ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ურბანისტების ხედვა

20 აგვისტო, 2015 • • 6498
როგორი უნდა იყოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ურბანისტების ხედვა

19 აგვისტოს გამოქვეყნებული სხდომის ოქმის მიხედვით, მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ავტორები მერიაში პრეზენტაციებს 26 და 27 აგვისტოს გამართავენ.


კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტები

 

1. პროექტის (რომლის თანაავტორები არიან “გამა კონსალტინგი”, მეტროგრამა, ლალი ანდრონიკაშვილი, თამარ ლობჟანიძე, ანდრონიკაშვილი და სხვა) პრიორიტეტებია ისეთი გენერალური გეგმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება: 

 

– გარემოს სისუფთავისა და განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მიმზიდველობა, სოციალური სამართლიანობა და კულტურული მრავალფეროვნება.

 

– თბილისის ურბანული ტერიტორიების თანაბარუფლებიანი, კომპლექსური განვითარება ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის რეორგანიზაცია ფუნქციისა და მნიშვნელობის შესაბამისად.

 

– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ზონების მეცნიერულად დასაბუთებული დოკუმენტაციის შექმნა, მათი დაცვა და განვითარების პირობის შემუშავება.

 

– “პერიფერიული ტერიტორიების“ საცხოვრებელ რაიონებში სრულფასოვანი, კომფორტული გარემოს შექმნა. ურბანული კულტურულ-საზოგადოებრივი და საქმიანი სივრცის განვითარება.

 

ავტორების აზრით, აუცილებელია ზომების მიღება იმისათვის, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს, ამისთვის უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხი, დაინერგოს განგრძობითი ბილეთების სისტემა და ავტობუსები უფრო პუნქტუალური გახდეს.

 

ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებას, მეტროს სისტემაში პირველ ხაზზე ერთი ვაგონის დამატებითა და ინტერვალების შემცირებით მიაჩნიათ, რომ უფრო მოსახერხებელი გახდება მეტრო. ასევე გათვალისწინებული აქვთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული მეტროსადგურები.

 

რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, შუასაუკუნეების ქალაქის ფარგლებში მკაცრი დაცვის ზონა უნდა შეიქმნას. ამ არეალში პრიორიტეტული უნდა იყოს საფეხმავლო გზები და უნდა შეიზღუდოს ავტოტრანსპორტი.

 

ამ უბნის ადმინისტრაცია უნდა გამოიყოს ცალკე “ძველი ქალაქის მერიის” სახით და დაწესდეს დანარჩენი ქალაქისგან განსხვავებული ადმინისტრაციული ნორმები.

 

ხოლო რეგულირების ზონას უნდა დაექვემდებაროს მტკვრის ორივე ნაპირზე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნები (ქვემო ვერა, სოლოლაკი, მთაწმინდა, აღმაშენებელი, ქვემო ავლაბარი), სადაც იქნება როგორც მკაცრი დაცვის ზონები, ისე განვითარების არეალები.

 

2. პროექტი, რომლის ავტორები არიან Reicher Haase Associierte, LSC, Latz + Partner, Goudappel Coffeng BV, ICOMOS  და Gis Lab ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღევანდელი თბილისის მთავარი გამოწვევა ქალაქის გაჯანსაღებაა.

პროექტის მიხედვით, შესაძლებელია, რომ გარე ავლაბრის სოციალური კონცეფციის შემცველი განაშენიანების გეგმის შექმნა, სადაც ზემოთ აღწერილი კოოპერაციის ფარგლებში მოქმედი კერძო ინვესტიციები უშუალო საზოგადოებრივი ფინანსური დახმარების გარეშე გამართლებული იქნებოდა.

ასევე, მიაჩნიათ, რომ სოლოლაკის უბნის სოციალური კონცეფციის შემცველი გაჯანსაღება, რომელშიც საზოგადოებრივი სახსრები გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ.

პროექტის მისამე მიმართულებაა ერთიანი სარეკრეაციო სისტემის შექმნა დიდი გამწვანებული ტერიტორიების გაერთიანებით, როგორებიცაა კუს ტბის შემოგარენი და ფერდობები, ვაკის პარკი, ვერეს ხეობა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორია.

ამავე პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი იქნებოდა მცხეთა-გარდაბნის (სულ ცოტა, მცხეთა-რუსთავის) სარკინიგზო მოძრაობის მოდერნიზება და მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან ჩართვის სისტემის შექმნა, რითაც შიდააგლომერაციულ სატრანსპორტო კავშირთა ხარისხი არსებითად ამაღლდებოდა.

კიდევ ერთი შემოთავაზება, რომელსაც აღნიშნული პროექტი აყენებს, არის დიდუბის სარკინიგზო მეურნეობის ტერიტორიის გამოყენება გამწვანებული სივრცის მოსაწყობად, რომელიც ამ ტერიტორიის ახლოს მყოფ აკვაპარკს დაუკავშირდება. თუმცა, ავტორები მიუთითებენ, რომ მხოლოდ წინასწარი კვლევებით დადგინდება რკინიგზის მეურნეობის გადატანის შესაძლებლობა და ამ ცვლილების მიზანშეწონილება.

 

3. City Institute Georgia-ს ავტორობით შედგენილ შეთავაზებაში საუბარია იმაზე, რომ თბილისში არ უნდა იყოს ტრანზიტული მოძრაობა. ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისის განაშენიანება უნდა შებრუნდეს მდინარისკენ და მოსახლეობამ ქალაქის ეს ნაწილი უნდა აითვისოს საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ზონების სახით.

ავტორების მოლოდინით, თბილისი უნდა იყოს კომპაქტური, რესურსდამზოგავი და ჭკვიანი ქალაქი, მრავალკულტურული, ფეხმავალთა, ველოსპედისტთა ქალაქი.

ავტორების თქმით, თბილისი უნდა გახდეს პოლიცენტრული დასახლება, რის შედეგადაც განიტვირთება ცენტრში ავტომობილების მოძრაობისგან. პოლიცენტრულობა თბილისში გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრებს, რაც ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მათი აზრით, დაცული უნდა იყოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. შემოვლითი რკინიგზა უნდა განხორციელდეს და ნავთლუღსა და დიდუბეში გაჩნდეს ჩიხური სადგურები.

პროექტის მიხედვით, სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე უნდა მოეწყოს გამწვანებული სარეკრეაციო ტერიტორია, სადაც სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდიდან ბროსეს ქუჩის მიმდებარე მოედნამდე ავტოტრანსპორტი გვირაბში იმოძრავებს.

ვახუშტის ქუჩის გაგრძელებით დამყარდება განივი კავშირი ქალაქის ორივე ნაწილს შორის, ხოლო რკინიგზის გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ ქუჩასა და გმირთა მოედნის განივი კავშირის დამყარება ახალ ლოკალურ ცენტრს გააჩენს, ამბობენ ავტორები.

 

4. ი. ესიტაშვილის, ი. ტვილდიანის, დ. გუნცაძისა და სხვების პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საავტომობილო შემოვლითი გზის აშენებასთან ერთად თბილისის სატრანზიტო ფუნქცია უნდა შეიზღუდოს შემოსავლელი რკინიგზის მშენებლობით.

ი. ესიტაშვილის, ი. ტვილდიანისა და  დ. გუნცაძის პროექტი
ი. ესიტაშვილის, ი. ტვილდიანისა და დ. გუნცაძის პროექტი

მათი აზრით, საავტომობილო შემოვლითი მაგისტრალის პარალელურად შემოსავლელი რკინიგზის მშენებლობით არსებული ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების, ყოველგვარი ავარიული სატრანზიტო ტვირთების ქალაქისგან მოცილების გარდა, შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი ურბანული ტერიტორიების ქალაქისთვის დაბრუნება.

ისინიც მიიჩნევენ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავჭალისა და ზაჰესის შერეულ საცხოვრებელ-საწარმოო ზონაში ეკოლოგიურად მავნე საწარმოების უვნებელყოფის შემდგომ შესაძლებელია მოსახლეობის სიმჭიდროვის გაზრდა.

ავტორები ამბობენ, რომ ახლავე უნდა დაიწყონ ფიქრი ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო დონის აეროპორტის მშენებლობაზე.

პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ძველი თბილისის განვითარების რეგულირებას: დაცვის არსებულ საზღვრებში ბევრი ამორტიზირებული, დანგრევას მისული ნაგებობაა; მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა; შესაძლებელია შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომლის ეკონომიკური მამოძრავებელი ისევ ძველი უბნისადმი განსაკუთრებული ინტერესია.


 

5. “ესსიპი კონსულტანტს პტი ელტედეს“ ავტორობით შედგენილი საპროექტო წინადადებაში ყურადღება დაეთმო იმას, რომ ქალაქის სტრუქტურის გამო საქალაქთაშორისო სატარანსპორტო ხაზები გადის ქალაქის ცენტრზე, რაც პიკის საათის პერიოდში ქმნის საცობებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასანდოა და საჭიროა მისი გადახალისება.

 

 

ავტორებს პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ გეგმა არ განიხილაას იმას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს თბილისი, არ არის განხილული ზრდის პერსპექტივები.

 

 

ავტორების აზრით, თბილისში უნდა იყოს 6 ძირითადი განვითარების გული:

 

 

თბილისის რამდენიმე ცენტრი.
თბილისის რამდენიმე ცენტრი. ‘ესსიპი კონსულტანტს პტი ელტედე’

 

CBD (Central Business District)- რომელიც იქნება ქალაქის ბიზნეს, ფინანსური და ადმინისტრაციული ცენტრი. მეორე იქნება ბიზნეს და შემოქმედებითი ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების გამართვა, შემოქმედებითი ღონისძიებების მოწყობა, ასევე ამ უბანში იქნება სპორტული არენა.

 

მესამე ცენტრი იქნება სამრეწველო უბანი და ერთგვარი ლოჯისტიკური ცენტრი. აქვე იქნება განთავსებული საწყობები. მეოთხე ცენტრი იქნება ტურისტული ცენტრი. აქ განთავსებული იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხოლო მეხუთე ცენტრი იქნება ეკოტურიზმის მხარდამჭერი ცენტრი, მეექვსე ცენტრი ქალაქის რეკრეაციული გული იქნება.

 

6. შპს “ანი” – არქიტექტორებისთვის” მნიშნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების თბილისს გარეთ გატანა. ასევე, ავჭალაში მდინარე მტკვრის ნაპირების საწარმოებისგან განთავისუფლება. ფონიჭალის საავტომობილო კავშირის დამყარება მარცხენა სანაპიროსთან.

 

ასევე ყურადღებას ამახვილებენ ჩქაროსნული ტრამვაის ხაზის მოწყობაზე, რომელიც მთელ ქალაქს გადაკვეთს. მტკვრის გასწვრივ უნდა მოეწყოს დამცავი და სარეკრეაციო ზონები. ასევე თბილისის ზღვის მიმდებარედ უნდა ჩამოყალიბდეს სარეკრეაციო ზონის საზღვრები.

 

მტკვრის მარცხენა ნაპირზე დიღმის ჭალა უნდა გამოცხადდეს რეკრეაციულ ზონად. ისინი მხარს უჭერენ ამ ადგილას მრავალფუნქციური პარკის აშენებას.

 

აღნიშნული პროექტი მხარს არ უჭერს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლების მშენებლობას და მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი დაუგეგმავია.

 

ავტორების აზრით, თბილისის მარჯვენა ნაპირი უნდა გამოთავისუფლდეს საჯარო დაწესებულებებისგან. მაგალითად, განიხილავენ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის რეკონსტრუქციის შედეგად, შესაძლებელია აქ განთავსდეს საქართველოს პარლამენტი.

 

მხარს უჭერენ, რომ თბილისის ზოოპარკი თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ, კრწანისის ტყეპარკსა და მტკვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე გადავიდეს.

 

დაწუნებული პროექტები


1. მეორე ეტაპი ვერ გადალახა პროექტმა, რომლის მიხედვით (არქიტექტურულ-ურბანული ნაწილის ავტორები არიან გიორგი ბათიაშვილი და მერაბ ჩხენკელი), თბილისში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჯანმრთელი ცხოვრების პირობები, ხოლო საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებული და კომპლექსური.  

პროექტის მიხედვით, თბილისში პარკინგების ერთდონიანი, მიწისქვეშა და მრავალიარუსიანი ტერიტორიები უნდა შეირჩეს, ხოლო საავტომობილო  გზების პარალელურად, საველოსიპედო  ბილიკები უნდა მოეწყოს  და  საფეხმავლო ქუჩები განისაზღვროს.

მათი პროექტის მიხედვით, ქალაქის ძირითად ნაწილში ორი ახალი ხიდი უნდა აშენდეს: ერთი – სატივესთან  დგებუაძის ქუჩამდე არსებული  ესტაკადის რეორგანიზაციით, მეორე – ვეფხისა და მოყმის ძეგლიდან დიდუბისკენ.  

 

თბილისის დარაიონება. გიორგი ბათიაშვილი და მერაბ ჩხენკელი
თბილისის დარაიონება. გიორგი ბათიაშვილი და მერაბ ჩხენკელი

ამ ხიდების მოწყობის შედეგად, შესაძლებელი იქნება დიდუბის ხიდიდან ორთაჭალჰესამდე ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზების რეორგანიზება ცალმხრივად მოძრაობისთვის, მიაჩნიათ პროექტის ავტორებს.

მათი აზრით, თბილისის ერთადერთი შემოვლითი საავტომობილო გზა უნდა გაგრძელდეს და დიღომი-წავკისი-ორთაჭალა-სოღანლუღის გავლით საქართველოს “სამხედრო გზას” დაუკავშირდეს,

ავტორები საუბრობენ იმაზე, რომ თბილისის საქმიანი უბანი CITY „თბილისის ზღვის“ ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილში უნდა დაიგეგმოს, რადგან ამ ტერიტორიას ჩრდილო აღმოსავლეთიდან უვლის სატრანზიტო საავტომობილო გზა, მოსალოდნელია აქ რკინიგზის გადმოტანა. ამ საავტომობილო გზის მეშვეობით შესაძლებელია ქ. თბილისის გვერდის ავლით მგზავრობა ცენტრალური აეროპორტისაკენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და მეზობელ სახელმწიფოებში.

ვარდების მოედანი, თბილისი.  გიორგი ბათიაშვილი და მერაბ ჩხენკელის პროექტი
ვარდების მოედანი, თბილისი. გიორგი ბათიაშვილი და მერაბ ჩხენკელის პროექტი


2. პროექტი, რომლის ავტორები არიან მულტიდისციპლინური და მულტიკულტურული არქიტექტორების ჯგუფი, რომელსაც Arte Charpentier Architectes ხელმძღვანელობს, მიუთითებს, რომ ქალაქის გენერალური გეგმა უნდა შეიქმნას თანამედროვე და ჰარმონიული ხედვით, ხოლო ხედვა უნდა დაიხვეწოს კვლევითა და ქალაქის გაგებით.

ავტორების აზრით, ქალაქის გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მიწის მოხმარებას, არამედ მეთოდებს ცვლილებათა განხორიელების შესახებ სხვადასხვა თემატიკის ჭრილში.

მათი აზრით, უნდა შეისწავლონ თბილისის ბუნებრივი გარემო, ურბანული ლანდშაფტი, ურბანული განვითარება, არქიტექტურული შედგენილობა, ურბანული მდგომარეობა, რეგიონული ტერიტორია, ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა, ქალაქის პროგრამირება, ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობა.

3. გიორგი წივწივაძის პროექტის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირზე მხოლოდ ტრამვაი იმოძრავებს და ეს ქუჩა დაეთმობა მხოლოდ ქვეითებს. პროექტის მიხედვით, ამ უბანს მიეცემა ახალი (ისტორიულ–საგანმანათლებლო–გასართობ–სავაჭრო) ფუნქცია, რაც თავის მხრივ დაიცავს ამ ისტორიულ უბანს მაღლივი განაშენიანებისგან).

ამავე პროექტის მიხევით, მდინარე მტკვრის გასწვრივ და აღმაშენებლის ხეივანზე უნდა გაკეთდეს საველოსიპედო მთავარი ბილიკები.

პროექტის მიხედვით, თბილისის მეტროპოლიტენს დაემატება ახალი სადგურები. მეტრო გლდანის ტბის მიმდებარე დასახლებიდან დაიწყება. ასევე, მეტროპოლიტენის სადგურები აშენდება დიღმის მასივსა და დიდი დიღმის ტერიტორიაზე.

მეტროს ხაზი უნდა გავიდეს ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც საბურთალოს ხაზს დაუკავშრიდება. მეტროს ხაზს ასევე დამატება ახალი ხაზი, რომელიც ლოტკინისა და ჩუღურეთის უბნებს შემოივლის. მეტროს ხაზი გაივლის ასევე თბილისის ზღვის მეორე ნაპირზე, რომელიც დიღმისა და ავჭალის დასახლებებს თბილისის მეორე ბოლოსთან – ისნის რაიონს დააკავშირებს.

4. ლერი გოშაძის, მედეა აბულაძისა და სხვათა პროექტის მიხედვით, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გადავიდეს ნელ-ნელა ელექტროტრანსპორტზე, ხოლო მეტროს მშენებარე სადგურები დასრულდეს და აშენდეს ახალი სადგურები აეროპორტის მიმართულებით.


ავტორებს მაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო ცენტრის გრძივ განვითარებას, მდინარე მტკვრის პარალელურად, ალტერნატივა არ აქვს.

მათი აზრთ, მტკვრის კალაპოტის მიმდებარედ მშენებლობების წარმოებისას ყურადღება უნდა მიექცეს ამ მშენებლობისა და მდინარის კალაპოტის თანაფარდობას. მათ მიაჩნიათ, რომ უარი უნდა თქვან მთლიანი ფრონტით პერიმეტრულ განაშენიანებაზე. მათი აზრით სპორტის სასახლეთან არსებული მჭიდრო განაშენიანება ხელს შეუწყობს ტემპერატურის ზრდას და ხელს უშლის ხეობის განიავებას.

პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო მოძრაობის განსამუხტავად უნდა გაჩნდეს ერთი ხიდი ორთაჭალჰესის მიმდებარედ, ხოლო მეორე ხიდი უნდა აშენდეს რუსთავის გზატკეცილზე, “ორთაჭალის ტურფის” მიმდებარედ.

ავტორების აზრით, მცირე მდინარეების გამოყენება შეიძლება ხელოვნური საგუბარების, არხებისა და ჩანჩქერების მოსაწყობად, რაც ხელს შეუწყობს თბილისში გატყიანებასა და მწვანე საფარის განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი