ახალი ამბები

აბიტურიენტთა ნაწილი მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას ითხოვს

27 აგვისტო, 2015 • 6519
აბიტურიენტთა ნაწილი მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას ითხოვს

აბიტურიენტები უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათი თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს.

 

ერთ-ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში გადალახა ბარიერი და არ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მელანო მახარაძეა. მას პირველი ეწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, მეორე -თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო მომდევნო ორი – ილიაუნის ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ფიფაკულტეტები.

 

 

“ვცდილობ ცხელ ხაზზე დაკავშირებას, თუმცა ვერ ვუკავშირდები. ანალოგიურს ამბობენ ის ათასობით ბარიერგადალახული აბიტურიენტები, რომლებიც გარკვეული მიზეზბის გამო ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში. განათლების სამინისტროს მხრიდან დიდი გულისხმიერება იქნება, თუ ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს მიგვიღებენ უნივერსიტეტებში. გარკვეულწილად, ეს მათი ინტერესიც უნდა იყოს, არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების დიდ ნაწილს საკმაოდ მაღალი ქულები აქვთ,” – ამბობს მახარაძე.


კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელიც საშუალო ქულების მიღების მიუხედავად ვერ მოხვდა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მარიამ ხაჩიძეა. მას ორი უნივერსიტეტი ეწერა: ილიაუნი და თსუ. მარიამის თქმით, მთავარი მიზეზიც ის არის, რომ არც ილიაუნს და არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ყოფნის სკალარული ქულები.

 
მარიამ ხაჩიძის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
მარიამ ხაჩიძის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
 
აბიტურიენტებმა უნივერსიტეტებში მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით “ფეისბუკზე” გვერდი გახსნეს. სოციალურ ქსელში იმ აბიტურიენტების მიერ მიღებული ნიშნების სქრინები იპოსტება, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცებზე საშუალო ქულები მიიღეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ვერ ჩაირიცხნენ.
 
 

მათ დასძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ უნივერსიტეტის გარეშე! ერთად დავუდგეთ მათ გვერდში და მივმართოთ სპეც.ორგანიზაციებს შევიდნენ მათ მდგომარეობაში.

Posted by მოვითხოვთ დაინიშნოს მეორადი ჩარიცხვები 2015-16წ. on Wednesday, August 26, 2015



წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. 28 055 სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის. უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. მათი ინფორმაციით, არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი