ახალი ამბები

საფრანგეთში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს საკონსულომ სასწავლო ვიზები არ მისცა

25 აგვისტო, 2015 • • 1787
საფრანგეთში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს საკონსულომ სასწავლო ვიზები არ მისცა

როგორც სტუდენტები ამბობენ,უარზე ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემდეგ მათთან საკონსულოში ჟანდარმერიის წარმომადგენელი გამოვიდა და დაემუქრა. არსებული ფაქტზე სტუდენტებმა საქმის კურსში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩააყენეს.


“საფრანგეთში, რეიმსის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ფინანსური მხარდაჭერაც მაქვს. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, თუმცა ვიზა არ მომცეს. 4 სექტემბრამდე უნივერსიტეტში რეგისტრაცია უნდა გავიარო, თუმცა გასაჩივრების შემთხვევაშიც ვეღარ ვასწრებ”, – ამბობს მარი გოლუბიანი. 


სტუდენტი ამბობს, რომ  თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ საფრანგეთის საკონსულომ ისინი გუშინ, 24 აგვისტოს დაიბარა. 

 

“ათზე მეტი სტუდენტი ვიქნებოდით. შეგვიყვანეს, დაგვირიგეს პასპორტები და გვითხრეს, რომ სასწავლო ვიზებს არ გვაძლევენ. მოგვცეს ფურცლებზე ამობეჭდილი ელექტრონული მისამართებიც, სადაც პრეტენზიების შემთხვევაში შევძლებდით მათთვის მიწერას. უარის მიზეზი არ განგვიმარტეს. როდესაც მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება უარზე, მოიყვანეს ჟანდარმერიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის ძალით დატოვებაში დაგვემუქრა. ყველაზე მეტად ამ აგრესიამ და დამოკიდებულებამ შეგვურაცხყო”, – ამბობს მარი გოლუბიანი. 

 

იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ნიკოლოზ ლეჟავა, რომელიც საფრანგეთში, Music academy international-ში კიდევ ერთხელ ჩაირიცხა.

 

“2013-2014 წლებში საერთაშრისო მუსიკალური აკადემიის [Music Academy International] ჯაზის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტადაც დამასახელეს. იმავე სასწავლებლის სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე წელსაც, გაფორმებული მაქვს კონტრაქტი ალბომის ჩაწერაზე. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა. უარის მიზეზი არ გვითხრეს. ვფიქრობ, ეს დისკრიმინაციაა და ამჟამინდელი კონსული ქართულ-ფრანგული ურთიერთიერთობის თვალსაზრისით ცუდ როლს თამაშობს”, – ამბობს ნიკოლოზ ლეჟავა. 


დღეს, 25 აგვისტოს, სტუდენტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. სტუდენტებს მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე შეხვდა და გარკვევას დაპირდა, თუ რასთან არის დაკავშირებული მასობრივი უარი სასწავლო ვიზებზე. 


აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი საქართველოში საფრანგეთის საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და უარი აპლიკანტების დოსიეების სტანდარტული შესწავლის საფუძველზე მიიღეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი