ახალი ამბები

ლიჩელი: გრაკლიანზე ექსპედიცია ფინანსდება, თუმცა სტუდენტები ხელფასს არ იღებენ

21 აგვისტო, 2015 • 3518
ლიჩელი: გრაკლიანზე ექსპედიცია ფინანსდება, თუმცა სტუდენტები ხელფასს არ იღებენ

როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ამბობს, ექსპედიციას აფინანსებს როგორც კულტურის ეროვნული სააგენტო, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

”ჩვენ გეგმიური სამუშაოები შევასრულეთ. გეგმების შესაბამისად დაიხარჯა გამოყოფილი თანხები. ახლა კულტურის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპედიციის დაფინანსების გაგრძელების შესახებ. ასე რომ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც ერთი დღე. ექსპედიციას აფინანსებს კულტურის ეროვნული სააგენტო და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაზგასმით აღვნიშნავ, თსუ ექსპედიციას სისტემატურად აფინანსებს.”

 

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. ფოტო: TSU
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. ფოტო: TSU

არქეოლოგიურ ექსპედიციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ. ლიჩელის თქმით, ეს არის მათი სასწავლო პროცესი და მათივე გამოცდილების გამო ტარდება ეს სამუშაოებიც.

”ის, რომ სტუდენტები ექსპედიციაში ხელფასს არ იღებენ და არ აქვთ ნორმალური პირობები, ასეთი განწყობა არავის აქვს. ვისაც ასეთი განწყობა აქვს, ეს მისი საკუთარი პრობლემაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტუდენტების პრაქტიკა და სამყაროში არ ხდება ასეთი რამ. მე არ ვიცი, ვინ იგონებს ამას. დედამიწის ზურგზე პრაქტიკაში სტუდენტები არსად ხელფასს არ იღებენ. ეს არის სასწავლო პროცესი და მათივე გამოცდილების გამო ტარდება ექსპედიციებიც,” – ამბობს პროფესორი.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიცია გრაკლიანი გორაზე. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიცია გრაკლიანი გორაზე. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

ვახტანგ ლიჩელის თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები სწორედ გრაკლიანზე ტარდება: ”რა თქმა უნდა, სხვა ექსპედიციებშიც მივიღებთ მონაწილეობას და გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა – ძვ.წ აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა.

 

გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი წარწერა. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი წარწერა. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

როგორც კულტურის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. სააგენტოს ცნობით, გრაკლიან გორაზე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობაც.

გრაკლიანი გორის არქეოლოგიური ძეგლი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
გრაკლიანი გორის არქეოლოგიური ძეგლი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი