ახალი ამბები

ისინი ყველას დასცინიან და გვამხიარულებენ – ვისი ხუმრობები მოგწონთ ინტერნეტში?

9 აგვისტო, 2015 • 4303
ისინი ყველას დასცინიან და გვამხიარულებენ – ვისი ხუმრობები მოგწონთ ინტერნეტში?

საქართველოში შედარებით უფრო პოპულარულია Facebook–ზე შექმნილი იუმორისტული გვერდები, რომლებიც ქართული რეალობიდან გამომდინარე ცდილობენ ინტერნეტმომხმარებლის გამხიარულებას. თუმცა, ასევე, არაერთი ქართული ბლოგი არსებობს, რომლებიც ორიგინალური სახუმარო პოსტებით გამოირჩევიან.

 

ნიორი და ჩიტი

საქართველოში პირველი სატირულ–იუმორისტული ბლოგი (ni2news) ქართველმა ბლოგერებმა, დოდი ხარხელმა და საბა ლეკვეიშვილმა 2009 წელს დააარსეს. მათ მალევე რამდენიმე ბლოგერი დაემატა. ისინი ამერიკული The Onion–ის მსგავსად, იუმორისტულ და სადეზინფორმაციო მასალებს აქვეყნებდნენ საზოგადოებრივი, პოლიტიკური, კულტურული და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

ni2.ge გარკვეული მიზეზების გამო მკითხველს დაემშვიდობა. ქართულ ინტერნეტსივრცეში კი გამოჩნდა ახალი და უფრო დახვეწილი დიზაინის იუმორისტული ბლოგი – ჩიტი. ეს ვებ–გვერდი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, იუმორისტულ სადეზინფორმაციო მასალებს დღემდე ავრცელებს და მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი, ასევე, საბა ლეკვეიშვილია.

როგორც საბა ამბობს, მას და მის მეგობრებს ახალი ბლოგის გაკეთების იდეა მაშინ მოუვიდათ, როცა ასეთი სატირულ–იუმორისტული რესურსი საქართველოში აღარ არსებობდა:

“ამიტომ გადავწყიტეთ, რომ მოგვექოქა ახალი, ტექნიკურად უფრო გამართული და კარგად შეფუთული ნიუს საიტი, რომელსაც ექნებოდა ვიდეო კონტენტი და სხვა რუბრიკები. ათასობით მომწონებელი რომ გვყავს, ეგ მგონი ჩვენი კარგი იუმორის დამსახურებაა. ამჟამად საიტს ამუშავებს ერთი ადამიანი და ხანდახან რამდენიმე კონტრიბუტორიც წერს სტატიებს. დღეის მდგომარეობით ყველაზე პოპულარული სტატია სალომე ბარკერს ეკუთვნის, რომელიც გამოუყენებელ საშვილოსნოებს ეხება.”

საბას თქმით, ჩიტი უმეტესად პოლიტიკური სატირას აქვეყნებს და შესაბამისად, ყველაზე აქტუალური სახუმარო თემაც საქართველოში სწორედ პოლიტიკაა. როგორც ბლოგერი ამბობს, ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება და მათი მკითხველიც ნელ–ნელა ეჩვევა ამას: “რელიგიური ნიუსები არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენი მკითხველის უმეტესობა უკვე მიეჩვია, “რომ ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება” და მაინც და მაინც მძაფრი რეაქციები არ აქვთ ხოლმე.”

აუთვისებელი სავარგულების პოლიტიკა გრძელდება!

Posted by ჩიტი on Friday, January 23, 2015

“ჩიტს” საიტის პირველივე გვერდზე მითითებული აქვს, რომ პროექტი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სატირულ–იუმორისტული მიზნებისთვის და მისი ჯგუფი არ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მავანთა მიერ ამ ფაქტის არცოდნას. როგორც ტექსტშია აღნიშნული, ჩიტზე გამოყენებული ყველა სახელი და ფაქტი, გარდა საჯარო პირების სახელებისა, გამოგონილია და დამთხვევა რეალურთან – შემთხვევითობაა.

ჩიტის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდს 70 ათასამდე მომწონებელი ჰყავს. როგორც საბა ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ საიტი უკვე მეოთხე წელია არსებობს, მათ უკვე უჭირთ მკითხველის მოტყუება. მიუხედავად ამისა, ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი მაინც იჯერებს ჩიტის ამბებს, რაც ბლოგერის გაკვირვებას იწვევს.

“რამდენიმე ნიუსი სხვა სააგენტოებმაც გადაბეჭდეს და უფრო მეტმა ადამიანმა დაიჯერა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ლევან ვასაძის ფონდის თუ პირადად მისი პიარის წარმომადგებელი დაგვიკავშირდა, მაგრამ მერე დაიკარგა. რა უნდოდა, არ ვიცით. მეორე შემთხვევა იყო, როცა ბერამ და GDS სტუდიამ გაავრცელეს პრეს–რელიზი, რომ პრეზიდენტისთვის მიძღვნილი ტრეკი ბერას არ ჩაუწერია და ჩიტის მოგონილი იყო,” – ამბობს საბა ლეკვეიშვილი.

კითხვას, თუ რატომ არის სატირა კარგი და ათავისუფლებს თუ არა ის საზოგადოებას დამკვიდრებული დოგმებისგან, ბლოგერი ასევე ხუმრობით პასუხობს: “სატირა კარგია, იმიტომ რომ იუმორი კარგია. ჩვენი იუმორი რას ცვლის, არ ვიცი. თუ ცვლის, კარგია და თუ არა – ჯანდაბას მაგისი თავიც.”

საქართველოში სატირულ–იუმორისტულ თემებზე არაერთი Facebook–ის გვერდი არსებობს. ის გვერდები, რომლებიც წლების წინ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, დღეს უკვე ნაკლებად აქტიურობენ. ერთ–ერთი ასეთი გვერდი, რომელიც ორიგინალური და ინტელექტუალურული ქარდებით გამოირჩეოდა “ასე იტყოდა ზარათუშტრაა”.

 

რატომ პასიურობს ზარათუშტრა?

“ასე იტყოდა ზარათუშტრა” Facebook–ზე 2012 წლის ივნისში ჰერმან საბომ გახსნა. ქარდების იდეა და ხელწერა სწორედ მას ეკუთვნის. ჰერმანს რამდენიმე თანამოაზრე მალევე შეუერთდა, გვერდის მომწონებელთა რაოდენობა კი დღითიდღე იზრდებოდა.

გვერდის ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი, გიორგი ხერგიანი ამბობს, რომ გვერდს სულ 4 ადმინისტრატორი ჰყავს, თუმცა მათ კიდევ ჰქონდათ ჯგუფი,  სადაც 20 ადამიანი იყო გაწევრიანებული. მისი თქმით, ადმინები “ზარათუშტრამდე” ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ:

“იმდენად ორიგინალური იყო სხვა ფეიჯებთან შედარებით, რომ ძალიან პოპულარული გახდა და ჩვენც შევუერთდით, დავმეგობრდით და ერთად დავიწყეთ გვერდზე მუშაობა. ვინც სტაბილურად დებდა კარგ ხუმრობებს, ეგრევე ხვდებოდა ხოლმე ჯგუფში. ძალიან რთულია ვთქვათ, ვისი ქარდები იყო ყველაზე პოპულარული. ჩვენს ჯგუფში ყველას ჰქონდა ერთი ისეთი ქარდი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ზოგჯერ ჰერმანის ქარდი იყო ძალიან აქტუალური და პოპულარული, ზოგჯერ – ჩემი და ზოგჯერ – სხვისი,” – ამბობს ხერგიანი.

მისი თქმით, ინტერნეტმომხმარებლის აღტაცება ინტელექტუალურულმა იუმორმა გამოიწვია. ისევე როგორც საბა ლეკვეიშვილს, “ზარათუშტრას” ბლოგერს და ადმინისტრატორსაც მიაჩნია, რომ ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა:

“როდესაც მაქსიმალურად ამოვწურეთ ყველანაირი თემა, მერე უკვე თვითონ აქტუალურ საკითხებზე ვხუმრობდით. ძალიან ხშირად იყო ისეთი მომენტები, როდესაც რელიგიურ ან ისეთ თემებზე ვხუმრობდით, რომელიც გარკვეულწილად საზოგადოებაში არ იყო მიღებული. თუმცა, ამას იმდენად დიდი მოწონება ჰქონდა, რომ შედარებით ნაკლებად ჩანდა ნეტაგიური კომენტარები. ძირითადად, მაინც ატარებდნენ, იცინოდნენ და ეს ძალიან მოგვწონდა.”

“სახალხო მთქმელი”, როგორც მას Facebook–ზე უწერია, მიიჩნევს, რომ იუმორი ყოველთვის იქნება კარგი, თუ ის ყოველდღიურ რეალობას პასუხობს, ხოლო ინტელექტუალურ თემებზე ხუმრობა ყოველთვის მოეწონება ხალხს: “ახლა ძირითადად ჯაჭვლიანზე, იბიარდზე, ოლიმპიურ ფესტივალზე და მსგავს თემებზე ხუმრობენ. რაც აქტუალურია, იმაზე ხუმრობა უფრო მოწონებადია. რაც შეეხება უფრო ხარისხიან იუმორს – თუ ინტელექტუალურ თემებზე ხუმრობ, ეგ ყოველთვის მოეწონება ხალხს. ასეთი ხუმრობები არ კვდება. გუშინაც სასაცილო იყო და ხვალაც სასაცილო იქნება. ინტელექტუალურ თემებზე თუ კარგად ხუმრობ, მსგავს ხუმრობებს ყავლი არასდროს გასდის.”

ხერგიანი ამბობს, რომ საავტორო უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა ქართულ ინტერნეტსივრცეში და ხუმრობები “ზარათუშტრადანაც” ხშირად მიჰქონდათ წყაროს მითითების გარეშე.

“ჩემს ხუმრობებსაც ძალიან ხშირად იპარავენ ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია, მაგრამ, ძალიან მივესალმები, როცა წყაროს უთითებენ. ჩვენ ეგ წესდება გვქონდა “ასე იტყოდა ზარათუშტრაზე” და ჩემს სხვა გვერდებზეც ასე ვაკეთებ. თუ ვინმეს ხუმრობას ვაქვეყნებ, აუცილებლად ვუთითებ ავტორის ვინაობას. ერთადერთი, რითიც ვცდილობდით საავტორო უფლებების დაცვას, იყო ის, რომ ქარდებზე ვაკეთებდით წარწერას და ყველამ იცოდა, რომ ის ჩვენი გვერდის იყო. მაგრამ, თუ მოპარვა უნდოდათ, ფოტოშოპით შლიდნენ თვითონ. ან ჩვენს ქარდს თვითონ “ქმნიდნენ” ხელახლა. თუმცა, იმდენად პოპულარული იყო ჩვენი ხუმრობები, რომ მაინც ყველამ იცოდა, რომ ხუმრობა ჩვენი გვერდიდან იყო წაღებული. ასე რომ, ამაზე დიდად არ აგვიტკიებია თავი,” – ამბობს გიორგი ხერგიანი.

“ზარა”, როგორც მას გვერდის ადმინები უწოდებენ, ძველებურად ვეღარ აქტიურობს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კიდევ იხილოთ მსგავსი პროექტები. ხერგიანის თქმით, თუ გვერდი ხელახლა “დაიქოქება”, ამას ისევ ის ხალხი გააკეთებს, ვინც “ზარათუშტრას” აქამდე მართავდა:

“გვერდზე ადმინისტრატორების დამატების თემა ძალიან არ მოგვწონს. “პატარა ნიკუშას ისტერიებია” კიდევ ჩემი გვერდი, რომელსაც 35,000 მოწონებამდე აქვს და ძალიან ბევრი მთხოვდა, რომ დამემატებინა ადმინად, თუმცა მე მირჩივნია, მარტო ვმართო გვერდი. “ზარაზეც” არ ვგეგმავთ ვინმეს დამატებას. უბრალოდ, რაღაც მომენტში, შეიძლება ისევ აღვადგინოთ. პრობლემა ის არის, რომ ყველას სამსახური გვაქვს და ქარდების გასაკეთებლად ნაკლებად გვრჩება დრო. თუმცა, როდესაც ვიკრიბებით, იმ დროს თავისუფლად ვიფიქრებთ ქარდებს, რომლებიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ვერ ნახულობენ დღის სინათლეს. რადგან ხუმრობების ძირითადი თემატიკა და რესურსი მაქსიმალურად ამოვწურეთ, ჰერმანთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ “ასე იტყოდა ზარათუშტრა” განვაახლოთ და დავიწყოთ ახლიდან, მაგრამ ჯერ არამგონია.”

გიორგი მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად “ასე იტყოდა ზარათუშტრას” ხუმრობებმა საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც გაუუმჯობესა იუმორის აღქმა: “რა თქმა უნდა, ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ 10 ადამიანი მაინც რომ გამოსულიყო დოგმებიდან, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. შევიკრიბოთ 10 თბილისელი და გამოვიდეთ დოგმებიდან.”

 

იბერია გაბრწყინდება – პარალელური სამყარო

How to survive in Tbilisi კიდევ ერთ Facebook გვერდია, რომლის 2013 წლიდან ინგლისურად გაკეთებული იუმორისტული ქარდებით ამხიარულებდა ინტერნეტმომხმარებელს. გვერდიც სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა სხვებისგან, თუმცა გვერდის ადმინისტრატორი თვლის, რომ სახუმარო ქარდები ამოიწურა და ახლის გაკეთება გახდა საჭირო. ასე დაიწყო “პარალელური სამყაროს” ისტორიაც.

“ჩემს ძველ გვერდზე ამოვწურე ქარდები და გადავწყვიტე რამე ახალი გამეკეთებინა, რაც ჯერჯერობით არ ყოფილა ქართულ გვერდებზე. მინდოდა, რომ ეს გვერდი ყოფილიყო ისეთი, სადაც ხალხი ხუმრობებზე თან იკაიფებდა და თან აიტაცებდა. 3 ადმინისტრატორი ვართ და ხუმრობებს ერთად ვფიქრობთ, თუ არ გვეზარება. დღეს ყველაზე აქტუალური სახუმარო თემებია პოლიტიკა და ეკლესია, თუმცა ინტერნეტმომხმარებელთა უმეტესობას მხოლოდ პოლიტიკაზე ხუმრობები მოსწონს,” – ამბობს გვერდის ადმინისტრატორი.

მისი თქმით, ინტერნეტმომხმარებელს განსაკუთრებით არ მოსწონს, როდესაც ისინი რელიგიაზე ხუმრობენ: “დანარჩენზე პირადად ნუ შეეხები და წერე რაზეც გინდა. მათ, ვისზეც გაგვიკეთებია ქარდი, არასდროს მოუწერიათ ჩვენთვის და არა მგონია, რომ ოდესმე დაგვიკავშირდნენ. ბოროტად იშვიათად ვხუმრობთ, ვცდილობთ ჯანსაღი იუმორით გავართოთ ხალხი.”

“პარალელური სამყაროს” ადმინისტრატორებიც, სხვა გვერდების მსგავსაც, პირადი საკუთრების დაცვას watermark–ით ცდილობენ. გვერდზე ნათარგმნი ან სხვა გვერდებზე გამოქვეყნებული ქარდები არ იდება. ისინი მხოლოდ საკუთარი მომხმარებლის მიერ გაგზავნილ ხუმრობებზე აკეთბენ ქარდებს იმ შემთხვევაში, თუ მოეწონებათ. ხუმრობები გვერდზე საავტორო უფლებების დაცვით ქვეყნდება.

გვერდს ახლა 5 ათასამდე მომწონებელი ჰყავს. როგორც “პარალელური სამყაროს” ადმინისტრატორი ამბობს, მათი ქარდების შეძენით ამიტომ არ დაინტერესებულა ჯერ არავინ: “იმდენი გვერდია ჩვენზე მეტი მომწონებლით, რომ ჩვენთვის მსგავსი არაფერი შემოუთავაზებიათ ჯერ.

 

სარკაზმი – მწვავე ირონია

ერთი წლის განმავლობაში “სარკაზმს” 65 ათაზე მეტი მომწონებელი გამოუჩნდა. გვერდის ადმინისტრატორები აფრთხილებენ გვერდზე შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს, რომ ისინი არ არიან პარტიულები. მათი თქმით, ხუმრობა ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება, ხოლო გვერდის მიზანი – ინდივიდის ან ცხოვრების მანკიერი მხარეების, უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების ღვარძლიანი დაცინვაა.

“გვერდს თავიდანვე და ახლაც ორი ადმინისტრატორი ჰყავს. მეორე ადმინის ხუმრობები უფრო პოპულარულია, რადგან ცდილობს აქტუალურ თემებზე იხუმროს. გასართობი გვერდები ყოველთვის გვქონდა და იმ გვერდებსაც ისევე კარგად ვუვლიდით, როგორც საკრაზმს. ამ გვერდის პოპულარიზაცია იმან გამოიწვია, რომ ვდებთ ხარისხიან პოსტებს, ქარდებს, ფოტოებს და მემეებს. ვცდილობთ, ისეთი პოსტები დავდოთ, როგორიც სხვა გვერდებზე არ მოიპოვება – ექსკლუზიური,” – ამბობს “სარკაზმის” ადმინისტრატორი.

ამ გვერდის ადმინისტრატორები ყველაზე მეტად პოლიტიკასა და რელიგიაზე ხუმრობას ერიდებიან, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, საქართველოში დღეს ყველაზე აქტუალური სწორედ ეს თემებია.

“ახლა ერთანი ეროვნული გამოცდების დროა და ამაზე უფრო მეტად ვხუმრობთ. გემოვნების საკითხია – ნებისმიერი ხუმრობა ვიღაცას შეიძლება მოეწონოს, ვიღაცას – არა. ყველაზე დიდი გაღიზიანება ხალხის მხირდანაც მოჰყვება რელიგიაზე ხუმრობებს. ხშირ შემთხვევაში ხალხის რაღაც ნაწილის სექსუალურ უმცირესობებზე ხუმრობები და სექსისტურ პოსტები აღიზიანებს.”

როგორც გვერდის ადმინისტრატორი ამბობს, ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან მათ ხურმობებს სხვადასხა გვერდებზე, ხოლო თვითონ მაქსიმალურად ცდილობენ საავტორო უფლებების დაცვას: “მე მგონი ამაში ხალხიც დაგვეთანხმება. სხვათაშორის ეს ერთ–ერთი ფაქტორია იმისა, რომ გვერდზე შემოსვლა გსიამოვნებდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიყენებთ უცხურ მასალას, ვთარგმნით, ვუცვლით შინაარს და ვაქვეყნებთ გვერდზე.”

მარკეტინგულად მომგებიანი შემოთავაზება “სარკაზმის” ადმინისტრატორებს მიუღიათ, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ვერავისთან შეთანხმდნენ: “სახუმარო ქარდი არ გაგვიყიდია, მაგრამ სარეკლამოდ გამოგვიყენებია. გარკვეული შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერ ვერავისთან შევთანხმდით. საქართველოში ეს სფერო ჯერჯერობით განუვითარებელი და ჩამოუყალიბებელია.”

სხვა გვერდების მსგავად, “სარკაზმზეც” ხშირად იწერება უკმაყოფილო მომხმარებლის კომენტარებიც.

“ბევრი გვწერს pm–ში, რომ ხუმრობები დაგვიძველდა, თავიდან უფრო კარგად ვმუშაობდით და ა.შ. რა თქმა უნდა, როდესაც გვერდს ქმნი, თავიდან ცდილობ ხალხის სიყვარული მოიპოვო. შესაბამისად, რაც შეიძლება ბევრ და ხარისხაინ ფოტოებს და ხუმრობებს აქვეყნებ. შემდეგში ამ ინტენსივობით აღარ ქვეყნდება ხუმრობები. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის, რადგან გვერდზე ზოგჯერ პასიურობაა და ჩვენც ხალისი გვეკარგება. თან ბოლო დროს იმასაც თუ მივამატებთ, რომ მე ჯარში ვარ, მეორე ადმინი კი დაკავებულია, იშვიათად ვაქვეყნებთ პოსტებს. თუმცა, რაც იდება, ყველა დაგვეთანხმება, რომ განსხვავებული და საინტერესოა. სახუმარო თემები არასდროს ამოიწურება ქვეყანაში, ყოველთვის მოხდება ისეთი რამ, რაც ატუალური გახდება მომავალში. უბრალოდ, ამაზე სახუმარო პოსტების და ფოტოების გაკეთება ზოგჯერ რთულია,” – ამბობს სარკაზმის ადმინისტრატორი.

სხვა გვერდების მსგავსად, “სარკაზმმაც” თავისი  “შვილობილი პროექტი” გააკეთა – “იუმორისტი ლოსი” უკვე რამდენიმე თვეა იუმორისტულ ქარდებს აქვეყნებს და გვერდს 15 ათასამდე მომწონებელი მალევე გამოუჩნდა.

როგორც გვერდის ადმინისტრატორები ამბობენ, მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს ვინაობის გამხელა, თუმცა ურჩევნიათ, რომ სოციალურ ქსელზე მოღვაწეობა ანონიმურად გააგრძელონ: “როდესაც გვერდს ვქმნიდით, შევთანხმდით, რომ არავის არ ეცოდინებოდა ამის შესახებ და დღემდე ასე დაფარულად მოვდივართ. ჩვენი აზრით, ასე უფრო საინტერესოა მუშაობა, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეგობრები და ნაცნობები გიკომენტარებენ. ამ დროის მეც ისეთ პასუხს ვუბრუნებ, რაც მარტო საახლობლო წრემ უნდა იცოდეს. ხანდახან მეც ხო უნდა გავერთო რაღაცით?”

 

ჩეშირის იმპერია– აღადავებული ნახატები

ჩეშირის იმპერიის ადმინისტრატორი გვეუბნება, რომ გვერდის შექმნის მიზანი არ არსებობს. ისინიც აღნიშნავენ, რომ ყველაფერზე ღადაობა შეიძლება და ამისთვის ცნობილი მხატვრების, მათ შორის ნიკო ფიროსმანის ნახატების ფოტოშარჟებს იყენებენ.

გვერდის ადმინისტრატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მასშტაბით იუმორის დეფიციტი საგრძნობია და სურდათ, თავისი ქვეყანაში გაეუმჯობესებინათ ამ მხრივ სიტუაცია: “თუნდაც ორასლაიქიანი წვლილის შეტანა ამ საქმის გამოსწორებაში, არც ისე ურიგო საქმეა. მსგავსი ფორმატი ქართველი აუდიტორიისთვის უცნობი იყო და საწყის ეტაპზე ბევრი (რამდენადაც ბევრი შეიძლება ვუწოდოთ 10 000 ადამიანს) მოწონება ამის დამსახურებაა.”

გვერდს ჰყავს ორი ადმინისტრატორი და პოსტები პარეტოს პრინციპით აქვთ განაწილებული: როდესაც ერთი ადმინი დებს პოსტების 80%–ს, მეორე – 20–ს, მაგრამ ჯამური მოწონებების 80% ამ 20 პროცენტზე მოდის.

“გულის სიღრმეში ერთმანეთის გვშურს, მაგრამ ორივე კმაყოფილი ვართ. შინაარსობრივად ყვეფალერზე ვწერთ, ხშირად – მოთხოვნად თემებზე. რაც აქტუალურია, იმას ხალხი უფრო ადვილად აღიქვამს. სამწუხაროდ. შეზღუდვა თემების მიხედვით არ გვაქვს და ადრე თუ გვიან არ აგვცდება რასისტების, სექსისტების და გადაჯიშებული სოროსისტების სახელი. რელიგიასთან დაკავშირებულ ხუმრობებს, რასაკვირველია, ნეგატიური გამოხმაურება აქვს. თუმცა, ჩვენი პოზიციით, იუმორს რელიგია, რასა, სქესი და რამენაირი სხვა განმასხვავებელი ნიშანი არ უნდა ჰქონდეს. ხუმრობა ხუმრობად უნდა მივიღოთ და არა პირად შეურაცხყოფად. და მაინც, ქრისტუანულ თემატიკაზე უარყოფითი რეაქციის გამო, რამდენიმე ასეთი პოსტი გადადებული გვაქვს,” – ამბობენ ისინი.

“ჩეშირის იმპერიის” პოსტებსაც უკვე იპარავენ სხვადასხვა გვერდები, თუმცა ეს მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც გვერდის ადმინისტრატორები ამბობენ, შესაძლებელია, რომ გვერდმა მათ ფინანსური შემოსავალიც მოუტანოთ:

“იპარავდნენ, იპარავენ და კიდევ მოიპარავენ. ეს ჩვენთვის სირთულეს არ წამორადგენს. არსებობს ჭვირნიშანი (watermark) – პლაგიატის საწინააღმდეგო კარგი საშუალება, რომელზეც უარი ვთქვით. გვერდი არაკომერციულია და თუ ხუმრობა გავრცელდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. ყველაფერი ენთუზიაზმით დაიწყო – ათიათასლაიქიანი “წარმატებით” გახარებულებს კომერციალიზაციის რამდენიმე იდეაც გვქონდა. იყო რეკლამის განთავსების შემოთავაზებაც, რაზეც უარი არ გვითქვამს, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელდა. პოსტებს სინდისის ქენჯნის გარეშე გავყიდით, მაგრამ ეს გვერდის შიგთავსზე რამენარად არ იმოქმედებს. გვერდის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მეტი გავრცელებაა და შემდეგ შეიძლება რეკლამაზე ფიქრიც (მოტივაციისთვის),” – ამბობენ გვერდის ადმინისტრატორები.

“ადმინ, ხუმრობები მოგიძველდათ” – მიუხედავად იმისა, რომ “ჩეშირის იმპერია” რამდენიმე თვეა, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მსგავსი კომენტარები უკვე მათ პოსტებზეც გამოჩნდა:

“ამის შესახებ გვერდის შექმნის მეორე დღიდან წერენ, რასაც, რა თქმა უდნა, არ ვეთანხმებით. დროდადრო შემოქმედებითი კრიზისი გვაწუხებს მხოლოდ. ხუმრობების ამოწურვას რაც შეეხება, გვერდის ფორმატმა, რომლითაც ის შეიქმნა, თავი მართლაც ამოწურა – ხელოვნების ნიმუშები, რომელიც ქართული აუდიტორიისთვის ცნობილია და “ქართულთან” ასოცირდება, არც ისე ბევრია და რეალურად მხოლოდ ფიროსმანის ნახატებით შემოიფარგლება. შესაბამისად, ვეძებთ რეალიზაციის სხვა გზებს და ერთ დღესაც მივაგნებთ. ახლის გაკეთების სირთულეც არ გვაქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც მასობრიობაა – ხუმრობა ბევრს უნდა მოსწონდეს.”

“ჩეშირის იმპერია” ადმინისტრატორებიც ანონიმურად ამჯობინებენ მოღვაწეობას. მათი თქმით, ვინაობის გამხელა რაიმე სირთულეს ჩვენთვის წარმოადგენს არ წარმოადგენს: “სინამდვილეში თავს ვიზღვევთ. გვერდი თუ ჩაფლავდა,  მერე რომ არ შეგვრცხვეს.”

 

მაღალიციცო – კაცია თუ ქალი?

თითქმის სამი კვირაა Facebook–ზე ანონიმური ბლოგერი, მაღალიციცო გამოჩნდა. ახლადშექმნილ იუმორისტულ გვერდი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებზე რეტრო ფოტოებით ხუმრობს. ეს საქმე ანონიმურ ბლოგერს იმდენად კარგად გამოსდის, რომ გვერდს 20 ათასზე მეტი მომწონებელი რამდენიმე დღეში გამოუჩნდა და ყველას ერთი რამ აინტერესებს – ვინ არის მაღალი ციცო?

“გვერდს მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი ჰყავს. არ ვაპირებ, რომ ვიღაც შემოვიერთო და დავიხმარო, იმიტომ, რომ მარტოც ვუმკლავდები და არ მიჭირს ამის გაკეთება. ძალიან სპონტანურად  გავაკეთე გვერდი. არც მცდელობა და არც იდეა არ ყოფილა იმის, რომ გვერდი შემექმნა. ფეისბუკზე ყველა რაღაცას აზიარებს. მე მირჩევნია, ფოტოები გამოვაქვეყნო და რაღაც ემოცია გამოვხატო. ზოგი ლექსს წერს, ზოგი – სტატუსს, ზოგი – სიმღერებს აზიარებს. მე უბრალოდ ფოტოებს ვაკეთებდი და ვდებდი ჩემთან. მერე ვნახე, რომ ჩემს მეგობრებს მოსწონდათ და რაღაც განწყობაც მოჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ბევრი ფოტოთი არ შემეწუხებინა, გადავწყვიტე, ცალკე გვერდი გამეკეთებინა, სადაც დავდებდი ამ ფოტოებს,” – ამბობს “მაღალიციცოს” ადმინისტრატორი.

მისი თქმით, გვერდის სახელის მოფიქრებაც ძალიან სპონტანურად მოხდა და ამის ინსპირაცია ბებია იყო:

“მინდოდა ისეთი სახელი დამერქმია გვერდისთვის, რომელიც გამორჩეული იქნებოდა და ყურადღებას მიიქცევდა. ძალიან შემთხვევით, გამახსენდა ბებიაჩის ბიძაშვილი, რომელსაც ციცო ქვია და ბებიაჩემი მაღალ ციცოდ მოიხსენიებს. ეს იყო ინსპირაცია და გვერდის სახელის მოფიქრებაც ძალიან სპონტანურად მოხდა.”

ანონიმური ბლოგერს თავადაც უკვირს, რომ ასეთ მოკლე დროში ათასობით ადამიანის მოწონება დაიმსახურა მისმა გვერდმა. მისი თქმით, ხალხის აღტაცება ალბათ პოზიტიურმა და მსუბუქმა იუმორმა განაპირობა.

“მეორე დღესვე შევედი ფეისბუკზე და ვნახე, რომ გვერდს 1000 ლაიქი ჰქონდა. თან, თითქმის არავინ იცოდა გვერდის შესახებ. მხოლოდ რამდენიმე ახლობელს ვუთხარი, რომ ჩემი გვერდი იყო. აქედან დაიწყო ყველაფერი. ალბათ, ამდენი მოწონება იმან განაპირობა, რომ შედარებით პოზიტიური და მსუბუქი იუმორია. არ არის იქ დაცინვა და შეურაცხყოფა. ყოველ შემთხვევაში, ეს გვერდი არ ცდილობს იმას, რომ ვიღაცას ავნოს ან რაღაც არასასიამოვნო განწყობა დაუტოვოს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი პოზიტიურად, ზომიერების ფარგლებში გაკეთდეს და არ იყოს ვინმეს შეურაცხმყოფელი. გაზიარებების მხრივ და მოწონებების მხრივ ძალიან პოპულარული გახდა მანანა არჩვაძე–გამსახურდიას “პატარაობის ფოტო”, სადაც თეთრეულშია ბავშვი გამოხვეული; “სხვა შუა დღე”, სადაც ხუთი ქალი ზის ერთი სახით. კიდევ ბევრია, მაგრამ ეგ ორი გამახსენდა ახლა. უხეშად რომ ვთქვათ, ამ ფოტოების გაზიარებებმა და მოწონებებმა უფრო მოიყვანა გვერდზე ხალხი,” – ამბობს ბლოგერი.

ნინო ბურჯანაძერაგოზინთან შეხვედრის მოლოდინშიდუმა

Posted by მაღალიციცო on Wednesday, July 29, 2015

როგორც “მაღალიციცოს” ადმინისტრატორი ამბობს, სამომავლოდ ის მაქსიმალურად ეცდება, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს გვერდი. ბლოგერს არ უნდა, რომ ერთი ნიშა დაიკავოს და ხალხმა იფიქროს, თითქოს “მაღალიციცოს” მხოლოდ ფოტოების დასათაურება შეუძლია:

“ასოციაცია – ასეთი რუბრიკის მცდელობაც მაქვს. ამ რუბრიკაში რომელიმე საგანს ვაკავშირებ პოპულარულ ადამიანთან. მაგალითად, ერთ–ერთი ასეთი ფოტო არის ბესელიას ბათინკები. ყველა ხუმრობას თავისი მომხმარებელი ჰყავს. რა თქმა უნდა, უმეტესად მოსწონთ ისეთი ადამიანის ფოტოები, რომლებიც არიან ძალიან პოპულარულები და სკანდალურები.”

ფოტოების უმეტესობას თავად ის ადამიანებიც ეხმაურებიან, ვისზეც “ციცო” ხუმრობს. თავად ბლოგერი არ უკვირდება ამას, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ მათაც ძალიან მოეწონათ ხუმრობები.

“ვისზეც ვხუმრობ, ამ ადამიანების ოჯახის წევრებიც მწერენ და მადლობას მიხდიან. ნეგატიური შეტყობინება მართლა არ მომსვლია. უბრალოდ, ხანდახან არის გაუგებრობა – ზოგს ჰგონია, რომ გივი სიხარულიძე მართლა 1907 წელს დაიბადა და ვერ ხვდებიან, რომ “მაღალიციცო” ხუმრობს. რადგანაც ჩემი გვერდია, ამიტომ არ ვამბობ. უბრალოდ, ნეგატიური კომენტარი მე არ მინახავს.  ალბათ, იქნება ნეგატიური გამოხმაურებებიც და ასეც რომ არ იყოს, ეგ უფრო უინტერესო იქნება,” – ამბობს ანონიმური ბლოგერი.

მისი თქმით, უკვე შესთავაზე სრამდენიმე პროექტში მონაწილეობა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთს განიხილავს. როგორც თავად ამბობს, შეიძლება “მაღალიციცო” მალე ერთ–ერთ ინტერნეტჟურნალში საკუთარი სვეტით გამოჩნდეს:

“პრინციპში, 70%–ით გადაწყვეტილია, რომ დავთანხმდები. ეს არის ერთ–ერთი ინტერნეტჟურნალი, სადაც გაკეთდება მაღალი ციცოს სვეტი. სხვა საიტებიდანაც იყო დაინტერესება, მაგრამ ის საიტები ჩემთვის არ აღმოჩნდა საინტერესო, ან არ არის პოპულარული და არაფერ შუაში იმასთან, რაცას ვაკეთებ. ჰოროსკოპების საიტიდანაც დამიკავშირდნენ, მაგრამ ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა დამედო იმ ვებ–გვერდზე. ინტერნეტჟურნალში გადასვლის შემდეგ, ფეისბუკის გვერდი დარჩება და იგივე დატვირთვით იმუშავებს. ახლა აგვისტოა, შვებულებები აქვს ხალხს და ნაკლები წვდომაა სოციალურ ქსელთან. დარწმუნებული ვარ, სექტემბრიდან უფრო “დაიქოქება” გვერდი. მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავაფართოვო იუმორის არეალი და მრავალფეროვანი გავხადო. ერთი თემა მოსაბეზრებელია; ეს ერთხელ და ორჯერ შეიძლება მოეწონოს ხალხს. ვეცდები, რომ ახალი რუბრიკები შევთავაზო გვერდის მომხმარებელს და ვნახოთ, რა გამოვა.”

როგორც ბლოგერი ამბობს, “მაღალიციცოს” ადმინისტრატორის ვინაობა გასაიდუმლოებული დარჩება, თუმცა თავიდან მისი თვითმიზანი არ ყოფილა ანონიმურად მოღვაწეობა: “როგორც ჩანს, სახელი ისე მოქმედებს ხალხზე, რომ ეს მათ ინტერესს უფრო მეტად იწვევს – ვინ არის მაღალი ციცო? ზოგი ფიქრობს, კაცია, ზოგი ფიქრობს – ქალია. ვფიქრობ, ასე უფრო საინტერესოა მოღვაწეობა. უფრო მეტი მოწონებაც აქვს იმას, რომ არავინ იცის, ვინ დგას “მაღალიციცოს” უკან.”

 

 

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რომელი სატირულ–იუმორისტული გვერდები მოსწონთ ყველაზე მეტად მკითხველებს. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია ჩამოთვალითაგან ერთ გვერდს მისცეს ხმა, ან თვითონ დაამატოს პასუხებში ის სატირულ–იუმორისტული გვერდი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს.

http://poll.fm/5d9s7 


მასალების გადაბეჭდვის წესი