ახალი ამბები

რიგები საბაჟოზე – თურქი მძღოლები გამოძალვაზე საუბრობენ

8 სექტემბერი, 2015 • 2826
რიგები საბაჟოზე – თურქი მძღოლები გამოძალვაზე საუბრობენ

 

პარკინგი
პარკინგი

2011 წელს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ახალი ადმინისტრაციული შენობის გახსნიდანვე, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ ეს საბაჟო „მწვანე დერეფნის“ პრინციპით იმუშავებდა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისე როგორც თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები, მაშინ პირობას დებდნენ, რომ საბაჟოზე ერთი ავტომანქანის გატარებას მაქსიმუმ ხუთი წუთი დასჭირდებოდა.

 

როგორც ჩანს, მწვანე დერეფნის იდეა ვერ განხორციელდა, ჯერჯერობით მაინც. უფრო პირიქით, ბოლო ორი წელია გონიოში გაჩნდა იმ ტიპის დაწესებულება, რომელიც უფრო 2011 წლამდე არსებულ მდგომარეობას წააგავს – მძღოლებს გონიოში 2-3 და ზოგჯერ მეტი დღითაც უწევთ გაჩერება.

 

სატვირთო მანქანების პარკინგი ბათუმიდან სარფისკენ მიმავალ გზაზე, გონიოს ხიდის მიმდებარედ არის განთავსებული. სატვირთო მანქანების მძღოლები სწორედ ამ მონაკვეთზე ყოვნდებიან. ხიდს როგორც კი გადახვალ, ხელმარჯვნივ საპატრულო პოლიციის მანქანა დგას, ცოტა სიღრმეში კი პარკინგის ტერიტორიაა. საპატრულო ეკიპაჟი სარფისკენ მიმავალ ნებისმიერ სატვირთო მანქანას სწორედ ამ პარკინგისკენ ამისამართებს, სარფის საბაჟოზე ამ პარკინგის გვერდის ავლით ვერც ერთი სატვირთო ავტომანქანა ვერ მოხვდება.

 

ერთი შეხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია კერძო პირის პარკინგის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ საპატრულო პოლიცია სატვირთო ავტომანქანების ნაკადს არ დაარეგულირებს, საერთაშორისო მაგისტრალის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი გახდება.

 

პარკინგის ტერიტორიაზე მეტ-ნაკლებად არის წესრიგი, დგას სკამები და მძღოლებიც ჩრდილში სხედან, მაგრამ ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ სატვირთო მანქანების რაოდენობა პარკინგის ტერიტორიაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე მის გარეთ.

 

პარკინგის გარეთ, ანუ ვიწრო და ნახევრადმოასფალტებულ ქუჩაზე აქაურობისთვის შეუფერებლად დიდი მანქანების მწკრივია. ამ ქუჩის გასწვრივ ანტისანიტარიაა – ყრია პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, საჭმლის ნარჩენები; არსად დგას ნაგვის ურნები და არც საპირფარეშო მოჩანს, არადა, ტერიტორიაზე 100 მძღოლი მაინც იქნება.

 

პარკინგის ტერიტორიაზე შესასვლელად სატვირთოს მძღოლი 15 ლარს იხდის ერთჯერადად. ეს ოფიციალური გადასახადია. ჯიხურთან მყოფი პირი „ბათუმელებს“ უხსნის, რომ ქვითრებს, რომლებსაც პარკინგი გასცემს, ყოველ დილით კომპიუტერზე ბეჭდავენ. წესით, ეს უნდა იყოს რიგითობის განმსაზღვრელი ნომერი. მაგრამ პარკინგის გარეთ მყოფი ათობით თურქი ეროვნების მძღოლი „ბათუმელებს“ უყვება, რომ პრობლემის სათავე სწორედ რიგითობის დაუცველობაა. თურქი მძღოლების თქმით, პარკინგის თანამშრომლები ქართველ მძღოლებს ურიგოდ ატარებენ. ურიგოდ ატარებენ თურქებსაც, მაგრამ „თურქი ამაში ფულს იხდის. თუ ფულს არ გადაიხდი, დიდხანს გაჩერებენ“, – ამბობს ბულანთ კოდანი, ერთ-ერთი მძღოლი. – „პარკში შესვლამდე, ამ ვიწრო და ბინძურ ქუჩაზე, მშიერ-მწყურვალებს ზოგჯერ 2-3 დღეს გვაჩერებენ. ვისაც ეჩქარება ან არ შეუძლია ლოდინი _ 20-30 დოლარს ან 50 დოლარს იხდის; ზოგს 100 დოლარიც კი გადაგვიხდია“.

 

„ეს ქრთამია. ადრე ასე არ იყო. ამათ რომ ხედავთ [პარკინგის თანამშრომლებს], ყველამ ჯიპები იყიდა. პირველად რომ მოვიდნენ, ყველა ფეხით დადიოდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თურქი ეროვნების კიდევ ერთმა მძღოლმა – სერდარ ნაზლიმ. რით შეგიძლიათ ამის დადასტურება? – „ბათუმელების“ ამ კითხვას იმავე მძღოლმა ასე უპასუხა: „მომეცით 100 ლარი და ხუთ წუთში თქვენი თვალით ნახავთ, გვძალავენ თუ არა ფულს. ტელეფონით გადავიღებ“.

 

რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ სხვა მძღოლი, რომელიც „ბათუმელებს“ წარუდგა, როგორც ილდიზ გოქანი, გვაჩვენებს მანქანას საქართველოს სახელმწიფო ნომრებით, რომელიც, როგორც კი გადმოუხვია მაგისტრალიდან, პარკინგის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შეუშვეს. „აქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მძღოლების ცემაზე მუშაობენ, პარკინგის ხალხი. როცა ეკითხები, რომ ის მანქანა რატომ გაუშვეს ურიგოდ, – დარტყმაზე მოდიან. თუ გინდათ ახლავე წავალ და ვიკითხავ ამას – მაშინვე ჩხუბს დაიწყებენ“.

თურქი მძღოლებისგან განსხვავებით ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან პარკინგის ტერიტორიაზე მყოფი ქართველი მძღოლები. სიტუაციაში გასარკვევად მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დაგვთანხმდა კომენტარზე, ისიც ვინაობის გამხელის გარეშე: „ხალხი წვალობს, „სუტკასაც“ ვჩერდებით. მაგრამ ეს თურქი მებაჟეების ბრალია – მაგათი „ტამოჟნია“ არ იღებს მანქანებს. ვიღაცას, იქეთ მხარეს, აწყობს ალბათ აქ არეულობა. მე რა მიჭირს, როცა ჩემი რიგი მოვა – მეორე-მესამე დღეს გამოვალ. ვისაც წასასვლელი არ აქვს, ის ცოდვაა“.

 

ზურა კირკიტაძე კომპანია „ფიგოილში“ მუშაობს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის პარკინგი, სადაც ის ცვლის უფროსია. მისი თქმით, „ყირაზეც რომ დადგე, ამათ [თურქი ეროვნების მძღოლების] გულს ვერ მოიგებ: მანქანაში ზიან და რიგს ელოდებიან – ორ დღეს აქ არავინ ჩერდება, თუ სერვერი არ გაფუჭდა საბაჟოზე… კომფორტი შევუქმენით – აბაზანა გავუკეთეთ, სასადილო, უფასო სამლოცველო. ერთადერთი ქალები არ არიან და ამათ ეგ აწუხებთ“.

 

ზურა კირკიტაძის აზრით, რომ არა მათი პარკი, მაგისტრალზე წარმოუდგენელი ქაოსი იქნებოდა: „ეს რიგი თუ არ დაიცავი, სარფი და გონიო იქნება გაჭედილი. საბაჟოდან როგორც კი ბრძანებას ვიღებთ, ეგრევე გადის 20-30 მანქანა. გზაში იმიტომ დგას რიგი, რომ აქ მეტი ადგილი არ გვაქვს“.

 

ზურა კირკიტაძის თქმით, მათი პარკიდან დღეში, საშუალოდ, 400 ავტომანქანა გადის: „დღეში თურქეთის საბაჟოს მხოლოდ 400 მანქანის მიღება შეუძლია და იმიტომ, ამაში შედის ავტობუსებიც. რიგის საკითხს თურქეთის მხარე წყვეტს. ჩვენთან ხელოვნურ ბარიერს არავინ ქმნის. ერთს კი ვაკეთებ ნამდვილად, მაგათ 10 მანქანას ერთ ქართულს მაინც ვაყოლებ. ამის გამო დაძაბულობა რიგში კი არის“.

 

თურქი მძღოლები ამბობენ, რომ დასახმარებლად ხშირად ურეკავენ ბათუმში თურქეთის საკონსულოს. იმავეს ადასტურებს `ბათუმელებთან~ საკონსულოში საბაჟოს ატაშე ოზაი კუტლე. მისი აზრით, „მთავარი პრობლემა არის არა საბაჟოს გაბარიტები თურქეთის მხარეს, არამედ რიგითობა პარკში“:

 

„თურქი მძღოლების პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვაქვს. მთავარი პრობლემა არის ის, რაც სატვირთო მანქანების პარკში ხდება – პარკი გადატვირთულია. მე იქ 24 საათი დავრჩი, პარკის მიმდებარედ რიგი რომ მომეწესრიგებინა. ეს ჩემთვის დამღლელი ტემპი იყო, მაგრამ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ პრობლემა გადაწყდეს. რიგი უნდა იყოს მკაცრად დაცული – პარკში პირველი ვინც შედის, საბაჟოზეც პირველი ის უნდა გავიდეს, მაგრამ ასე არ ხდება. თურქული მანქანები, როცა რიგში დგანან, ქართული მანქანები, ძირითადად, ურიგოდ შემოდიან და გადიან. ასევეა საბაჟოზე, პირველად ქართული მანქანები გადის, თურქები კი იცდიან. მძღოლები ამბობენ, რომ 50 დოლარს თუ გადაიხდი, ურიგოდ გაგიშვებენ, მაგრამ პირადად მე ეს არ დამიფიქსირებია“.

 

სალარო
სალარო

საკონსულოს საბაჟო ატაშე ამბობს, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდათ პარკინგის მესაკუთრესთან და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა გაუზიარეს: „ივნისის დასაწყისში პარკინგის დირექტორი წავიყვანეთ თურქეთში და იქ არსებული სისტემა დავათვალიერებინეთ. დელეგაცია ჩამოვიყვანეთ იქედანაც. შევთავაზეთ, რომ იდენტური სერვისი შეექმნა თავის პარკში: შესასვლელში აუცილებლად უნდა იყოს ნუმერაციის აპარატი, რომელზე ხელის დაჭერითაც მძღოლი თავად შეძლებს ქვითრის აღებას. რიგითობის ნომერი უნდა გამოჩნდეს ტაბლოზე. გასასვლელში, ფულს როცა გადაიხდის მძღოლი, ასევე ტაბლოზე უნდა დაეწეროს, რომელი ნომერი მანქანა გავიდა. მართალია, პარკში აქვთ მონიტორები, მაგრამ არ მუშაობს. ქვითრებს კომპიუტერიდან ბეჭდავენ დილაობით და როგორც უნდათ, ისე ანაწილებენ. აქედან გამომდინარე პრინციპი – პირველი შევიდა, პირველი გავიდა, ვერ მუშაობს“.

 

ოზაი კუტლეს თქმით, პარკინგის მესაკუთრის მიერ მზაობის დადასტურების მიუხედავად, მდგომარეობის შესაცვლელად არაფერი გაკეთებულა. აგვისტოში საკონსულოს წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ კი, პარკინგის მფლობელმა სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში. თუ კონკრეტულად რა საკითხი, ამაზე საკონსულო ატაშეს საუბარი არ სურს.

 

ოზაი კუტლეს „ბათუმელებმა“ საბაჟოს თურქულ მონაკვეთზე ხელოვნურად შექმნილ ბარიერებზეც ჰკითხა. ატაშე ამბობს, რომ მას ამის შესახებაც სმენია. „როდესაც მეუბნებიან, რომ არ უშვებენ მანქანებს, პირდაპირ მივდივარ საბაჟოზე. გადავდივარ და ვხედავ, რომ თურქეთის საბაჟო ცარიელია. ვეკითხები, თუ რატომ არ იღებენ მანქანებს. ისინი მეუბნებიან, რომ საქართველოს მხარე არ აგზავნის. გადმოვდივარ საქართველოს მხარეს და ვეკითხები, რატომ არ აგზავნიან მანქანებს. ისინი მეუბნებიან, რომ თურქეთის მხარე ვერ იღებს. არადა, მე ჩემი თვალით ვნახე, რომ თურქეთის მხარეს საბაჟო თავისუფალია. როცა ამას ვეუბნები, მერე იღებენ ტელეფონს და ურეკავენ პოლიციას, რომ 10-20 მანქანა გამოუშვან. ეს ბევრჯერ ვნახე საკუთარი თვალით“.

 

რა ინფორმაციას ფლობენ თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლის მიერ მოყვანილ მაგალითზე საქართველოს შემოსავლების სამსახურში? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ უწყების პრესსამსახურის მეშვეობით სცადა. დაპირების მიუხედავად, პრესცენტრისგან „ბათუმელებს“ განმარტება არ მიუღია.

 

იცის თუ არა პარკინგის მესაკუთრემ თურქი მძღოლების პრეტენზიების შესახებ? – ამ კითხვით კომპანიის ერთ-ერთ მფლობელს, გია ჭყონიას დავუკავშირდით („ფიგოილს” ორი დამფუძნებელი ჰყავს – ბიზნესმენი გია ჭყონია და შპს „პროფერთი გრუპი“), რომელმაც საკითხზე კომენტარის მისაღებად კომპანიის იურისტთან – არჩილ ბასილაძესთან გადაგვამისამართა.

 

არჩილ ბასილაძის თქმით, „ფიგოილის“ თანამშრომლების მიერ თანხის გამოძალვისა თუ სხვა ზემოთ მითითებული ქცევების შესახებ კითხვის დასმაც კი, შეურაცხმყოფელია:

„მძღოლები ყოველთვის აძლევენ იმ ინტერპრეტაციას, თითქოს მათ ვინმე რამეს აიძულებდეს. პრეტენზიები აქვთ არა მომსახურებაზე ან ტარიფზე, არამედ რიგითობაზე, მათ სურთ რიგის გარეშე გასვლა. ქართველებს უნდათ გადაუსწრონ წინ. ჩვენთან ასეთი განცხადებები კეთდება, რომ თურქეთში მათ სწორედ ასე ექცევიან და ჩვენგანაც იმავეს ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ – ჩვენ მიერ დადგენილი წესი, რიგითობის დაცვაა“.

 

არჩილ ბასილაძის თქმით, კომპანია სიტუაციას მონიტორინგს უწევს ვიდეოთვალების მეშვეობით, რომელიც „პარკინგის მთელ პერიმეტრს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს“. „ჩვენ რომ ჩვენს პარკში მსგავსი რამ დავუშვათ, ჩვენ თავს ზიანი უნდა მივაყენოთ. თანაც ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, – ამბობს არჩილ ბასილაძე.

 

იურისტი ადასტურებს საბაჟო ატაშეს ინფორმაციას „აქტიური გაცვლითი შეხვედრების შესახებ“ და დასძენს, რომ პარკინგის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია როგორც ტაბლოები, ისე სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.

 

პარკინგის ტერიტორიაზე ყოფნის დროს „ბათუმელებს“ არც ჩართული ტაბლო უნახავს და არც ქვითრის ავტომატური გაცემის მოწყობილობა, რაზეც არჩილ ბასილაძე ამბობს, რომ „შეიძლება პროგრამა იყო გამორთული, ან რამე სხვა ხარვეზი ჰქონდათ, თორემ შესასვლელში ისეთივე აპარატები დგას, როგორიც საჯარო რეესტრის სივრცეში – ღილაკს ხელს მიაჭერ და ამოვა ნომერი. ტრაილერი როცა შედის შესასვლელში, მძღოლი თავად იღებს რიგის ნომერს, შემდეგშიც ტაბლოზე გამონათებული ნომრით გადიან საბაჟოზე“.

 

რაც შეეხება საკონსულოს თანამშრომლისა და „ბათუმელების“ მიერ დაფიქსირებულ რიგითობის დარღვევის შემთხვევებს, არჩილ ბასილაძე ამბობს, რომ შეიძლება ეს სახელმწიფო ფოსტის მანქანები იყო. „ფოსტა უპირატესობით სარგებლობს. სხვა გამორიცხულია“, – თქვა არჩილ ბასილაძემ, რომელმაც ასევე ითხოვა, რომ „ბათუმელებმა“ პარკინგს, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს, ის უნდა მიაქციოს ყურადღება:

 

„50 ადამიანია დასაქმებული. გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში. აღნიშნული პარკის მოწყობით რეგიონში ერთ-ერთი რთული საკითხი მოწესრიგდა – გამოირიცხა სარფი-ბათუმის მიმართულებით გზაზე საცობები, რიგები, ავტოსაგზაო შემთხვევები. სხვათა შორის, თურქმა მძღოლებმა მოიყვანეს საკონსულოს წარმომადგენლები და ყველა ისე კმაყოფილია, ვერ გადმოვცემ. მხოლოდ ქართველების 10-15% გამოთქვამს უკმაყოფილებას, რადგან რიგის დაცვა არ უნდათ“.

 

არჩილ ბასილაძის ინფორმაციით, თურქი ეროვნების მძღოლებს ფულის გამოძალვის საკითხზე არასდროს მიუმართავთ კომპანიის ადმინისტრაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი