ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროში “კაბელების საქმეზე” ბრალდებულები თანამდებობაზე აღადგინეს

12 აგვისტო, 2015 • 1463
თავდაცვის სამინისტროში “კაბელების საქმეზე” ბრალდებულები თანამდებობაზე აღადგინეს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის ბრძანებით თანამდებობებზე აღადგინეს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური და ამავე დეპარტამენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი დავით წიფურია.


რაც შეეხება შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გიზო ღლონტს, სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს დატოვა და მისი სამსახურიდან წასვლა „კაბელების საქმეს“ არ უკავშირდება.


ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა:  

“1. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 

2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 

3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი — ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 

4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 

5. ვინმეს დამნაშავეობა / უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით.


 

 

P.S. ვამატებ ამ პოსტზე გამოთქმული რამდენიმე კომენტარის პასუხად: კიდევ ერთელ ჩემი განსასჯელი არ არის ამ ადამიანების დამნაშავეობა/უდანაშაულობა. ეს სასამართლოს საქმეა. გადაწყვეტილების დადგომამდე მაინც არ არის გამართლებული რომ თავდაცვაზე ხელი მიუწვდებოდეთო. სასამართლომ წინსწარი პატიმრობის შეფარდების დროს სწორედ კანონის ეს დებულება გამოიყენა და თქვა რომ წინასწარი პატიმრობა, იმიტომ რომ მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა, თანამდებობის გამოყენება და ა.შ. როდესაც აღმკვეთ ღონისძიება შეიცვალა სასამართლომ თქვა რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს, ვინაიდან გამოძიება დასრულებულია, მტკიცებულებები ამოღებული, მოწმეები დაკითხული და ა.შ. 

ამიტომ ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას მეგობრებო,”- წერს თინა ხიდაშელი.

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.


დაკავებული იყვნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები: გიზო ღლონტი,  გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია.


“კაბელები საქმეზე” ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდეს. ისინი პატიმრობიდან ივნისში პროკურატურის შუამდგომლობის შედეგად გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი