ომბუდსმენი: პოლიციის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტები გახშირდა

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ხელშეშლის ფაქტები გახშირდა, რასაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან სასწრაფო ყურადღება სჭირდება.

ომბუდსმენი დღეს განცხადებით გამოეხმაურა “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციასა და აქციის Stop Russia მონაწილეების დაკავების ფაქტებს.

 

18 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ორგანიზებული აქციის (Stop Russia) დაწყებამდე, პოლიციელებმა დააკავეს მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი, „ტაბულას“ პროდიუსერი ალექსი მაჭავარიანი იმ მიზეზით, რომ მაჭავარიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, სასცენო მოწყობილობით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყვანა.

 

ომბუდსმენის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სატვირთო ავტომანქანის მიერ ქვეითთა სავალ ნაწილზე მოძრაობის ხელშეშლა ან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი.

 

აქცია თბილისში, საკრებულოს წინ
აქცია თბილისში, საკრებულოს წინ 'პანორამა თბილისის' წინააღმდეგ. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე. 19.07.2015

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პოლიცია, რომელიც მართლწესრიგის დაცვისკენაა მიმართული, პირველ რიგში, თავად უნდა იძლეოდეს კანონშესაბამისობის მაგალითს. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენდა ალექსი მაჭავარიანის მიერ ნათქვამი ფრაზა – „სამარცხვინო პოლიცია“.

 

სამწუხაროა, რომ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით პოლიციამ მისი საქმიანობის კრიტიკული შეფასება  – „სამარცხვინო პოლიცია“ – წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია, რითაც უკიდურესად დაავიწროვა სიტყვის თავისუფლების ფარგლები. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პოლიციის სამომავლო საქმიანობაზე, აცხადებს სახალხო დამცველი.

 

რაც შეეხება “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმართულ 19 ივლისის აქციას, ომბუდსმენის განმარტებით, “პანორამა თბილისის” პროექტის კაცის პენისთან შედარება აღნიშნულ კონტექსტში არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღევა.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ამ კონტექსტში სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს შესაძლებლად, თუ საქმე ეხება პირისპირ შეურაცხყოფას ან უხამსობას. გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ის არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი განმარტავს, რომ აღნიშნული პლაკატი არ წარმოადგენდა უხამსობას, რადგან გაკეთებული იყო საზოგადოებრივი პროტესტის ჭრილში და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულება გააჩნდა.

 

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ყველასათვის, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები ნაკარნახევი უნდა იყოს მხოლოდ კანონით და ემსახურებოდეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას.

 

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ სასამართლოს ამ საქმეზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე, და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მიშა მეფარიშვილი