ახალი ამბები

ბათუმის ფასიანი პლაჟები – რატომ მიმართავს პარლამენტარი ბულვარის ადმინისტრაციას

26 აგვისტო, 2015 • 3569
ბათუმის ფასიანი პლაჟები – რატომ მიმართავს პარლამენტარი ბულვარის ადმინისტრაციას

 

ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი

მმართველი კოალიციის წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას განცხადებით 21 აგვისტოს მიმართა. თავის განცხადებაში დეპუტატი აღწერს პლაჟის ერთ-ერთ მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას: „2015 წლის 12-21 აგვისტოს ჩამოსული ვიყავი ქალაქ ბათუმში ზაფხულის ცხელი დღეების ზღვაზე გასატარებლად, თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ზღვის სანაპიროზე არსებული ვითარება ნამდვილად არ უქმნის ადამიანებს დასვენების ელემენტარულ პირობებს, უფრო მეტიც, ადგილი აქვს ღირსების შემლახავ მოპყრობას. კერძოდ, სანაპიროს იმ ნაწილში, რომელიც იჯარით აქვს გაცემული სსიპ „ბათუმის ბულვარს“ ადამიანებს არ აძლევენ სანაპიროზე შეზლოგნის გარეშე წამოწოლის უფლებას. `განუმარტავენ~, რომ ეს არის „არენდით“ აღებული და, შესაბამისად, მათ აქვთ მსგავსი მოთხოვნის უფლება“.

 

თამარ კორძაია ბულვარის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ განცხადებაში ასახელებს კონკრეტულ მონაკვეთს, თუ სად გახდა დეპუტატი ინციდენტის მომსწრე. „მაგალითად, შპს „ივერია ბიჩის“ წარმომადგენლობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუ ადამიანი არ ისარგებლებს მისი ინფრასტრუქტურით [რომელიც საკმაოდ ძვირია], დატოვონ „მისი“ ტერიტორია, რადგან თურმე მათ ხელშეკრულებით ევალებათ დამსვენებლებს შეუქმნან კომფორტული გარემო და იქვე “უშეზლონგოდ” მყოფი ადამიანები არიან კომფორტის დამრღვევები“.

 

თამარ კორძაიას აზრით, „მსგავსი დამოკიდებულება ლახავს ადამიანის ღირსებას, ასევე, ქალაქის რეპუტაციას“.

 

თამარ კორძაია ერთადერთი არ არის ვინც ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. ბათუმელი თიკო აბაშიძეც ამბობს, რომ „ივერია ბიჩის“ მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მას კაფეს მენეჯერმა ზღვაში შესვლის უფლება არ მისცა: „ასლარიანი ადგილების წინ პირსახოცს არ დაგადებინებთო, მითხრა. მე არ ვყოფილვარ მათ ტერიტორიაზე, თითქმის ზღვასთან მეწყო ნივთები და ამის მიუხედავად, სანაპიროზე დაჯდომის უფლება არ მოგვცეს“.

 

იმ ხელშეკრულებების თანახმად, რომლებიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება, „ბათუმის ბულვარს“ იჯარის ხელშეკრულება ოთხ კერძო პირთან აქვს გაფორმებული. ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც ბათუმის ბულვარს ხელშეკრულება 30 ივლისს გაუფორმებია, შპს „სუბტროპიკია“.

 

ხელშეკრულების თანახმად, „სუბტროპიკს“ იჯარით 400 კვადრატული მეტრი ფართობი აქვს აღებული კლუბ „მანდარინის“ გასწვრივ ტერიტორიაზე. საიჯარო ქირის ოდენობა 2 884 ლარია, აქედან 1400 ლარი აუქციონში მონაწილეობის დროს აქვს კომპანიას გადახდილი.

 

ბათუმის ბულვართან გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს „სუბტროპიკის“ დირექტორი გენადი დიასამიძე, რომელიც მის საიჯარო ტერიტორიაზე მსგავს აკრძალვას გამორიცხავს: „მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქობულეთში მოხდა მსგავსი ინციდენტი. ჩემთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და არც იქნება. მე თვითონ ბათუმელი ვარ და მაგას არ დავუშვებ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ“.

 

გენადი დიასამიძის თქმით, მას პლაჟის ტერიტორია, ისე როგორც თავად კლუბი, სხვა ჯგუფზე აქვს გაქირავებული, მაგრამ ხალხის შეშვების საკითხს პირადად აკონტროლებს: „მენჯმენტში არ ვერევი, მაგრამ გაფრთხილებული მყავს, რომ ბათუმელებზე აკრძალვა არ იყოს. ამ თემაზე ჩემთან შენიშვნა არ ყოფილა, მაგრამ იყო ერთი ცნობილი ფაქტი – ჩემს გვერდით არის „იბერია ბიჩი“, პატარა ბარია. იქ იყო შემთხვევა, როცა მოქალაქე არ შეუშვეს. სხვათა შორის, ის იყო ტელევიზიის თანამშრომელი, რომელმაც საჩივარში ჩაწერა „მანდარინიც“, მაგრამ მე როცა ვესაუბრე, ბოდიში მოიხადა, შემეშალაო. ჩემთან დაცვაც კი არ დგას“.


„მანდარინის“ გასწვრივ პლაჟზე შეზლონგის ფასი 15 ლარია. „ამაში შედის პირსახოცი, სპეციალური დასაფენი პლედი და კლუბის მომსახურება ბარიდან. ადრე 10 ლარი იყო, მაგრამ ახლა ფასი გაიზარდა. სხვებთან 20-25 ლარია“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი დიასამიძემ.

 

იჯარით გაცემულ პლაჟზე დამსვენებლების ქცევის წესებს მხოლოდ მოიჯარე ვერ განსაზღვრავს. ამ საკითხს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც არეგულირებს. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში წერია, რომ: „იჯარით გაცემულ ქონებაზე არ შეიზღუდოს იმ დამსვენებლების გადაადგილება და პლაჟით სარგებლობა, რომლებიც არ ისარგებლებენ საპლაჟო ინფრასტრუქტურით“. სწორედ ამ მუხლის თანახმად არ აქვთ მოიჯარეებს უფლება, თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ, ვის აქვს პლაჟზე წამოწოლის უფლება და ვის – არა.

 

კიდევ ერთი მოიჯარე ჯაბა გოხიძე „ბათუმელებთან“ საუბარს სწორედ 5.3 პუნქტით იწყებს: „რას ამბობთ. ჩვენ პირდაპირ ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ადამიანებს არ შევუზღუდოთ პლაჟზე დაწოლა. ჩვენ გვამოწმებენ და მსგავსი რამე რომ ჩავიდინოთ, დაგვაჯარიმებენ“. ამის მიუხედავად, ჯაბა გოხიძე ამბობს, რომ იჯარით აღებული პლაჟიდან ადამიანების გაძევების შესახებ მასაც სმენია. „ეს უფრო შიგნით ხდება, სხვა სექტორებზე, მაგრამ მე ვერ ვიტყვი. ვისაც ევალება, ეგ საკითხი იმან უნდა გაარკვიოს“.

 

ხელშეკრულების პირობის თანახმად, ჯაბა გოხიძეც იმდენივე თანხას იხდის იჯარით აღებული პლაჟის მონაკვეთით სარგებლობისთვის, რამდენსაც „მანდარინი“ – 2 884 ლარს. მას, როგორც თავად ამბობს, სასტუმრო „შერატონისა“ და საცხოვრებელი სახლის – „მაგნოლიას“ პირდაპირ აქვს პლაჟი აღებული. ჯაბა გოხიძის თქმით, მასთან ფასები, სხვებთან შედარებით, ყველაზე დაბალია – „შეზლონგი შუადღემდე 5 ლარი ღირს, ხოლო ქოლგის აღების შემთხვევაში 4 ლარი ემატება“.

 

 

ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი

რაც შეეხება „ივერია ბიჩს“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი სერიოზულ ბრალდებას უყენებს – ხელშეკრულების თანახმად ის განკარგავს „ალის და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე პლაჟს. ბათუმის ბულვართან გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებას ხელს აწერს „ივერია ბიჩის“ დირექტორი ნიკოლოზ მაჭარაძე, რომელიც „ბათუმელებთან“ პირიქით – ტურისტების მიმართ გამოთქვამს სერიოზულ პრეტენზიებს: „ნაგავს ყრიან როგორც ზღვაში, ისე პლაჟზე, ბოთლებს ამტვრევენ. ჩვენ 90% უცხოელი ტურისტი გვყავს. როცა ეს ტურისტი ამას ხედავს, ის უკან აღარ დაბრუნდება. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ აქ ტურიზმს ხელი შეეშალოს. აქ საშინელი მდგომარეობაა, ასე ტურიზმი დაიღუპება, ამ ქალაქის საქმე წავა უკან-უკან. ღამით აქ მიდის ჩვეულებრივი ქეიფები. პატრული და ბულვარის პოლიცია არ მიუთითებს ამაზე.

ტერიტორიას არც ბულვარის დასუფთავების სამსახური ალაგებს, ყველაფერს ჩვენი ძალებით ვაკეთებთ. ვინც იძახის, რომ არ გვიშვებენო, სწორედ ეს ხალხი იქცევა ასე. ჩვენი დაცვა იძულებულია ამაზე მიუთითოს“.

 

„ივერია ბიჩის“ საიჯარო თანხა 3 388 ლარია. მის მიერ იჯარით აღებულ პლაჟზე შეზლონგის დაქირავება 25 ლარი ღირს. ხელშეკრულება 4 აგვისტოს არის გაფორმებული და პირველ ნოემბრამდე გრძელდება.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ივერია ბიჩის“ დამფუძნებელი კიდევ ერთი კომპანია – „ივერია გრუპია“, რომლის დამფუძნებელი თავის მხრივ ოფშორში, კერძოდ კი მალტაში დაფუძნებული „დიონისიუს ჰოლდინგს ლიმიტედია“.

 

რას აკეთებს ბულვარის ადმინისტრაცია იმისათვის, რომ ზღვაზე გარუჯვის მსურველმა ტურისტმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ზირაქიშვილს მიმართა. “ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ადამიანი არ არის ვალდებული დაწვეს შეზლონგზე“, – ამბობს დირექტორი. დირექტორის განმარტებით, მსგავსი ინციდენტები, რაზეც მოქალაქე თამარ კორძაია საუბრობს, მინიმალურია: „თუ არ ვცდები, ქალბატონმა თამარ კორძაიამ მოგვმართა მსგავსი ფაქტის შესახებ გასულ პარასკევს, პრობლემა დაკავშირებული იყო „ივერია ბიჩის“ პლაჟთან. მისი თქმით, მას იქ არ მისცეს დაწოლის უფლება. სხვა ასეთი ფაქტი მე არ მახსოვს“.

 

მონიტორინგთან დაკავშირებით გიორგი ზირაქიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეების სატელეფონო თუ სხვა სახის შეტყობინებებზე რეაგირებენ: „ქალბატონ თამარ კორძაიას წერილთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტების შესწავლა. ეს არის „ივერია ბიჩის“ ტერიტორია და, შესაბამისად, მათ გაეგზავნათ შეტყობინება, რომ პროცენტიანი ჯარიმა დაეკისრებათ, თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება“.

 

რაც შეეხება ფასებს – გიორგი ზირაქიშვილი ამბობს, რომ ფასზე მათ შეზღუდვა არ დაუწესებიათ: „როგორც ვიცი, საშუალოდ 2-3 ლარს შორის მერყეობს შეზლონგის ფასი. არის ლარიანი ადგილებიც. გამიგია, რომ „ივერია ბიჩს“ 25 ლარი აქვს ფასი. მაგრამ თუ კომპანია 25 ლარად აქირავებს, ეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მე, მაგალითად, არ გადავიხდი შეზლონგში 25 ლარს. ეტყობა, რაღაც კონტინგეტზეა განსაზღვრული. როგორც ვიცი, „ივერია ბიჩი“ „რედისონს“ ეკუთვნის და, შესაბამისად, თავიანთ სტუმრებს ემსახურებიან ძირითადად“.

 

თამარ კორძაია თავის წერილში ბულვარის ადმინისტრაციას ერთგვარ რეკომენდაციასაც აძლევს. „კონტრაქტორები არღვევენ თქვენთანვე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. ამდენად, მოგმართავთ თხოვნით, ა). წერილობით გააფრთხილოთ მოიჯარეები ხელშეკრულების პირობების სრულფასოვნად შესრულების თაობაზე; ბ). დაავალოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომ ინფრაქტრუქტურით არ მოსარგებლე ადამიანები არ იზღუდებიან პლაჟით სარგებლობაში, განათავსონ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას; გ). განახორციელოთ მუდმივი მონიტორინგი ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობაზე და ხელახალი დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ვადაზე ადრე გაუუქმოთ ხელშეკრულება“, – წერია დეპუტატის განცხადებაში.

 

ბულვარში არსებულ მდგომარეობის შესაფასებლად „ბათუმელები“ კომენტარის მიზნით თამარ კორძაიას დაუკავშირდა. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც პლაჟზე არსებული მდგომარეობა დააფიქსირა, ბულვართან დაკავშირებული სხვა გარემოებებით დაინტერესდა და მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევების შესახებაც შეიტყო: „თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ისვენებს, ტურისტია თუ აქ მცხოვრები, უნდა იგრძნოს, რომ მის უფლებას იცავს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობა. ერთი კვირაა რასაც ვაკვირდები და ეს არც ერთ ნაბიჯზე არ იგრძნობა, არც ბათუმის სანაპიროზე და არც ბულვარში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს საკითხი რამდენად სწორად ადმინისტრირებს სსიპ „ბათუმის ბულვარი“. კიდევ უფრო უცნაური კი ის არის, რატომ ადმინისტრირებს „ბათუმის ბულვარი“ ამ ყველაფერს, რადგან ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე [ირაკლი ჩავლეიშვილი] აწერს ხელს, ბათუმის მერიას დავალებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „ბათუმის ბულვართან” გაფორმებული უზურფრუქტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეეწყვიტის თაობაზე. ანუ სსიპ “ბათუმის ბულვარს” ბულვარის მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ვადამდე ადრე უნდა შეწყვეტოდა, მაგრამ დღეს, 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მაინც ის აფორმებს ხელშეკრულებას კერძო კომპანიებთან. თუ სამართლებრივად შევხედავთ, ამ ხელშეკრულების ნამდვილობისა და კანონიერების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი გაუგებრობის გამო ხდება ის, რომ ქალაქში არ არის სათანადო პირობები დამსვენებლებისთვის. ამან მომავალში შეიძლება ტურიზმის განვითარებაც შეაფერხოს“.

 

თამარ კორძაიას თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ბათუმის მერიას ეკისრება: „მე, პირადად, ბათუმის მერიას სასამართლოში ვუჩივლებდი და დავავალდებულებდი ბულვარის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების გაწყვეტას, რადგან სხვა გზა აღარ რჩება. ეს არის თვითნებობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს ამ მდგომარეობის კანონიერ ჩარჩოებში მოსაქცევად. მათ უნდა იზრუნონ, რომ მოქალაქეებისა და დამსვენებლების პირობები გაუმჯობესდეს. ეს შესაძლებელია მონიტორინგით, რასაც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია არ ახორციელებს“.

 

დეპუტატს კითხვითი ნიშნები აქვს საიჯარო თანხის ოდენობასთან დაკავშირებითაც: „საიჯარო ხელშეკრულებით 4 აგვისტოდან პირველ ნოემბრამდე აქვს ტერიტორია „ივერია ბიჩს“ აღებული. ეს არის მიზერული თანხა იმის გათვალისწინებით, რომ დღეში შეზლონგით სარგებლობა 25 ლარი ღირს. გარდა ამისა, რამდენადაც მე გავიგე, შეზლონგები 4 აგვისტომდეც იყო განთავსებული. წინასაფუძველი, თუ როგორ იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე შეზლონგები განთავსებული, ამაზე პასუხი არ მაქვს და ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბათუმის ბულვარი“ ვერ ახდენს ბულვარის ადმინისტრირებას სათანადოდ, უბრალოდ, იმასაც კი არ აკონტროლებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის მოიჯარეს პასუხი რომ მოსთხოვოს. ხელშეკრულება არის საკმაოდ ზედაპირული, მაგრამ მასში გაწერილი ელემეტარული უფლება-მოვალეობაც კი არ სრულდება“.

 

საქართველოს პარლამენტის წევრის სამართლებრივ შეფასებას არ იზიარებენ ბათუმის მერიაში. მას შემდეგ, რაც ამ უწყების პრესსამსახურმა მოისმინა „ბათუმელების“ კითხვები – მაგალითად, იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს საკრებულოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებას ბათუმის მერია, მერიაში განმარტეს, რომ კანონს არ არღვევენ, რადგან „საკრებულომ მათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაავალა, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია“. მერიაში პრობლემად არ მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციული წარმოება 16 თვის წინ დაიწყო, კანონით კი ადმინისტრაციული წარმოება განაცხადის ჩაბარებიდან ერთ თვეში უნდა დაიწყოს და დასრულდეს კიდეც, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

 

ბათუმი პლაჟის მონაკვეთი ალი და ნინოს ქანდაკებიდან ახალ ბულვარამდე ფაქტობრივად ფასიანი გამოდის. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სექტორებისა, კერძო პირებს ეკუთვნით პლაჟი სასტუმრო „კემპინსკის“ წინ. საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიასთან“, კაფე – „პიერბათუმის გასწვრივ, სასტუმრო „შერატონისა“ და „აკვაპარკის“ წინაც, რომელსაც დაახლოებით ხუთი სექტორი აქვს აღებული.  

თამარ კორძაია ბულვარის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილში მდგომარეობას პლაჟზე ასე აფასებს: „მთელს სანაპიროზე განთავსებული აქვთ ცარიელი შეზლონგები და იმ ადამიანებს, ვისაც არა აქვს/არ სურს ამ სახის მომსახურებით სარგებლობა, ავიწროებენ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი