ახალი ამბები

1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფები ძვირდება

23 ივლისი, 2015 • • 1789
1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფები ძვირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე ენერგო პრო ჯორჯიასთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა. აღნიშნული კომპანიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში 24 აპრილს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისთვის ელექტროენეგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.

 

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება მხოლოდ ენერგო პრო ჯორჯიას აბონენტებს შეეხება. ახალი ტარიფი მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.


ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის მაჩვენებელი:


დანახარჯი|სამომხმარებლო ტარიფი 2015 წლის 31 ივლისამდე 2015 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ტარიფი გაიზარდა

0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველების მქონე

9,0034 თეთრი 12,95 თეთრი 3,95 თეთრი
100-300 კვტ.სთ 12,98 თეთრი 16,93 თეთრი 3,95 თეთრი
300+ კვტ.სთ 17,5 თეთრი 21,45 თეთრი 3,95 თეთრი


სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფის გაზრდა დაკავშირებულია ორ კომპონენტთან, რომელიც დოლარის კურსის ზრდაზეა დამოკიდებული.


მილორავას თქმით, ელექტროენერგიის წარმოებისთვის საჭირო გაზის საფასური თბოელექტროსადგურებს დოლარის კურსის ცვლილების გამო გაეზარდათ. მეორე ფაქტორი, სემეკის თამჯდომარის განმარტებით, იმპორტირებული ელექტროენერგიაა, რომლის ღირებულებამაც დოლარის კურსის ცვლილების გამო გაძვირდა.


ირინა მილორავას განმარტებით, სემეკმა მიიღო სამართლიანი ტარიფი, რომელიც განაპირობეს ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებას.


სხდომას ასევე ესწრებოდა “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელი მიხეილ ბოცვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ სემეკის ამ ნაბიჯით შესაძლებელია იქნება ზამთრის პერიოდის გადატანა გრაფიკის გარეშე, თუმცა ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 4.8 თეთრით უნდა გაეძვირებინა სემეკს.


“ჩვენი გათვლით 2015 წლის ჭრილში, როდესაც დასრულდება 2015 წელი, ჩვენ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ზრდა ჩვენი პროგნოზით მოსალოდნელია 4.8 თეთრით. სამწუხაროდ, ისევ ვერ შევჯერდით. კომპანია კიდევ ადასტურებს, თუ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 4.8-თეთრიანი ზრდა მოგვიწია რეალურად, ისევ სარეაბილიტაციო სახსრების მიმართვა უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვაზე და ხარისხი შეიძლება ისევ ვერ გავაუმჯობესოთ. გაივლის ეს 5 თვე და ვნახოთ რა დაჯდება. ღმერთმა ქნას, ჩავეტიოთ ზრდაში”, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძე.


აღნიშნულ გადაწყვეტლებას წინ უძღვოდა ის ფაქტი, რომ გუშინ, 22 ივლისს სემეკმა სამ კომპანიას ელექტროწარმოების ტარიფი გაუძვირა.


გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანია “ჯიფაუერს” 7.5 თეთრამდე, კომპანიას “მტკვარი ენერგეტიკას” [იგივე მეცხრე ბლოკს] -10.8 თეთრამდე გაეზარდა, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას კი, 10.1 თეთრით გაეზარდა ტარიფი. ძველი ტარიფით, “ჯიფაუერი” -7.3 თეთრს იხდიდა, “მტკვარი ენერგეტიკა” -7.2-ს და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია – 7.3 თეთრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი