ახალი ამბები

თბილისში ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მარში გაიმართება

21 აგვისტო, 2015 • 1459
თბილისში ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მარში გაიმართება

დაგეგმილი მარშის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებაში ცხოველებთან დამოკიდებულება დაფუძნებულია სპეცისიზმზე:


”რასიზმისა და სექსიზმის ანალოგიურად სპეცისიზმიც მიეკუთვნება დისკრიმინაციული კონცეფციების რიგს და წარმოადგენს იდეოლოგიას, რომელიც უგულებელყოფს ცხოველების სიცოცხლესა და ინტერესებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მიეკუთვნებიან სხვა ბიოლოგიურ სახეობას. სპეცისიზმი არაგონივრული და არაჯანსაღია, რადგან ადამიანი არ არის ემოციების შეგრძნების უნარის მქონდე ერთადერთი არსება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ პლანატაზე ჩვენთან ერთად მცხოვრები ყველა არსების ინტერესებს და სიცოცხლეს.”


მარშის ორგანიზატორების თქმით, დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ცხოველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ, რაც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პოლემიკის საკითხი გახდა.


”ჩვენ მივილტვით იმ მშვიდობისაკენ, სადაც ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და სადაც ყველა გონივრული არსების ინტერესი დაცულია. სამყარო უკვე ამ გზას ადგას. მოდით, ამ საკითხზე ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენს მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს ხელმძღვანელი, ვახტანგ უშვერიძე.


მათი განცხადებით, სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მიზანს ამ უსამართლო იდეოლოგიის მხილება წარმოადგენს, რათა აღარ იარსებოს ცხოველების მიმართ ბარბაროსულმა დამოკიდებულებამ.


22 აგვისტო - სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. © end-of-speciesism.org
22 აგვისტო – სპეცისიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. © end-of-speciesism.org

მასალების გადაბეჭდვის წესი