ახალი ამბები

“რუსთავი 2” ბათუმისა და ფოთის მერიებისგან კონცერტის გამართვის ნებართვაზე პასუხს ელის

29 ივლისი, 2015 • • 1946
“რუსთავი 2” ბათუმისა და ფოთის მერიებისგან კონცერტის გამართვის ნებართვაზე პასუხს ელის

ფოთის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, “რუსთავი 2”-მა კვლავ მიმართა ფოთის მერიას 9 აგვისტოს ქალაქში კონცერტის ჩატარების მოთხოვნით. მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერია მომავალ კვირას განიხილავს “რუსთავი 2”-ის წინადადებას.

 

მერიის პრესსასამსახურის ცნობით, 9 აგვისტოს არც ერთი ღონისძიება ფოთის ცენტრალურ პარკში არ არის დანიშნული.

 

რაც შეეხება უარს, “რუსთავი 2”-ს  რომ ჩაეტარებინა კონცერტი “რუსთავი 2 შენთვის” 2 აგვისტოს ფოთის ცენტრალურ პარკში, მერიაში აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ დანიშნა მერიამ კონცერტი.

“თვითონ მოითხოვეს, რომ ისეთ ადგილას გვინდა ღონისძების ჩატარება, სადაც გზა გადასაკეტი არ იქნებაო. თან დროს 15 საათიდან 24 საათამდე ითხოვდნენ. სხვა ასეთი შემოკავებული ფართი ფოთში არ არის. ეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია”, – ამბობს ანა კილასონია, ფოთის მერიის პრესსამსახური.

 

ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ ცენტრალური მოედანზე, სადაც “რუსთავი 2”-ს კონცერტის გამართვა 18 ივლისს სურდა, მიმდინარეობს ავტომობილბის გადაადგილება, იმ ფონზე, როდესაც მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება.

 

“ამ ეტაპზე, დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისთვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, – წერია მერიის საპასუხო განცხადებაში.

 

კითხვაზე, რატომ არ შესთავაზა მერიამ ალტერნატიული ფართი, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ორგანიზატორებმა წერილში კონკრეტულად ცენტრალური მოედანი მიუთითეს.

 

ქალაქ ბათუმის მერიიდან, სადაც “რუსთავი 2” ასევე ითხოვს კონცერის ჩატარების უფლებას,  გვითხრეს, რომ რუსთავი 2-მა მათ მიმართა წერილობით და ტელევიზიას პასუხს “დღეს ან ხვალ” გასცემენ.

 

„რუსთავი 2“ -იდან ნამდვილად შემოსულია წერილი ნებართვის თხოვნით და დღეს ან ხვალ „რუსთავი 2“-ს მიეწოდება ჩვენგან შესაბამისი წერილი, თანხმობის ან უარყოფის შემთხვევაში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ თეკლა ჩიჩუამ, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.

 

ჩიჩუას თქმით, „რუსთავი 2“ კონცერტის ჩატარებას ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ითხოვს. კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ამ ტერიტორიაზე სხვა სახის ღონისძიება პირველ აგვისტოს, თეკლა ჩიჩუა იმეორებს, რომ დღეს ან ხვალ მიაწვდიან ტელეკომპანიას ინფორმაციას:

 

„თუ ჩატარდება, ესეც გეცოდინებათ, თუ არ ჩატარდება – რატომ არ ტარდება – ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას“. ბათუმის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ივენთ კალენდარში“ 1 აგვისტოს ბათუმის ანბანის კოშკთან არც ერთი ღონისძიება არ არის ჩანიშნული.

 

რუსთავი2–ს სურდა, რომ ტელეკომპანიის ორგანიზებული კონცერტი ქუთაისში – 18 ივლისს, 2 აგვისტოს კი ფოთში ჩატარებულიყო. ხოლო ბათუმში კონცერტის ჩატარებას მერიის დადებითი პასუხის შეთხვევაში 1 აგვისტოს გეგმავს.

 

აქცია სახელმწოდებით “რუსთა ვი2 შენთვის” დაახლეობით ერთი თვის წინ გორის კონცერტით დაიწყო, სადაც კომედი შოუს და გამოუვალი მგდომარების მოსასმენად ცენტრალურ მოედანზე მსმენელები მივიდნენ

 

“რუსთავი 2” მიიჩნევს, რომ მერიები მიზანმიმართულად უშლის ხელს “რუსთავი 2”-ს კონცერტის ჩატარებაში.  

რუსთავი 2
რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი