ახალი ამბები

პოლიტიკა და ეკონომიკა – განსხვავებული პრიორიტეტები ჩინეთთან ურთიერთობაში

15 სექტემბერი, 2015 • • 2047
პოლიტიკა და ეკონომიკა – განსხვავებული პრიორიტეტები ჩინეთთან ურთიერთობაში

ჩინეთი – ეკონომიკური პარტნიორი

ჩინეთი რიგით მეორე ადგილს იკავებს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში. 2014 წელს სავაჭრო ბრუნვამ 823 მილიონი აშშ დოლარზე მეტი (90 392 800$ ექსპორტი, რეექსპორტის ჩათვლით) შეადგინა. ჩინეთში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთი ახალი პროექტი დააანონსა, რომელიც მისი მტკიცებით ჩინეთის კომპანიების მონაწილოებით საქართველოში განხორციელდება. ამასთან, საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ.

 

საკონსულტაციო კომპანია PMCG-მ ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ჩინეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე. როგორც ბათუმელებს ორგანიზაციაში უთხრეს, კვლევის მომზადება საქართველოს ეკონომიკის და ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაუკვეთეს და ის ჩინელ ანალიტიკოსებთან ურთიერთანამშრომლობით მომზადდა. კვლევის მიხედვით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში (2-3 წელი) საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზრდება 9.0%-ით (2.1 მლნ. აშშ დოლარით), ხოლო იმპორტი – 1.7%-ით (12.4 მლნ. აშშ დოლარით), ასევე,  საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაზრდის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსაც.

 

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, საზოგადოება “ივერიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი  მამუკა გამყრელიძე იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში, “თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ, რა პირობებია და რამდენად მომგებიანია ის საქართველოსთვის”.

 

“ქართული ღვინო ძალიან არათანაბარ პირობებშია ახალ ზელანდიურ ან ჩილეს ღვინოებთან ჩინეთში, რადგან ამ ქვეყნებს მსგავსი ხელშეკრულება უკვე აქვთ გაფორმებული, თუმცა ვიმეორებ, კარგი იქნებოდა ამ ხელშეკრულების პირობების ნახვა”, – ამბობს გამყრელიძე.

 

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის კუთხით დღეისათვის ჩინეთისა და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ ეს არის, მისი აზრით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებების ასე ინტენსიფიკაციის საფუძველი – საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 28 პროცენტით 2014 წელს გაიზარდა.

 

“საქართველოს ეძებს ინვესტიციებს, რაც შეეხება ჩინეთს, იქ ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე არ არის გამორიცხული საინვესტიციო რესურსების გამოთავსიუფლება. ჩინეთს გააჩნია ჭარბი საინვესტიციო შესაძლებლობები. ის ძალიან ქტიურია აფრიკაში, ცდილობს, რომ ლათინურ ამერიკაშიც მოიკიდოს ფეხი. ამიტომ ახლა ურთიერთსასარგებლო რეჟიმში აღმოვჩნდით, ჩვენ გვაინტერესებს ჩინეთის ინვესტიციები, ხოლო ჩინელებს- ინვესტიციების განთავსება ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი ფული კარგად იქნება დაცული”, – ამბობს გოგოლაშვილი.

 

მამუკა გამყრელიძე კი ინვესტიციების ნაწილს ცალკე განსახილველ თემად მიიჩნევს, რომელიც ზემოხსენებულ შესაძლო შეთანხმებას არ უკავშირდება:

 

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩინეთიდან ინვესტიციების განსაკუთრებულ ნაკადს. ჰუალინის ჯგუფი, რომელიც ძირითადი ინვესტორია ჩინეთის მხრიდან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროსაა შემოსული. ახლახან შევიტყვე, რომ დაახლოებით ერთი მილიარდის ოდენობის სამუშაოებს შეასრულებს ერთ-ერთი ჩინური კომპანია ქართულ ინფრასტრუქტურაში. მინდა დაგიზუსტოთ, რომ ეს არაა ინვესტიცია და დაფინანსება, ჩინური ბანკიდან მიღებული კრედიტის სახით ხდება. სამწუხაროდ, არც ამ ხელშეკრულების პირობებია ცნობილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლება დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა ჩინეთში კრედიტების აღებას, რადგან დასავლეთის ბანკების პირობები, როგორც წესი, უკეთესი იყო”, – ამბობს იგი.

 

კახა გოგოლაშვილის აზრით კი, სათანადო მუშაობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის, ინვესტორები ჩინეთიდან საქართველოში ინფრასტრუქტურის გარდა წარმოების სექტორში ფულის ჩადებით და ევროპის ბაზარზე გატანითაც დააინტერესო. მისი თქმით, შესაძლოა ეს საკითხი ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო პირობებთან (DCFTA) დაკავშირებითაც იყოს გამოყენებული: “ფაქტია, რომ DCFTA ჩვენთვის არა მარტო უკვე არსებული საექსპორტო პოეტენციალის გამოსაყენებლად, არამედ სწორედ ახალი კაპიტალის მოსაზიდადაც არის საინტერესო იმისთვის, რომ ახალი სფეროები განვითარდეს”.

 

“ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთი ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციას ავითარებს, რომელშიც საქართველოც მოიაზრება, როგორც მნიშვნელოვანი გზა და საქართველოზე შეიძლება ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვა გავიდეს ევროპაზე. ამ კონტექსტში საქართველო რომ გახდეს ადგილი, სადაც ისინი პროდუქციას დაამზადებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ამბობს გოგოლაშვილი.

 

ჩინეთი – შესაძლო პოლიტიკური პარტნიორი?

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თავის პირველსავე გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა, თუმცა თქვა:

 

“ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში. პროდასავალური მიმართულების გარდა ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – მოგვიანებით გაკეთებულ განმარტებებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი ეს განცხადება ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს დაუკავშირეს.

 

შესაძლოა თუ არა, რომ გარდა ეკონომიკურისა , საქართველომ სუპერსახელმწიფო ჩინეთისგან გარკვეული პოლიტიკური ბენეფიტების მიღებაც სცადოს არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე? – პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ჩინეთის გავლენა იზრდება და მომავალში ის აუცილებლად გახდება რუსეთის კონკურენტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. იგი ამ ფონზე მოსკოვსა და პეკინს შორის გარკვეული სახის პოლიტიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს, შესაბამისად, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთმა საქართველოსაც გაუწიოს მფარველობა. თუმცა, მისი თქმით, ჩინეთთან შესაძლო პოლიტიკურ პარტნიორობაზე ორიენტირის აღება თბილისის მხრიდან არასტაბილური იქნება. გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობები მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურით უნდა შემოიფარგლოს.

 

“ჩინეთი ამ ეტაპზე არის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესებით მოქმედებს. ამისგან განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც ფასეულობრივი კრიტერიუმებით მოქმედებს. ანუ თუ საქართველო არის დემოკრატიული სახელწმიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს და ევროპეიზაციის გზაზე დგას, ევროკავშირის მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა მუდამ იქნება გარანტირებული იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მას გააჩნია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ჩინეთზე, შეიძლება რაღაც მომენტში ინტერესები დაემთხვას და ჩვენ პოლიტიკური კავშირები დავამყაროთ, მაგრამ ეს არ იქნება მყარი და გრძელვადიანი, რადგან როგორც კი ჩინეთში გარკვეული პრიორიტეტები შეიცვლება, იმ წუთას შეიცვლება მისი პოლიტიკაც საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ მოხდება ევროკავშირის შემთხვევაში, რადგან მისი პრიორიტეტები მუდმივია”, – ამბობს გოგოლაშვილი. მისივე თქმით, თუ ჩინეთში პოლიტიკური განვითარებაც ისე სწრაფად მოხდება, როგორც ეკონომიკური, ეს სხვა საკითხი იქნება.

 

იგი საქართველოს მხრიდან ჩინეთში პოლიტიკური პარტნიორის შესაძლო ძებნის საკითხს მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი სარისკოდ მიიჩნევს:

 

“ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება პროცესი ჩვენ ვერ ვაკონტროლოთ, პოლიტიკას წაიყვანს ჩინეთი და შეიძლება მისი გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ის კი არა, რუსეთის ინტელექტუალურ ელიტაშიც კი შეშინებულები არიან, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოზე ბევრად დიდი რუსეთი არ მოხვდეს ჩინეთის გავლენის ქვეშ”, – აღნიშნავს გოგოლაშვილი.

 

შესაძლო პოლიტიკური კავშირების თაობაზე თავისი მოსაზრება აქვს ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, საზოგადოება “ივერიის” დამფუძნეველ მამუკა გამყრელიძესაც:

“მანდ რისკამდეც არ მივა საქმე. ჩვენი დაახლოება მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით განიხილება. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის განსხვავებაც ბევრია და თან სრულიად სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვიმყოფებით. კარგი, მყარი, მშვიდი და მეგობრული ურთიერთობებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ცალკე საკითხია არაღიარების პოლიტიკა, სადაც ჩვენ და ჩინეთს საერთო ინტერესები გაგვაჩნია. მათაც აქვთ პრობლემები სეპარატიზმის კუთხით, მაგრამ პირდაპირ მხარდაჭერას ჯერ ვერ იჩენენ. მათი ნეიტრალიტეტიც გაეროს რეზოლუციასთან მიმართებაში ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ჩინეთის სერიოზული გავლენა მთელს რიგ სახელმწიფოებზე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ოკეანეთშიც კი. მოკლედ, სამუშაო ბევრია, საინტერესო და, როგორც ჩინელებს უყვართ, ნაბიჯ-ნაბიჯ”, – ამბობს იგი.


საქართველოს დელეგაცია ჩინეთში © პრემიერი პრესსამსახური
საქართველოს დელეგაცია ჩინეთში © პრემიერი პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი