ღარიბაშვილი: VLAP-ის ფარგლებში ჩვენ პრაქტიკულად ყველა ვალდებულება შევასრულეთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის დასრულება. მე ბატონ ტუსკს მოვახსენე, რომ მთელი მთავრობა მოტივირებულია იმისთვის, რომ პირნათლად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს ნაკისრი გვქვს ვიზალიბერალიზაციის გეგმის ფარგლებში. მე ბატონ ტუსკს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტცია და გეგმა მიმდინაროებს წარმატებით. ჩვენ არავითარი ჩამორჩენა არ გვაქვს. ასევე DCFTA-ის ნაწილში ჩვენ მივყვებით მოცემულ გეგმას. VLAP-ის, სავიზო რეჟიმის გამარტივების ფარგლებში ჩვენ ასევე წინ მივდივართ და პრაქტიკულად ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ. ჩვენ გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევრკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, იმავე VLAP-ში განსაზღვრულია ნიშნულები (benchmarks), რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა მისმა  მოქალაქეებმა შეძლონ მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა. ასეთი სულ 15 ნიშნულია. VLAP-ის პირველი ფაზა ზემოხსენებული ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა, ხოლო მეორე ფაზაში ევროკომისია ამოწმებს, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები. ევროკომისიის მე-3 ანგარიშის მიხედვით, 15-დან შვიდი ნიშნული საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებულიმორიგი ანგარიში მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გამოქვეყნდება.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


დათო ქოქოშვილი