ახალი ამბები

ძველი სახელმძღვანელო ახალ ყდაში – განათლების სამინისტროს იდეა

18 აგვისტო, 2015 • • 1956
ძველი სახელმძღვანელო ახალ ყდაში – განათლების სამინისტროს იდეა

“ბათუმელები” გასულ კვირას არკვევდა, რატომ გადაწყვიტეს განათლების სამინისტრში ამ ფორმით წიგნების განახლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” (ESIDA) შეთავაზება გამომცემლობებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. წერილში, რომელსაც ხელს აწერს ამავე სააგენტოს დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის ბაზრის კვლევის სპეციალისტი ნათია გოდერძიშვილი, ვკითხულობთ:


“გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით იმ დაზიანებული სახელმძღვანელოებისთვის, რომელთა შიგთავსი შეესაბამებოდა მინისტრის 103/ნ-ით დადგენილ კრიტერიუმებს. მომსახურება უნდა მოიცავდეს წიგნების ტრანსპორტირებას საწყობიდან სტამბამდე, ყდების ბეჭდვას, მათ ჩასმას და ტრანსპორტირებას უკან საწყობამდე (მის: სოფ. დიდი ლილო, ერეკლეს ქუჩა)”.


წერილში კონკრეტული რაოდენობის, ზომისა და 265 დასახელების სახელმძღვანელოს ყდაზეა საუბარი. “გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება ინვოისის სახით ერთეულ სახელმძღვანელოზე შესასრულებელი სამუშაოს განფასებისა და მოწოდების ვადების მითითებით, როგორც 33 500 ერთეული, ასევე 36 850 ერთეული ყდისთვის, არაუგვიანეს 2015 წლის 3 აგვისტოს 18:00-საათისა”, – ვკითხულობთ იმავე წერილში.


ელახული სახელმძღვანელოებისთვის ყდების შემოკვრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ბათუმის სკოლის დირექტორები. #2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მათ 80 ერთეული უყდო სახელმძღვანელო აქვთ.


“გავაკეთეთ უვარგისი სახელმძღვანელოების ჩამონათვალი და ისეთებისაც, რომლებსაც ყდა არ უვარგათ. სამინისტროს ეს მონაცემები მივაწოდეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა სკოლას ეხება. შესაბამისად, სამინისტრო უზრუნველჰყოფს სახელმძღვანელოების ყდის აღდგენას. ფურცლები პირველი გვერდიდან იყო საღი და თუ ყდა გამოიცვლება, ნამდვილად არ იქნება პრობლემა. ხოლო ის სახელმძღვანელოები, რომლებშიც ფურცლები დაზიანებულია ან გამოსადეგად უვარგისია, ჩამოიწერება. ჩემს საკოლაში დაახლოებით 10% მქონდა ასეთი უვარგისი სახელმძღვანელო”.


მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ სკოლაში ზედმეტი სახელმძღვანელოებიც ჰქონდა, რაც რესურსცენტრს ჩააბარა.


უყდო სახელმძღვანელოები ჩააბარეს ბათუმის #16 საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორის, თამთა კვარაცხელიას თქმით, წიგნების დახარისხებაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ბიბლიოთეკებში იმუშავეს. თამთა კვარაცხელიას ინფორმაციით, მის სკოლაში სულ 18 ცალი სახელმძღვანელო ექვემდებარება ყდის აღდგენას.


რამდენად შესაძლებელია ძველი წიგნების ახალ ყდაში ჩასმა, ისე, რომ წიგნი არ დაზიანდეს? – ამ კითხვით “ბათუმელებმა” გამომცელობა “ინტელექტის” ხელმძღვანელს, კახა კუდავას მიმართა. განათლების სამინისტროს სააგენტოს წერილი ამ გამომცემლობამაც მიიღო.


“გვითხრეს, რომ აქვთ შემდეგი წინადადება – უნდა წამოვიღოთ ძველი წიგნები და ახალ ყდაში ჩავსვათ, მაგრამ, ეს ასე მარტივი არ არის – როცა წიგნს ძველ გარეკანს ხსნი, ეს უმტკივნეულოდ არ იქნება, ზოგი აუცილებლად გაფუჭდება, ზოგიც – გადარჩება. გარდა ამისა, ახალ ყდას როცა მიაწებებ, ყუა საიდანაც აქვს, ის მხარეც უნდა ჩამოიჭრას და უნდა ჩამოიჭრას ასევე წიგნი ყველა კუთხიდან. ცხადია, წიგნი ასე დამახინჯდება და გამოუსადეგარი გახდება”.


თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე კახა კუდავა მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ყდების დაბეჭდვა არ დაჯდება იმაზე ნაკლები, ვიდრე თავად ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვა. “თითოეული დასაბეჭდი წიგნის გარეკანი არის 250 ან 300 ერთეული. ყველაზე დიდი ტირაჟი რაც ვნახე, იყო 500 ეგზემპლარი. რაც უფრო პატარაა ტირაჟი, მით უფრო ძვირი ჯდება დაბეჭდვა. გახსოვთ ალბათ, ერთ წიგის ფასი 1600 ლარი რომ გამოვიდა, იმიტომ, რომ სულ 4 ცალი უნდა დაებეჭდათ. რამდენადაც ვიცი, ვისაც მიმართეს, არავინ არ მიწერა პასუხი. ეს არის პოლიგრაფიისგან შორს მყოფი ადამიანის იდეა, ჩვენი განათლების მინისტრის მიერ მიგნებული ვითომ გამოსავალი. თითქოს ამ გზით ბიუჯეტის ეკონომიის გაკეთებას ფიქრობენ”.


კახა კუდავას თქმით, ამით ბიუჯეტი უფრო იზარალებს, ვიდრე სარგებელს ნახავს: “კარგი, ვთქვათ, ჩავაცვით ახალი გარეკანი წიგნებს, რა იქნება ამით?! აზრი არა აქვს, ეს ისეთი ფასი დაჯდება, რომ სალაპარაკო გახდება და ჩვენ, გამომცემლებიც, თანამონაწილეები გამოვალთ. წინასწარ ვიცი, რომ ეს წამგებიანი პროექტია როგორც გამომცემლობისთვის, ისე ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ბავშვისთვის. მსოფლიოს ისტორიაში მსგავი არაფერი მომხდარა, ამის ვერც ერთ მაგალითს ვერ დამისახელებენ. იმდენად უშინაარსო გვგონია ეს წინადადება, რომ სააგენტოს მიერ გამოგზავნილი მონაცემების დათვლაც კი არ დაგვიწყია”.


კახა კუდავას აზრით, განათლების სამინისტრო თუ მაინც გადაწყვეტს ამ პროექტის განხორცილებას, “სექტემბრიდან “ყდაჩაცმული წიგნების” გამო ყველაფერი აირევა”.


რას აპირებს განათლების სამინისტრო? – საკითხის გადამოწმების მიზნით “ბათუმელები” „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ გამომცემლობებისთვის გაგზავნილი წერილის ხელმომწერს დაუკავშირდა. ნათია გოდერძიშვილმა განაცხადა, რომ ის ადგილზე არ იმყოფება და სხვაგან გადაგვამისამართა.


წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საკითხის დაზუსტების მიზნით, “ბათუმელებმა” სააგენტოს შემდეგი კითხვებით მიმართა:


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აპირებს შეისყიდოს სახელმძღვანელოების ყდები. უკვე გამოაცხადდა თუ არა ამ შესყიდვაზე ტენდერი? (სპა.გე-ზე ტენდერი არ იძებნება) რა ტიპის შესყიდვის ფორმის გამოყენება იგეგმება? სააგენტომ მიმართა გამომცემლობებს ბაზრის კვლევის მიზნით. რამდენი გამომცემლობისგან მიიღეთ კალკულაცია და მათ შორის არსებითი სხვაობა რა არის რა თანხაა გამოყოფილი ყდების ბეჭდვაზე და რა თანხა შემოგთავაზეს გამომცემლობებმა? თუ არის დათვლილი რა თანხა დაიხარჯებოდა, ვთქვათ, შელახული სახელმძღვანელოების ხელახლა დაბეჭდვაზე, ანუ რა ოდენობის თანხას დაზოგავს სახელმძღვანელოების ყდების დაბეჭდვით სახელმწიფო? არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებში?


ამ კითხვების პასუხად სააგენტო დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა, თამთა მამულაიძემ წერილობით შემდეგი განმარტა:


„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის” განხორციელება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ყდების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეები მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მიიღებენ, სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” კი თავისთავად განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშრებით”.


წიგნების ყდების დაბეჭდვაზე განმარტება გასულ კვირას თამარ სანიკიძემაც გააკეთა. მინისტრის თქმით, “არის კიდევ ერთი ფაქტი – რეზერვში აღმოვაჩინეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქვთ შელახული ყდები, შიგთავსი კი აბსოლუტურად ახალივითაა. ვფიქრობთ, მათ ახალი ყდები გავუკეთოთ. არავითარი ზედმეტი რესურსის შესყიდვას არ ვაპირებთ. თუმცა თუ დაგვჭირდა, არც დაბეჭდვა ან ყიდვაა პრობლემაა”.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კრიტიკას ხელოვნურს უწოდებს: “არავითარი პრობლემა და რისკი უფასო სახელმძღვანელოების პროექტს არ ემუქრება. საოცარია, დღეს ამბობენ, ცოტა წიგნს ბეჭდავენ, დეფიციტი შეიქმნებაო. შარშან ამბობდნენ, ბევრი დაბეჭდეს, სახელმწიფო თანხები გაანიავესო. არანორმალურია ეს მიდგომა. როცა ვსაუბრობთ დასაბეჭდ სახელმძღვანელოებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის სახელმძღვანელოები, რომლებსაც პირდაპირ ვყიდულობთ გამომცემლებისგან. ამის გარდა, ქსელში გვაქვს ახალი სახელმძღვანელოების ნაშთიც, რომელიც მობილობის პროცესისთვის შევიძინეთ (10%-იანი სხვაობა) და ასევე, არის წინა წლების, თითქმის ახალი წიგნები. ჯამში, ეს არის საჭირო სახელმძღვანელოების დაახლოებით 40%. სახელმძღვანელოების არავითარი დეფიციტი არ შეიქმნება. რეზერვი საკმარისზე მეტი გვაქვს. ცოტა შელახული სახელმძღვანელოების რეზერვიც საკმარისია ბიბლიოთეკებში და თუ უცებ, ერთი სკოლიდან მეორეში მოსწავლე გადავა, რამდენიმე დღე ამ წიგნებს გამოიყენებენ”.


საქართველოს განათლების სამინისტრომ 2013 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც უფასო წიგნების პროგრამა დაიწყო, სახელმძღვანელოების დაბეჭდვაზე 19 983 000 ლარი დახარჯა. 2014 წელს – იგივე მიზნით დახარჯულია 14 246 700 ლარი. წელს სამინისტროს მხოლოდ 42 992 ცალ წიგნის შესყიდვაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული, შესაბამისად, თანხაც ნაკლებია. თუმცა, სატენდერო დოკუმენტებით დგინდება, რომ ზოგ შემთხვევაში, ერთი წიგნის დაბეჭდვაში, სახელმწიფო თითქმის 62 ლარს გადაიხდის.

გაკვეთილი ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ფოტო
გაკვეთილი ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ფოტო ‘ბათუმელების’ არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი