოძახების ადგილებში დროულად მისვლას.

 

მესხიშვილის თქმით, საცობები აძვირებს გადაადგილებას და სკოლებსა და ბაღებში მოსწავლეების დატოვება ან სამსახურამდე მიღწევა გართულებულებულია.

 

იგი ამბობს, რომ მოიმატა ავტომობილების რაოდენობამ თბილისში, მაგრამ მერია რომ ფეხს უწყობდეს მატებას და ახორციელებდეს ინფრაქსტრუქტურულ პროექტებს თბილისში, ასეთი ვითარება არ იქნებოდა.

 

მესხიშვილის თქმით, თბილისში არის უამრავი ცხელი კვანძი: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის გამზირზე, ვაკე-საბურთალო მთლიანად დატვირთულია, ვაშლიჯვრის ასახვევთან სარემონტო საამშაოების გამო საცობებია, მაგრამ განსაკუთრებით გამოყოფს 3 ადგილს: სააკაძისა და გმირთა მოედნები და ჩქაროსნული მაგისტრალი რკინიგზის ადგილას.

 

მისი აზრით, აუცილებელია სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობა მოეწყოს და ნაკადები ერთმანეთს არ კვეთდნენ. სააკაძის მოედანს სჭირდება ძალიან მალე განტვირთვა, ასვეე, გმირთა მოედანს სჭირდება რეკონსტრუქცია.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის განხორციელება და მის ადგილას ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება, ამბობს მესხიშვილი, გლდანიდან კახეთის მიმართულებით და ვარკეთილიდან, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისგან მტკვრის სანაპიროებს განტვირთავს 30%-ით.

 

მესხიშვილის აზრით, მოსაწყობია ზებრები, ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელები კაპიტალურად შეკეთებული არ არის.

 

საცობი თბილისში
საცობი თბილისში

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის სახიფათო, ავტობუსები არის ამორტიზებული, ხოლო მიკროავტობუსები კუსტარულად გაზზე გადაიყვანეს სტანდარტის დარღვევით და ფეთქებადსაშიშია.

 

მერის განცხადება, რომ საცობები იყო, არის და იქნება, არის თვითაღიარება უუნარობის”, – ამბობს დავით მესხიშვილი.

 

თბილისის მერია საცობებს იმით ხსნის, რომ ქალაქში განხორციელდა ლოკალური ხასიათის პროექტები, რომლებმაც საცობების პრობლემა ვერ გადაწყვიტა. მერია იმედოვნებს, რომ ტრანსპორტის განვითარების გეგმის დამუშავების შემდეგ საცობების პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდება.

 

მერიის განმარტებით, ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სტრატეგიული დანიშნულების დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს ყველა პრობლემურ საკითხს, მოახდენს პრობლების იდენტიფიკაციას და მათი მოგვარების ოპტიმალური გზების დადგენას.

 

მერიის ვარაუდით, ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ერთიანი, ეფექტური, დროის დამზოგავი საგზაო ქსელის შექმნა, ხოლო კონკრეტული პროექტების ნაწილის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება.

 

ტრანსპორტის გენგეგმაში, მერიის განმარტებით, უნდა იყოს აღნიშნული არსებული მოძრაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემების ოპტიმიზაცია.

 

მერიის განმარტებით, დედაქალაქის მასშტაბით საპარკინგე ადგილების საჭიროებისა და პარკინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათანდო გამოცდილების მქონე კონსულტანტის მოძიება-შერჩევის პროცესი, რომლის დასრულებიდან 4 თვეში მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება მოახდინოს პროექტის იმპლემენტაცია, აცხადებს მერია.

 

მერიის დაპირებით, ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემადგენელი ნაწილი იქნება ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად სტრატეგიის შემუშავება და ავტობუსების პარკის განახლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი