ახალი ამბები

NGO-ები “პანორამა-თბილისის” საქმეზე: სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება ვერ დაიცვა

31 ივლისი, 2015 • • 2104
NGO-ები “პანორამა-თბილისის” საქმეზე: სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება ვერ დაიცვა

მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც საქართველოს სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა, მიაჩნიათ ორგანიზაციებს 

 

მათი შეფასებით, სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. 

 

საია-ს, იდენტობის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მწვანე ალტერნატივის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება შეეხება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიერ სლოგანის “პანორამა არა ყლე!!!” წვრილმან ხულინგნობად შეფასება.

 

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩაატაროს საჯარო სივრცეში გამოთქმული აზრებისა და სიტყვების (ფრაზების) წმენდა იმ მიზნით, რომ მხოლოდ გემოვნებიანი ან საზოგადოებისათვის მისაღები გამონათქვამები იყოს გაჟღერებული, ვინაიდან, ის, რაც ერთი ადამიანისათვის შეიძლება ვულგარული იყოს, სხვისთვის შესაძლოა ჩვეულებრივ გამონათქვამს წარმოადგენდეს.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

 

არასამთავრობოების განმარტებით, აღნიშნული სლოგანი გამოიყენეს მშვიდობიანი აქციის პირობებში, რომელიც აპროტესტებდა სახელმწიფოს მოქმედებას და ეს სლოგანი გამოყენებული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული მწვავე პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რაც ვერ ჩაითვლება უხამსობად და მოქალაქეთა დასჯის კანონიერ საფუძვლად.

 

არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ კონკრეტულ ადრესატ პირზე, რომლის პატივი და ღირსება შეიძლება შელახულიყო მსგავსი გამოხატვით.

 

“მსგავსი სუბიექტი არც არსებობდა, რადგან პროტესტი კონკრეტული პროექტის და არა ადამიანის მიმართ იყო. შესაბამისად, უხამსობის შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც პირებს შორის შესაძლო ძალადობრივი ქმედების პრევენციაა, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს”, – განმარტავენ ორგანიზაციები.

 

2015 წლის 19 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკრებულოს შენობასთან გამართული აქციის – ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული 10 პირის საქმეზე. პოლიციელების მიერ რვა დაკავებულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო 2 დაკავებულის მიმართ 166-ე მუხლთან ერთად, ოქმის შედგენა განხორციელდა 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 პირის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო,  ხოლო 7 პირის ქმედება შეფასდა წვრილმან ხულიგნობად და დაეკისრათ ჯარიმის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

ამ ჩემს პანორამას- ამ წარწერით მაისურებს დღეს აქციაზე გაყიდიან
ამ ჩემს პანორამას- ამ წარწერით მაისურებს დღეს აქციაზე გაყიდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი