ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, გრაკლიანის კვლევისთვის 2014-2015 წლებში 430 000 ლარი გამოიყო

22 აგვისტო, 2015 • • 2080
მთავრობის ცნობით, გრაკლიანის კვლევისთვის 2014-2015 წლებში 430 000 ლარი გამოიყო

“თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ, კიდევ არაერთ  საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, 430 000 ლარს შეადგენდა. 2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა – 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის  2016 წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

 

საქართველოს მთავრობის ცნობით, გრაკლიანის არქეოლოგიური  ძეგლისა და მის ტერიტორიაზე ახლად გამოვლენილი აღმოჩენის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი  ინფორმაცია ვრცელდება:

 

“ერთი მხრივ, საზოგადოება, დარგის სპეციალისტები და მედია რამდენიმე წელია, აკვირდებიან და ეცნობიან ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური  ძეგლის განვითარების ეტაპებს. მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო  შეწყვეტილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრაკლიანის განვითარება საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია:  

 

“არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმ მიზნით, რომ ადგილზე მოეწყოს ღია გზისპირა სამუზეუმო სივრცე და უძველესი  კულტურის წარმოსაჩენი  თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო.

 

ამ დროისთვის მიმდინაროებს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე მოხდეს ახლად გამოვლენილი წარწერის გაშიფვრა, რათა ქართველ მეცნიერთა მიღწევა საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე დადასტურდეს და  გამყარდეს. 

 

გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ამზადებს ექსპრესპუბლიკაციას  და სამუშაო ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად. მასალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის გორა ცხადად გამოხატავს სახელმწიფო პოლიტიკას ძეგლთა დაცვის სფეროში”, – აცხადებენ მთავრობაში.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა – ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა.

 

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, ეს წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
პროფესორ ვახტანგ ლიჩელის აზრით, ეს წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი