ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ დღეს თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ბიზნესმენის ადვოკატებმა განაცხადეს.

ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა.

 

“2006 წლის დეკემბერში ხელისუფლების ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2″-ის წილი დაათმობინეს,” – აცხადებენ ადვოკატები. მათივე თქმით, დათმობილი წილის დაბრუნების მოთხოვნამ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანაა ააამუშავა: “2007 წლიდან დაიწყო მისი დევნა, განხორციელდა შეტევები მისი ყველა ბიზნესის მიმართ, უხეში ძალადობით მოხდა შეჭრა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში”…


ქიბარ ხალვაშმა ოჯახთან ერთად გერმანიას შეაფარა თავი, სადაც მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.


“ეს იყო პირველი შემთხევვა, როდესაც ქართველი ბიზნესმენი დასავლეთმა პოლირიკურ დევნილად აღიარა, რუსთავი 2-ის იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებული მოვლენები კი იყო მთავარი არგუმენტი, რაც ქიბარ ხალვაშისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის საფუძველი გახდა,” – აცხადებს ხალვაშის ადვოკატი.


პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს მიმართა საქართველოს პროკურატურას რუსთავი 2-ის იძულებით ჩამორთმევის საქმის გამოძიების მოთხოვნით, ხოლო შემდეგ იგივე მოითხოვა 2012 წლის შემდეგ, როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ქართულმა ოცნებმა შეცვალა.


“ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და რუსთავი 2-ის ნომინალური მეწილეების, მოძალადეების მფარველობაში, რადგან ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი მეპატრონის უფლებების დაცვა.


4 აგვისტოს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება,” – აცხადებს სალია.

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გიორგი დიასამიძე