ახალი ამბები

საბჭოთა კავშირის მკვლევარი რობერტ კონქუესტი გარდაიცვალა

5 აგვისტო, 2015 • • 1513
საბჭოთა კავშირის მკვლევარი რობერტ კონქუესტი გარდაიცვალა

The Telegraph-ი მას იხსენებს, როგორც კარგ პოლემიკოსსა და პოეტს, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ის იყო ისტორიკოსი და თავისი დროის საუკეთესო მკვლევარი, რომლის წიგნებმაც შეცვალა დასავლეთის შეხედულება კომუნისტური რეჟიმის მიმართ.

 

The Telegraph იხსენებს იმას, რომ კონქუესტი ახალგაზრდობაში თავად იყო ბოლშევიკი და კომუნისტური პარტიის მომხრე, თუმცა იგი მის მოწინააღმდეგედ იქცა. კონქუესტი საბჭოთა კავშირს პირველად 1937 წელს ესტუმრა.

 

The New York Times-ი წერს, რომ კონქუესტმა საბჭოთა კავშირის შესწავლა 1950-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის ანალიზის დეპარტამენტში მუშაობდა. ამ ნახევრად დახურული სამსახურის მიზანი საბჭოთა პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. 

 

კონქუესტმა გამოიკვლია სტალინური რეპრესიები, შიმშილობა უკრაინაში 1930-იან წლებში. მან 1960 წელს დაწერა წიგნი “ძალაუფლება და პოლიტიკა საბჭოთა კავშირში”, რომელმაც დაუმკვიდრა სახელი, როგორც საბჭოთა კავშირის წამყვან მკვლევარს.

 

რვა წლის შემდეგ, “პრაღის გაზაფხულის” დროს მან გამოაქვეყნა წიგნი “დიდი ტერორი: სტალინური წმენდა 1930-იან წლებში”, რომელშიც აღწერილია სტალინის დაუნდობელი ქმედებების მოაზროვნეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამხედრო ლიდერების მიმართ.

 

წიგნი “მწუხარების მოსავალი: საბჭოთა კოლექტივიზაცია და შიმშილის ტერორი”, ასახავს სტალინის მითითებით მოსავლის წართმევას უკრაინელი ფერმერებისთვის.

 

რობერტ კონქუესტი 1917 წლის 15 ივლისს დიდ ბრიტანეთში, დიდ მალვერნსი დაიბადა.

რობერტ კონქუესტი თავის კაბინეტში 2010 წელი. ფოტოს ავტორი (C): Linda A. Cicero/Stanford News Service
რობერტ კონქუესტი თავის კაბინეტში 2010 წელი. ფოტოს ავტორი (C): Linda A. Cicero/Stanford News Service

მასალების გადაბეჭდვის წესი