გუდაუთის ქუჩაზე დამწვარ საწყობში მაშველებმა 2 ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუდაუთის ქუჩაზე დამწვარ საღებავების საწყობში მაშველებმა 2 ცხედარი იპოვეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საწყობის დაკარგულ თანამშრომლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხედრები მთლიანად დამწვარია და დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ საწყობის თანამშრომლებმა მიაწოდეს. სააგენტოს ცნობით, დაკარგული ადამიანების ძებნა ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში დაიწყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საწყობის თანამშრომლები და დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები ადგილზე იყვნენ. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, სამართალდამცავებს დაღუპულთა ოჯახის წევრებმაც უთხრეს, რომ ხანძრის დროს ეს ორი ადამიანი შენობაში უნდა ყოფილიყო.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესამსახურის ინფორმაციით, გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომელი.

 

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურმა განგვიცხადა, 4 დაშავებული სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მათი ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამს სხეულის შედარებით უფრო მძიმე დამწრობები აღენიშნება.

 

”გარდა ამისა, მე-5 დაშავებული იყო მაშველი, რომელსაც ბოლის ინტოკსიკაცია ჰქონდა და ადგილზე აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. პირველი სამი დაშავებული იყო მძიმე მდგომარეობით გადაყვანილი,” – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია გედენიძემ.


გედენიძის ცნობით, სახანძროს თანამშრომელს სახის არეში აქვს მიღებული დამწვრობა. მისი თქმით, მეხანძრე თვალის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.

 

დღეს, 4 აგვისტოს, თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გუდაუთის ქუჩაზე ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. ძლიერი ცეცხლის ჩაქრობას 14-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და ერთი ვერტმფრენი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.

 

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი
ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გიორგი დიასამიძე