ახალი ამბები

მნიშვნელოვანი რჩევები ბავშვების კბილების მოვლასთან დაკავშირებით

9 სექტემბერი, 2015 • • 4134
მნიშვნელოვანი რჩევები ბავშვების კბილების მოვლასთან დაკავშირებით

რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პატარას ჯანმრთელი კბილები ქონდეს?

1. ბავშვის კბილის ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა 6-7 თვის ასაკში, პრველი კბილის ამოსვლისთანავე უნდა დავიწყოთ. ამ კბილს სჭირდება მუდმივი წმენდა, რათა მასზე არ დაგროვდეს ნადები და არ დაზიანდეს.

2. ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული, რომელიც კარიერის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ბავშვს ტკბილეულს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ მიღების ჯერადობა, ანუ ჭამის შორის შუალედებში არ მივცეთ მუდმივად “სუსნაობის” საშუალება. ასევე, უნდა ვეცადოთ, პატარა არ შევაჩვიოთ ღამით ტკბილი სასმელის, მათ შორის შაქრიანი ჩაის მიღებას.

3. საწოვარას მუდმივი გამოყენება აფერხებს კბილების ამოჭრას, ამიტომ როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება, პატარა მატყუარას უნდა გადააჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს თანკბილვის დარღვევა.

4. ბავშვის ორგანიზმი ძალიან სწრაფად იზრდება და ხშირად კალციუმი ძვლებში “ჩალაგებას” ვერ ასწრებს. კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევში ხშირია როგორც კარიესული, ისე არაკარიეული დაზიანებები, აქედან გამომდინარე,  აუცილებელია სრულფასოვანი კვება, რძის ნაწარმის მიღება, აუცილებლობის შემთხვევეაში კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება, რასაც აუცილებლად ექიმი უნდა აკონტროლებდეს.

5. კბილების დაზიანებისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია კბილების ფტორით გამდიდრება, ანუ ფტორირება.

6. კარიესის საწინააღმდეგო საიმედო პრევენციული მეთოდია ფისურების ჰერმეტიზაცია, ანუ კბილების ზედაპირზე არსებული ღარების (ფისურები) შევსება სპეციალური თხევადი მასალა “სილანტით”. ამის შედეგად კბილის ღარებიანი ზედაპირი ხდება გლუვი და გაცილებით მდგრადი ბაქტერიებისადმი.

როდის უნდა მივიყვანოთ პატარა სტომატოლოგთან?

 

1. პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია მაქსიმალურად ადრეულ ასაკში ჩატარდეს. ამ ეტაპზე პროცედურა მოიცავს მხოლოდ დათავალიერებასა და რჩევა-დარიგებების მიცემას მშობლებისათვის. შეგიძლიათ გააკონტროლოთ თანკბილვის ჩამოყალიბებისა და კბილების ამოჭრის მიმდინარეობა, ქსოვილების ზოგადი მდგომარეობა და საწყის ეტაპზევე მოახდინოთ შესაძლო პრობლემის კუპირება.

2. ზოგადად, პატარისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესული, ამასთან დამღლელი და ემოციური პროცესია. სწორედ ამიტომ, ბავშვთა სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა  ენიჭება პრევენციასა და კარიესის მკურნალობას დაავადების საწყის ეტაპზე. ნუ დაელოდებით, სანამ თქვენს პატარას კბილი ასტკივდება და წელიწადში ორჯერ გეგმიურად ეწვიეთ სტომატოლოგს, თუნდაც მხოლოდ მარტივი პროფილაქტიკური დათვალიერებისათვის.

ხშირად, მშობლებს უჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა ვუმკურნალოთ სარძევე კბილებს,როცა  რამდენიმე წელიწადში მის ნაცვლად ახალი კბილები ამოვა? დაზიანებული სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია, რადგან:

1. კარიესული კბილი ინფექციის წყაროს წარმოადგენს, რაც შეიძლება შინაგანი ორგანოების დაზიანებისა და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციის მიზეზიც კი გახდეს.

2. დაზიანებული კბილების შემთხვევეში ვერ ხერხდება საკვების სრულფასოვანი ღეჭვა და გადამუშავება.

3. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს სარძევე კბილები ფიზიოლოგიური მოცვლის ასაკამდე შევუნარჩუნოთ.  ყველა კბილს წინასწარ განსაზღვრული მოცვლის ვადები აქვს, მისი ხელოვნურად შეცვლის შემთხვევაში კი, შეიძლება მუდმივი კბილები ნაადრევად ამოიჭრას და თანკბილვის დარღვევები განვითარდეს.

4. სარძევე კბილის ქვეშ, სპეციალურ პარკში მოთავსებულია  მუდმივი კბილის ჩანასახი, რომლის  დაზიანების რისკი მაღალია ბავშვებში ანთებითი პროცესის სწრაფი პროგრესირების გამო. აქედან გამოდინარე, აუცილებელია, დაავადებას დროულად ვუმკურნალოთ, რათა მუდმივი კბილები ჯანმრთელი და დაუზიანებელი ამოიჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი