ახალი ამბები

ბანკებმა ივლისში წმინდა მოგების სახით 39 მლნ ლარი მიიღეს

25 აგვისტო, 2015 • • 1140
ბანკებმა ივლისში წმინდა მოგების სახით 39 მლნ ლარი მიიღეს

სებ-ის ცნობით, 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი (მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით).

 

“წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა და 23.6  მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით გაიზარდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.3 პროცენტია”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 2015 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 291.0 მლნ ლარით გაიზარდა და 2015 წლის პირველი აგვისტოსათვის 15.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

 

“ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 103.1 მლნ ლარით (1.9 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 188.0 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებელის ზრდამ 0.6 პროცენტი შეადგინა)”, – აცხადებენ სებ-ში.

 

ეროვნული ბანკის ცნობით, 2015 წლის ივლისის განმავლობაში 1.3 პროცენტით, ანუ 91.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის  6.9  მლრდ ლარს გადააჭარბა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ ივლისში 0.7 პროცენტი შეადგინა).

 

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი აგვისტოსათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 198.7 მლნ ლარით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  აგვისტოსათვის 34.84 პროცენტი შეადგინა – პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.08 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.23 პროცენტული პუნქტით მეტი).

 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი