ახალი ამბები

“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან

13 აგვისტო, 2015 • • 2287
“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან

ანალოგიური განცხადება დღეს “იოლის” თანამშრომლებმა ამ მაღაზიის აღმაშენებლის ფილიალში მიიტანეს თბილისში, თუმცა ფილიალის მენეჯერმა ეს განცხადება არ ჩაიაბარა.

 

სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვაში  “თბილისის სოლიდარობის ქსელი” ეხმარება. ერთობლივად მომზადებულ განცხადებაში საუბარია ფილიალში დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე. ქსელის წევრები სოლიდარობას უცხადებენ ფილიალის სამუშაო პირობებით უკმაყოფილო რამდენიმე თანამშრომელს.

 

როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, ფილიალის თანმშრომლებს მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკით უხდებათ მუშაობა, ზეგანაკვეთური საათები არაადეკვატურად უნაზღაურდებათ, ხშირია ხელფასზე დანაკლისები და ჯარიმები, მოლარე-კონსულტანტებს შეუსაბამო მოვალეობების შესრულება უხდებათ. მიმართვაში ნათქვამია, რომ თანამშრომლებს მუდმივი მორალური შეურაცხყოფის ატანა უწევთ ადმინისტრატორის მხრიდან.

 

მიმართვის ხელმომწერი თანამშრომლები მოითხოვენ მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ნაცვლად გაფორმდეს ახალი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მათი მოთხოვნები.

 

“დავდიოდით “იოლის”, “ფუდმარტისა” და “სპარის” სხვადასხვა ფილიალებში. კამერით გვაფიქსირებდნენ, მერე უკრძალავდნენ თანამშრომლებს ჩვენთან დალაპარაკებას. თავიდან უფრო აქტიურად მოდიოდნენ და გველაპრაკებოდნენ თანამშრომლები საკუთარ პრობლემებზე, მაგრამ მერე ადმინისტრატორების ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. გვეუბნებოდნენ, რომ თუ კიდევ მივიდოდით, პატრულს გამოუძახებდნენ. მერე ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყეთ და იბარებდნენ იმ ადამიანებს, ვინც მიმართვებზე ხელს გვიწერდა,” – ამბობს სოლიდარობის ქსელის ერთ-ერთი წევრი შოთა აზიკური.

 

“იოლის” აღმაშენებლის ფილიალის მენეჯერი ნათია ზარდიაშვილი დღეს საკუთარი კაბინეტიდან არ გამოვიდა. უარი განაცხადა როგორც სოლიდარობის ქსელის წევრებთან შეხვედრაზე, ასევე – განცხადების ჩაბარებაზე. თავდაპირველად ის მხოლოდ 2 ადამიანთან შეხვედრას დათანხმდა, შემდეგ კი კაბინეტიდან აღარ გამოვიდა და განაცხადა, რომ მას უბრალოდ მიმართვის მიღების უფლება არ აქვს.

 

“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან 13/08/15
“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან 13/08/15

მუხრან ცანავა 8 თვეა “იოლის” აღმაშენებლის ფილიალში მუშაობს. სამუშაო საათებმა იმდენად გადააჭარბა დადგენილ დროს რომ მუხრანმა გადაწყვიტა სამსახურში აღარ იაროს. პროტესტს გამოთქვამს სამუშაო პირობების მიმართ და სამსახურში არ მიდის, მაგრამ განცხადებას სამსახურიდან წამოსვლის შესახებ არ წერს. უნდა, რომ იქ დარჩენილ თანამშრომლებს დაეხმაროს და მათი უფლებები დაიცვას.

 

“იმის მერე წამოვალ სამსახურიდან როცა იქ დარჩენილ ბავშვებს დავეხმარები. სრულიად ბატონყმური წყობილებაა! მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ გვიწევს მუშაობა. შესაძლოა ვინმემ ნაგავიც კი გიწოდოს. რა თქმა უნდა, მსგავსი შეურაცხყოფის მოთმენა არავის უნდა და სამსახურიდან მიდის ამის გამო ხალხი. არსებობს მონაცემები, რამდენი ადამიანი წავიდა უკვე. რაც ვინც ვრჩებით, იმათ გვაზარალებს. სრული კადრი არასდროს არ გვყავს და გვიწევს უფრო მეტი მუშაობა. მართალია დამატებითი ცვლისას გვიხდიან, მაგრამ ზეგანაკვეთის აღარ გვინაზღაურებენ. სრული ცვლა მხოლოდ ერთხელ მომიწია, როცა 8 საათი ვიმუშავე, იმის მერე ამდენი სამსახურიდან გაგდებული და წასული ადამიანის გამო 12 საათი ვმუშაობთ,”- ამბობს მუხრანი.

 

მუხრან ცანავას თქმით, ყოველ თვე ხელფასიდან თანხას აჭრიდნენ თვის განმავლობაში გაჩენილი დანაკლისის ასანაზღაურებლად, მაგრამ რეალურად ნავაჭრის დანაკლისი არ ფიქსირდებოდა.

 

“როდესაც თვის განმავლობაში სრულად ნავაჭრის დანაკლისი არის 7%-ზე მეტი, მაშინ აქვთ უფლება რომ ჩამოგვაჭრად ხელფასებიდან თანამშრომლებს ეს 7%, მაგრამ ჩვენ დავიანგარიშეთ და მივხვდით, რომ ამდენი დანაკლისი არასდროს გვქონია. უმეტეს შემთხვევაში გვაჭრიან მაინც დანაკლისის თანხას. მოვითხოვთ, რომ ეს პროცესის იყოს გამჭვირვალე,”- აცხადებს მუხრანი.

 

აღმაშენებლის ფილიალში მიღებული უარის შემდეგ, ქსელის წევრებმა “იოლის” სათაო ოფისში გადაინაცვლეს და მიმართვა აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კასრაძის სახელზე შეიტანეს. “იოლში” აცხადებენ, რომ მოთხოვნებს დადგენილ ვადაში გაეცნობიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მიმართვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში მოთხოვნები არ შესრულდება, სოლიდარობის ქსელის წევრები პროტესტის უფრო მკაცრ ფორმებს მიმართავენ.

 

“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან 13/08/15
“იოლის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობების გამო ჩივიან 13/08/15

მასალების გადაბეჭდვის წესი